ფ ო თ ო ლ ც ვ ე ნ ა
ბეღელნი, ფაცხა, სასიმინდენი, სოფლობანა თუ ქალაქობანა... აივსო ეზო, სახლი, მინდორი და ყოველივე ალაგობანი! სახეზეც არის, ხელებზეც არი... ვით მოკვდავთ შეხვდეს პირისპირ ეშმა, სული აჰხადოს,- ხეებს ზეწარი ისე აჰხადა პირისფარეშმა. ქრის... ფეხის ქირად ერთიც მოუდის,- ჭადარს რომ ჩადრად, თავის, ებურა და ისიც მოდის, მოდის- მაუდის, ურღვევ სიმტკიცით, თავისებურად... ვერ იჭერს მადლიც... სახოს მით ქლესა- თითქოს, ზე მთვარეც მსახურ ავიდა! შერჩეული აქვს სახე მიტკლისა და ისიც ,,სწყდება“ სახურავიდან. რომ ვერ ახერხებს ბაბუაც ვერას, ჟღალთ შეატოვა სავსე ქორწილი- წაიმტვრა ხანის ბაბუაწვერა და გამოსახა შავზე ორძელი. ბოლოღა ღუის, ფოთლის, გოფრი* და- წყალს ეწაფება, უნდოს, იხვი როს... თითქოს საცაა უნდა გაფრინდეს, ,,თავისუფლება"- უნდა იყვიროს... ისე ძრწის შლეგი, სულსაც ამაცლის, ვით გამოავსოს ნეშომ კალათა?! უკანასკნელი, იგიც, ამა წლის, შემოუერთა ნეშომპალათა. ხამს ამოუვსოს ოდას სასულე ქვენამ და კარიც კუტი კარია! ფოთოლცვენაა, ო, დასასრული და შემოდგომის ურტიკარია. თამთა მუმლაძე ✏ * გოფრი- [ფრან. gaufre] ლითონის, ფანერისა და მისთ. თხელი ფურცლები, რომლებსაც დანაოჭებული, ტალღისებრი ზედაპირი აქვს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი