იმერეთში მივალ
● ათას წელზე გადამხტარ, ათას ნისლში ნავალ მთებს, ღრუბლები წვეროებს მკერდებივით წოვენ... ო, მე, როცა ბოლოჯერ იმერეთში წავალ, ო, მე, როცა დამტოვებს ,,დოვლი... დოვინ... დოვენ"... იქ ტყენარგი, ცვრიანი, ვაზებივით გოდებს, იქ თუთნარი, თუთისა, თუთებივით ქალობს... იმერეთში ძველებურ, მე ვამსგავსებ, ოდებს, წვრილ ღერებზე შემომდგარ ასანთების კოლოფს. ,,ნიაღვარმა" გაცვითა ,,ნიაღვართა დაზგა", ჩანს, მლაშეთა სიუხვით ცა მიბრუნებს მე, ვალს- კოპიტები, ანძები, გვირაბები და გზა, როს ჩემსავით მაღლობენ- ,,იმერეთში მივალთ!" დამყაყებულ ჭაობებს ბამბუკები სრუტავს, ეძნელება ხავსების სქელ ბორკილთა ახსნა... გზა იჭრება, თეთრი გზა, ცაში, გინა- სრუტე,- თვითმფრინავმა შუაზედ თაღი ნებსით გახსნა,- სიცხისაგან ნაღვენთი, სითხესავით ბლანტი. -გასწი, გასწი, საქარევ, დე, ხეებმა გდიონ! ფოლკს-ვაგენმა შეავსო გზატკეცილის ბლანკი. მზე იმხელა ტატნობზე ნამცეცივით გდია. ჰე, ჭალები იწვოდნენ პომიდვრებით, გზნებით, როს კვლავ ცრემლთა გააპეს ნამსგავსები- ოვალთ,- კოპიტები, ანძები, გვირაბები, გზები- ქედს ჩემსავით მაღლობენ- ,,იმერეთში მოვალთ!" იქ, განასხლავ ვენახთა რიადები ,,შმონა", იქ, მოსავალს ნახულობს- შარშანდელს თუ არ სჯობს...- ცას, დაბალი ღობე და ყურმოჭრილი მონა, შებინდება, ვარსკვლავებს ჭიკარტივით არჭობს და ციურთა ცედრები თეთრი თოვლით თოვენ,- სურვილებად უბრუნებს დედამიწას ცა ვალს... ო, მე როცა დამტოვებს ,,დოვლი... დოვინ... დოვენ"... ო, მე როცა ბოლოჯერ იმერეთში წავალ... თამთა მუმლაძე ✏
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი