წერილი ნერუს
●
ტელმანზე...
,,ღამის დერვიშები"*
მწვავენ, მე, დროში,
ო, მეგობარო, მელნის ფერიც ახლა ბაც არის...
როგორც ყმა ხელში- ვერ ვიშლები, მდარე ,,მედროშე"*
და ,,ტარის"* ირგვლივ ვიგრიხები, როგორც ბაწარი.
გარეთ...
ო, გარეთ, ელვა ღრუბელს ახლა ფასს ადებს...
(თუ, ბოძთა ბაგეთ ეწევიან ,,ძაფნი" შორი-შორს...)
და წვიმებისგან ,,შემოლახულ", ნაგვემ ფასადებს,
მზითგამომხმარი დარაბების მძაფრი შურით შურს.
ივნისი და მე...
მე და სიცხე...
(-ბუკი! ნაღარა!)
თრთის მზა ვინილი (თითქოს ფარა მთებს თრთის...
და ბახი...)
ავივსე სურა და ივსება უტყვი ,,ნახირით"
ფაიფურივით თხელი, სუფთა, თეთრი თაბახიც:
სანამდე ტაძრით უღმერთონი ღმერთებს ჰვედრიან,
და ტუნდრებს მწვანე ტაიგებად აქცევს მიდამო,
მანამდე გეტყვი- სიხარული მცირეთ ხვედრია!
(ალბათ ამიტომ, ,,ლხენის" ცრემლებს ვაქცევ მი- და მო...)
შეიკრა პირი და იუდა იქცა ამბორად...
იყო ღალატი... უნდობლობა...
(-მცირე ანონსი...)
(ჰე, მეგობარო, დაიცალა თმენის ამფორა-
დრო- თუ წერტილი, მე ვიქნები მძიმე ამ ომში!)
ვდუმდი, ვით უტყვი, ვით პირ-უტყვი, პანდა... ყრუ ბელი...
და ეს სითეთრე
(როს სიწმინდის გამო ეხვია...)
განა თმა იყო, ანდა ნისლი... ანდა ღრუბელი...-
მგელი, ორპირი, ცხვრების ტყავში გამოეხვია.
მძაგს ის ყმუილი, ზურგის უკან, მწველი ანდანტე...
და ფიქრი, რომელ გზავნილივით ტყვიას დამახლის,
არს ,,ღვთაებრივი კომედია", ჩემი. (ან დანტეს...)
(ქუხს წამოშლილი, სასაცილო, ღია დამაღი*)
მომბეზრდა სიტყვით -შერკინება... -ჭერა... -ისინდი...
ტყეში... ქალაქში... ბარში... მთაში... ქოხში, ან გარეთ...
ყალბს მერამდენედ, იძულებით, მჯერა, ისმენდი,
მე ასაწყობად გიხვდებოდი, როგორც ანგარი!
თორემ ავდება და სიავის სევით ,,მე"-ს ანგრევს,-
ცენზურის ნალით დაჭედილი ჩუმი ფეხმალი...
(მცირე ხნით გვერდით გადავწიე
მელნით-მესანგრე-
დავყარე ჩემი ,,იარაღი",
ჩემი ,,ფარ-ხმალი"...)
ჩამოცხა, სანთლით.
(ო, მე მიყვარს ხოში და ფანდი...)
სულს მძვინვარებით შემოიჭრა, როგორც მურვან-ყრუ...
(ჰე, ნერუ, ჩემო, სანამ აზრებს გონში დაფენდე-
იქამდე ,,მწველის" სიყვარული იქნებ უარყო...)
(მსგავსად კანაფის, რად მაბრუებს სუნი თაბახთა...)
თეთრს მთელი ძალით შევებრძოლე.
(შედეგს შენ ხვდები...)
(მოუთმენლობა- ჩამოსული, როგორც ტაბახტა...)
ორი, თუ სამი დღეღა დარჩა, შემდეგ- შევხვდებით!
რული მერევა
(ჩანს, ,,ბუდეებს" შევლენ ,,ჩიტები"*...)
და რიგს, ასოთა,
(ურჩი ძალებს ციმციმ იკრებდა...)
გათენდეს, ოდენ და გონებით შევეჭიდები-
ო, ტროასავით ეცემოდნენ ჩემს წინ, იქნება...
,,ტელმანზე...
ნერუ, მეგობარო, შენ მე მჭირდები..."
თამთა მუმლაძე ✏
*ვარსკვლავები;
*მელექსე;
*კალამი;
*საღერღელი;
*თვალები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი