ბებო


⚫ ბ ე ბ ო

მომენატრა ჩემი ტკბილი ბებოს
დაღარული და ნაშრომი სახე.
ამშვენებდა ეზოს- 
ყურძენს ,,ება"
და ნამყენი, შემოკრული,- სახვევ.
   მენატრება...
მესიზმრება...
იქ ვზი...-
თეძოსავსე, მსუყე ხაჭაპური...
ჭარხლის ფხალი- შეკაზმული ნიგვზით...
თონის ფერდზე- 
ყველის ხარჭა- პური.
სურნელება კუპატების... ნუშის...
ოსტატია, გონებაში კეცვის,
დრო...
მჭადს სუნი ასდიოდა, ნეშოს,
მე მიყვარდა მისი მჭადი- კეცის.
მენატრება სალანძღავიც, კოხთა, 
    (დაე, ისევ მთელი ძალით მთელოს!)
გამოვლილი, მისით, შარა, კოხტად,
მისით სავსე ყველა ბოლო, მდელოს... 
სადგომიც კი, ჭრელა-ჭრულა ფურის;
ძველი, როგორც მექაელთა ქაბა,
შესამოსად- მხოლოდ თალხი ფერის,-
მუხლებსქვემოთ მოწკურული კაბა;
და მრისხანეც, ნამსგავსები ძუ ლომს,
სარეველა როცა ნამგლით თელა...
   (შეგამჩნიე, ფოთოლს ისხამ ძალუმ,
შენც დარდობ თუ რად ჩამოხმი, თელავ...)
მენატრება მიტოვებაც, კრული,
ჭიშკრის ძირას მხრებდახრილი ვარდნა...
და დედასთვის კედში გამოკრული-
მისი ხელით დაწყვეტილი ვარდნი...
ახლა? 
ახლა აღარა მყავს ,,ერდო",
მივაბარეთ შავ, გაყინულ მიწას
და ტანსაცმელს, ულამაზესს ერთ დროს,
ნაფტალინის სუნი ასდის, მისას.

.
● ბ ე ბ ი ა

   სიცოცხლე მწველით- აწ ხველას აგავს,
   დროც აღარ ინდობს მის სიმებიანს...

განა ის ერქვა, რაც ყველასა აქვთ,
სახელი იყო, მისი- 
,,ბებია"!
ეჭიდებოდა სისხამს ჩირს... 
ქონდარს...
როს ადგებოდა მას თავს ,,ალი". ვით
ნაფოტი, თხელი ხელები ჰქონდა! 
რად განლეოდა მუქ თავშალივით?
მისხალი, ჯანის,
მშვიდი, ო, რით ვარ...
აღარა შერჩა, 
არ, 
ჯანებიანს!
შვიდნი ვიყავით, შვიდჯერ ორი ვართ-
დიდი ნაგრამი დარჩა 
ბებიას...

ო, უმისობა ატყვიათ ხურმებს-
სიყრმისას მე რომ ,,მიშინებია"...

       განა ის ერქვა, რაც ჰქვიათ ხოლმე...
სახელი იყო, მისი-
,,ბებია".

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი