შემოღამება
●
ჩამოთოვლილილი,
ისე ჩანს, მთები...-
თეთრი მინის ქვეშ-
შავი ბაზალტი...
წუხს შებინდება, სავსე ჩანთებით
და ეზიდება ოქროს*- ბაზალეთს.
ჯანღებს მიათრევს ქშენით,-
ფარს, მძიმეს,
მზე,
ზედ დღის სევდა უძევს, ,,გონიერს"...
დგას,
მწუხრის მთვარე, როგორც ბარძიმი,
რიგში,
წელწვრილი, თეძოგანიერ...
მიერეკება-
,,შემო, ღამდება!"
ნადირსაც ტყისკენ ჯარი ურთხმელთა-
,,არ ერიდება შემოღამებას,
შემოღამდება დღესაც უღმერთოდ..."
და თელის ქერქნი,
როგორც შარვალი,
შემოიკვეცენ წმინდად ,,ავ" კიდეს...
,,იხოცებიან"
ერთად, სურვილით,
მსგავსად ფილემონ, ვითარც ბავკიდე...
მზე ღრუბლის ქულას,
სახით- მუსლინის*,-
შეფარებული, იწვის ბოდიშად...
დგას მთვარის კართან, როგორც მუსლიმი
და ემონება, როგორც ფადიშაჰს!
ო, შებინდება- ნაზი, ქალური!
არ ეპოვება, არ, ბადალი... ო,
ჰგავს ფაფარაყრილ ცხენთა ალური,
ჩრდილთან საომრად მყოფ ბატალიონს!
უცქერს ბაალი* და ისიც წუხილს
მოჰყვება, თითქოს სულ იმად იდგა...
თითქოს, ქვეყანამ დაისით, მწუხრით,
დღით შეცოდილი სული მოითქვა...
თამთა მუმლაძე ✏
*მზე;
*ბამბა, ხელით ნაქსოვი ქსოვილი;
*ბაალი- ნაყოფიერების ღვთაება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი