ჭრიჭინები


მიმობნეულა, როგორც ფართინგი
და ყურძენთმცველთა ჯარი ჭრიჭინებს-
ჭანჭურით სავსე ხეთა ფარდაგი
გაუფენიათ ფეხქვეშ ჭრიჭინებს...

ზვარს ესევიან სარფით, ან ნებით,
არ ერიდებათ დღეთა მათ, არა...
მხარს ინაცვლებენ, სწორფრთიანებით 
გამოივსება ტყეთა მათარა!

იქნებ და მახვილ ფეხით ჭრის ჟინებს,
რომ არ ეღირსა ხელის ბოძება...
საღამოვდება, დაღლილ ჭრიჭინებს
შტურმით იღებენ ხმელი ბოძებიც

და მავთულების მყიფე შრე როკავს,
როგორც სისწორე ერდოს დაუარს...
თუმც, შემოდგომა მყისვე შერეკავს
და გამოკეტავს ერთად ტაუერს...

ხან მთვარის ქერცლი ზაფრავთ... ჰე, შმაგი,
როს სახურავზე,- არჩუმებიან*,
ყეფს. ,,-რამდენია"- ლახვრავს ეშმაკი
და ჭრიჭინებიც არ ჩუმდებიან.

მოიბეზრებენ კოჟრების ქავილს
რომ, აყუდებენ გარჯით მკვდარ ,,ცელებს"
თვით მზე კი, როგორც კეკლუცი ქალი,
მთვარესთან ბოლო გზნებით ტკვარცალებს.

ჟამს, ადუღების, ბადაგებისა,
როცა საკიდქვეშ წალმებს დაწვავენ,
ერთს იმღერებენ,- ბათა გებისას*
და მერე წავლენ.

             წავლენ და წავლენ...

თამთა მუმლაძე ✏

* არჩუმი- ჩოხასმიკერებული მოგრძო ჯიბეები (მეგრულ-ქართული ლექსიკონი; ოთარ ქაჯაია);
* ბა-ჩინურ მითოლოგიაში, გვალვის გამგებელი ავსული, რომელსაც მოუსავლიანობა, შიმშილი და სიკვდილი მოჰქონდა;
* გება- კერპთ შეწირვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი