წისქვილები
(ხუთვა...
ქალაქიდან გაქანება...
მიწით მოწყვეტილი მაგისტრალი...)
ღრუბელთ-საკერავი მანქანები
წამით ეშვებიან მაქვის ტრიალს...
ასე მეორდება დღენიადაგ-
თქეშით ივსებიან ცის ქილები...
აქ მზესუმზირების ტყენია და
სადღაც იქნებიან წისქვილებიც...
ფანჯრებს,
კორპუსები აცეცებენ,
რატომ ვერიდები ვერ ხვდებიან-
მაღრჩობს ასფალტების საცეცები,
სადღაც ზეცისხელა ვერხვებია...
...ყვავნი ზაფხულებს რას აგულვებენ-
ჭვავის სუფრები და მეინახე...
შეკრთა მზესუმზირა და გულები
ქერქის საკინძეში შეინახა!
ახლა გაელვება ჯავრია, თან
შავით იმოსავენ ცის ქვრივები...
(აქ მზესუმზირების ჯარია და
აქვე იდგებიან წისქვილებიც...)
იცის სიყვარული, მადიანი,
მწველმა-
ფერდობები ხურს მთებიან...
ქამა სოკოების რადიანი
ტყეში გაბნეული ხურდებია...
შეყრით იღრჩობიან აგურები-
სურო გაჰყოლია ჟღალტანიანს...
დარს ღრუბელნი ცრემლებს აგუებენ-
მკერდნი დაიცალეს,
ჟალტამია...
(ასე გრძელდებოდა დღენიადაგ-
თქეშით ივსებოდნენ ცის ქილები...)
აქ მზესუმზირების ტყენია და
სადღაც უნდა იყვნენ წისქვილებიც...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი