წერილი ბედისწერას
(მინდა, ჩემივე ხმა ექომ ფაროს...)
ასგზის ,,ჩავიკითხე" სხაპასხუპით,
ხოდა ბოლო გზავნილს, მეგობარო,
ვეღარ ვუპასუხე- საპასუხო!
გავხდი ,,ნაწერების" მომკელი,- მით
მკლავდა თითო ფრაზის ავი კუთხე
და მეც სერიული ,,მომკვლელივით",
ალბათ მეათასედ ,,ჩავიკითხე"!
იქნებ, მოგიბირო, ო, ნებით და
(გარეთ თებერვლის თვის ეზო დნება...)
ჩემს წინ, თაბახები, გონებიდან
აზრებს გვამებივით ეზიდება...-
სხეულს გზა აცვია და სულს- ლეში...
(ჩემის, ვისი ითმენს, გარდა, მაგდენს...)
ასგზის, მარად ღია სასულეში,
წერამ, კვამლივით მეც გადამაგდე
და ამოხველებით გულს იწყალებ,
როგორც შეწირული საბატკანე!
ასეთ ცოდვილიანს თუ იწყალებ,-
,,ილი, ილი! ლიმა საბაქთანი?"*...
დამრჩა უღიმილო, იარაღად.
ყრია მოწყვეტილი იმედები...
თუმცა, ბედისწერა კიარა და
ზოგჯერ მოძღვრებიც კი გვიმეტებენ.
არა- სევდის გემებს! არა- ტივებს!
უდანაშაულო დამნაშავის,
მთრგუნავს ეს პოზა და ნარატივებს
ვებრძვი უგულოდ და დამაშვრალი.
მიდი, ხელი მხარზე ,,მომაბჯინე"-
(ჩემით-
მოვიშორე მოლიბრები...)
ახლა ისევ ვდგავარ მოაჯირზე,
როგორც უშიშარი კოლიბრები!
ალბათ იქირქილებ- მე რომ არო...
ისევ შეჩერდები, ოი, ნებით...
ხოდა, შენ ტლანქი ხარ, მეგობარო,
შენი გამაძღარი ოინებით!
(მინდა, ჩემივე ხმა ექომ ფაროს...)
თამთა მუმლაძე ✏
*,,ილი, ილი! ლიმა საბაქთანი?"-
,,ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევებ მე?"ებრ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი