იმედით მოვაჭრე
●
დაყარა ცამ რკინის ჩელტები,
ღრუბელთა მზეს თავი მოაჭრეს...-
,,ომია".
იმედით ვჩერდები,
მე დახლთან- იმედით მოვაჭრის.
გასაყიდს ფსკვნილივით მარცვლავს და
ჰე, განა მარტო ვარ-
ვართ ჯარი...
მიუგდებს იმედის მარცვალს, თან
,იმედად' ასაღებს ვაჭარი!
ღრუბლებმა წყეული ცა გადგეს-
ლელეხი დახლებზე უწვეთავს...
,,იქნება, რამეში წაგადგეს..."-
მწირ სასოს მკლავებში უწვენს, თან
აკვესებს ყომრალებს და ჭროღას...
არ უჭრის არც ოქრო, არც ვალი,
პირველთან შეუდგა ვაჭრობას-
მიუგდო იმედის მარცვალი!
დათვივით ბურდღუნებს,- დაჭრილი,
იქ, ზემოთ, ბაქიობს ამოდ ცაც:
,,-წყეული ყოფილა ვაჭარი!
მისხალი,
იმედის,
არ მომცა..."
ცრემლები რეშივით ადინა
უსასოთ,
ვითარცა ზემდეგმა...
არც მე მხვდა...
იოტის ოდენაც...
და რიგში ჩამოდგა შემდეგი.
ივლისის ცა ცრიდა...
ცა- ნორჩი.
აგვისტო ბავშვივით მეძახდა...
ო, როგორ შორი-შორს ჩამოვრჩით-
იმედი სადღაც შორს,
მე-
დახლთან...
თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი