მარტვილი
⚫
(ქეთევანს)
ღამემ ცაზე მუგუზლები აყარა.
წარიწყმიდნენ, წუმწუბითა კეტავენ
სიამის ბაღს. სათნო შერჩათ აღარა:
,,-მარტვილ იქნე, მარტვილ იქნე, ქეთევან!"
დე, სასულეთკარიბჭენი დარაზონ-
არ მიირქვან სამშვინველი ახალი;
ნუც ათრობდეთ ბოსველია და რაზდონ,
ღრაჭათ გორა... ქარავანი... აღალი...
სეფისტინი* გაუშლიათ, იქ, ორთა.
ბრძანებანი აღიხუნეს რა პირად!
რად მზის სხივებს განს აძლევდა იკორთა...
რაბი, რაბი, შეეშველე, რაბი! რად...
ვით ეგონა- მოწამესა დაღლიდა
ნაღვერდალით ემისართა შეხება!
გაიყიდე შებრალების დახლიდან...
ნეტავ, ასეთს რას უშლიდი შაჰ-აბასს?!
ჩაუხერგეს სასულეში სალაგმე...
ხორცსა გვემის მიაფარეს, საბანი;
(სანადიმო გაიშალეს, სეფანი;)
,,ილი, ილი..." სულსწრაფობით ალაგმეს;
შვილის შვილთა გარდაუცვეს სებინი*...
მდუმარების იმუშავეს, მუშებმა.
შენც არ დაგცდეს, ხმა არ დაგცდეს, პოეტო...
გინდ სიჩუმის მიიფარე, მუშამბა...
მწუხარება არ მოჰგვაროს პიეტომ...
ცრემლი მოსდით სანთლებისა, რაფათა.
შესაცოდი ერთი იმათ ჰყოლიხარ.
დაეღმიჭა შევერცხლილი რაფათა*
უნდილაძეს,- უნდილ იმამყული ხანს.
ხმა, ზეწოლის, ყაბულ არ არს,- ტაბუ ცნას.
ხმელზე წოლით ქრისტესია, საცოლე*...
არ იხმევდა ცრუტსა, გინა- ტაბუცუნს;
ღრეკილია დაღრეკილი საწოლით.
გაგაშიშვლეს, ფერდით ფერდსა ეკვროდი,
ჯალათები მოედანზე ათევენ.
სახე,- სათნო, დაგიშანთეს, ეგ მკერდი-
ქვეყნის დარად დაგიწიწკნეს, ქეთევან!
ნაგლეჯ ხორცზე შემოაწყვეს საჯები*.
ამოსუნთქვას თუ უთვლიან, რა ეულს,
საჟამნენი,- დროთა შულტნი, მსაჯები.
სიცონილი* არა ჰქონდათ რაულად*!
ღამემ ცაზე მუგუზლები აყარა.
წარიწყმიდნენ, წუმწუბითა კეტავენ
სიამის ბაღს. სათნო შერჩათ აღარა:
,,-მარტვილ იქნე, მარტვილ იქნე, ქეთევან!"
მკერდში ცხელი გაუყარეს, მახათი,
ააწიწკნეს უწყალობლად მას კერტნი-
მოიმწყვდიეს მარწუხების მახეთი.
გალობისა, ბულბულთ იხშეს, ნისკარტნი.
ვერ გატეხეს,- ოხვრასაც არ ურიგებს;
მშვილდისა, ყელს მიაგებეს, საბელი;
შეაყარეს სანეშტენი ურიკებს,
მარტვილობას მოატარეს სოფელი.
ხორში და დანეშტებული ფართეა;
სვეტთა შორის მოთმინება დაგორავს.
მშრალი ძვლები გამოსტაცეს პართიას,-
უნაწილეს ნამიურსა და გოას.
ღამემ ცაზე მუგუზლები აყარა.
წარიწყმიდნენ, წუმწუბითა კეტავენ
სიამის ბაღს. სათნო შერჩათ აღარა:
,,-მარტვილ იქნე, მარტვილ იქნე, ქეთევან..."
თამთა მუმლაძე ✏
* სეფისტინი - საფილოსოფო წიგნი;
* ქრისტეს საცოლე- წმინდანი;
* რაფათა- აქ: სახე;
* საჯები- ტაფები;
* სიცონილი- დაზარება;
* რაულად- რარიგად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი