ალბომი
● ალბომი- მუხლებზე ფენილი, მაგონებს, გაშლილი, ჟამს, მთესველს... ბებო წუხს- ,,გაცვდება ფანელი! ფანელი ვერ უძლებს ჟამთა სვლას..." აკლდება ლამფაში ნაფთს ალი... ვამხნევებ სახლს-გარე მოურავს- ,,უბეში ჩავუწყობ ნაფტალინს, შენს ხალათს, ბებო, რა მოუვა!" დავყურებ მუყაოს ფოთოლს და ნაღდია! ჰო, განა ბლეფია! ქოთქოთებს შავ-თეთრი ფოტოდან- ,,ფუტკრებსაც უშველე, ბებია!" ასე თქვა, გარკვევით მესმოდა... ვიკვირვებ- ,,ხბო გეთქვა, ანდა თხა... ყვავილით სავსეა ეზო და განა-ღა რა შველა უნდათ-ღა!" წინ- ბავშვი აწვალებს ჩია ჯამს, გვერდით - ბრგე მიუძღვის ჯორს კოდას... წუხს ბებო- ,,ჩემ ჯორკოს ჭია ჭამს,- კუთხეში წაბლის ხის ჯორკო დგას..." ბაბუ ჭვრეტს ვენახებს, წამლიანს, კარაქი გადადნა როს ერბოდ...- ვპასუხობ- ,,რა შეჭამს, წაბლია! წაბლები უძლებენ დროს, ბებო!" უქმად დგას პატარა ბოტები, მზეებმა ღრუბლები დაკოდეს... არ ცხრება- ,,რას ჭამენ ბატები, ბატები გარეკე დიდ-კოდებს! დიდ-კოდებს შოლტივით ბლებია... ან იქნებ დაეცნენ მხალიანს..." ვიცინი- ,,რა ბატი, ბებია... ბატები დაეშვნენ, ხანია!" მზე შუბის წვერზეა, მაღლივ ძევს ღრუბლები, ალმები,- ყოველი... თენდება, ალბომზე მაღვიძებს- სისხლის და მამლების ყივილი. ვეცემი ხის ჯორკოს და ფიჭებს, ბებოსი კარადის კიდეა- ნაფტალინს ჟამთა სვლა აფუჭებს, ფანელი უცვლელად ჰკიდია! თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი