მარტის თოვლი (არხოტზე)
არხოტზე ,,ქალი" მოდის ლიანით.
ჩანს მარდი დოვლი ქორიან მთების...
ვან გოგი... კალო... მოდილიანი...-
და მარტის თოვლის კორიანტელი...
წუხს დაშვებული ფერის საშვები.
და ზამთრის ნისლში ჩაძინებულნი,
ისე ქრებიან პეიზაჟები-
წყეულნი... უცხო... და ჩინებულნი,
-ვით გაქცულნი ქორწილებიდან...
-როგორც ზაფხულში აბრა ხუნდება...
-ვითარცა ასის ქორჭილები და
ნაცნობი ,,ფეხის აბრახუნება"...
დაზრობავ, ო, რად იგარეთები,
რომ შეიშალოს ლამის სატანაც?!
რად გხიბლავს თოვლის სიგარეტები
და უძლეველი ამის ატანა!
-ან როგორ კივის ქარი კატურად?!
(რომ ჰყვება, თითქოს, ორბის ფრთები თან...)
-თუნდ გაზაფხულის კარიკატურა,
დუმს, როცა, მიწის ორბიტებიდან?!
...არხოტზე ,,ქალი" მოდის ლიანით.
ჩანს მარდი დოვლი ქორიან მთების!
ვან გოგი... კალო... მოდილიანი...-
და მარტის თოვლის კორიანტელი...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი