წერილი ნერუს (პასუხის პასუხი...)
● ჩემო მეგობარო, ჩემო ნერუ! იცი?- გავილუმპე, კარგადა ვარ! (ნეტავ, ვინმე დადის ჩემნაირი, ვინც, რომ შლეგ წვიმაში კარს გადავა?!) მსგავსი- ტანმორჩილი, ღია გამის,- ვარგე გასაღები ,,ჟღალტანიანს*"... თაღზე აღარ ჩანდა იაკამი, ნერუ, მთელი დღეა ჟალტამია! ქარი ეზიდება რიქშის დგანდგარს. კედელსაშოლტილი ხავსები ვით,- ისე ასოები რიგში დგანან, თეთრთან კეკლუცობენ ხასებივით! როგორც გაზაფხულის თოთო სეტყვა, მიწას, გამხმარს და მის სიგრძე ქანებს ავსებს, მეგობარო, თითო სიტყვა მავსებს, ვხვდები, გავისიგრძეგანე! ხოდა შევუდგები წინდებულით... იქნებ რიგი აზრებს გადაედოს! და ფრთამ*, როგორც ხილი წუნდებული, თავი გვერდით უკვე გადაიგდო...- თასმებს ისევ ისე ვიბნევ დილით- გასვლა აღარ მიმძიმს დღესდღეობით... ვწევარ, მე, დღის ბოლოს მიბნედილი, საწერს მტვერზე- მტვერი დევს და ობი... (თვალი გავუშტერე ჭირად შუქს, ჭერს..) ნუთუ, დაუტოვე ფასი ღია... მაგრამ დუმილი ხომ ხშირად... ზოგჯერ- ყველა ,,პასუხზე" რომ ,,პასუხია"! ვიცი და ამოვშლი შენს ,,წყვილს" მაშინ! (წყვილი ,,კარის კეტვა" -მე ზედ მედო! ხოდა გაზაფხულის შლეგ წვიმაში გაშლილ ქოლგასავით მეზედმეტა. ჰეი, აილაგმეთ, ფიქრებო და! შენით დრომ წარსული მალ-მალ ივლო... სახე ჩემი ისე ფითრდებოდა, ვით არს ტოსკანური მარმარილო... მას თუ გადავკეტავ, მე დავშრები! ვინძლო ამის მომხრე შენ თუ ხარ და... შენი, ჩემი, ჩვენი ,,მე და შენი", როგორც ,,მეგობრობა"- შედუღაბდა! ხოდა იმეგობრე, ან იავე, ოღონდ არ ,,გასწირო" თავი, არა! იქნებ მე ფულივით ვანიავე... (წყვილმა, ჟრუანტელის, დამიარა...) მალე მზერა, რომელ შორი ტყეა, მსგავსად მხეცი- ლეკვებს, შენ ,,მოგხედავს"- დარჩა გადაბმული ორი დღეღა, მერე, ნერუ, ისევ შემოგხედავ... (,,იბრძვის" ხელი ჩემი, უხალათო, როგორც ჩვილის დედა- იღალა და) მოვალ, მე თავს კი არ ვუღალატებ! თავმან, ჩემმან, თუ არ მიღალატა... (აქ კი, მეგობარო, ჩემი რიგი, ფიქრთა, ვითარც თმენა ანცის, გაწყდა...) თუკი ვერ მოვედი- შემირიგდი... თორემ, უცილობლად, ქანცი გამწყდა... როგორც, რომ აფეთებს ჩქამი კრავებს,- შლეგად მივადექი ,,ნაპირს*" ,,ტივით*"... ნეტავ, ახლა ვინმე ჩამიკრავდეს, კონვერტსმოხეული ნაფლეთივით... განა, ჩემო ნერუ, მე ვარ კენტად- ხელი, ჩემი- ჩემი წერაქვია! თუმცა, რასაც ახლა მე ვაკეთებ, ნუთუ ამას სადმე წერა ჰქვია... იქნებ, ღია იყოს ფოსტები, ან (ფილტვით-ამოვარდნილ ბოლთა ვეცი...) ჩემით, მოვალ, ტერფით- ფლოსტებიან! (ვდგები და უწყვეტი ბოლთა ვეცი...) ასე შევვარდები შიგ რიგებში- (ქშენამ ნაფაზები ქარად ჩქმალა...) ,,განა პოზად ვიხდი შიკრიკებში! ნერუს გადამეცით ჩქარა, ჩქარა!" (ვეღარ შევითვისე, ვერ, მანერა!) ვრჩები... შენ თუ სახლი, მე- მესერი... ლამის კეთილ სიზმრის ვემონე, რუს, ალბათ ფიქრის მსგავსად შემესევი, ჩემო მეგობარო, ჩემო ნერუ! თამთა მუმლაძე ✏ *ყვითლადშეღებილი ჩემი კარი; 😆 *საწერი; *ფურცლის ბოლოს; *კალმით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი