ire...


ქარია ახლა...
ისევ ქარი... 
    ისევ და ისევ...
(ალბათ, ნარჩენი, 
შემოდგომის,-
ბოლოჯერ სუნთქავს...)
შენ კარში დგახარ 
და ფუჭ ფიქრებს
ისევ დამისევ...
მიგაქვს, რაც დაგრჩა, 
კარადაში... ჩემში... 
და სულ ნთქავ...

მე კი, მე, მრჩება
თრთოლვა (რომ ვერ 
ვამაგრე გული...),-
ხშირი ქვითინით 
გადაღლილი 
წყვილი,- ბეჭების...
რომ ბოლოს, როგორც 
ყულფი- აბრას  
დამაგრებული,-
ისე გიჭერდა
ქორწინების, 
ოქროს ბეჭედი...

რომ წუხდა კაბაც, 
ჩემი კაბა, 
შავი, ბარხატის...
და კაბაც- თეთრი,
 დაფლეთილი,- 
დროით და ჩრჩილით,
(რომ არ დაინდეს, 
უტიფრებმა, 
გამო, არც ხათრის...)
და შენი კვალი... 
  კვალიც, შენი...
და შენი ჩრდილი

ივლის, კვლავ, ჩემთან,
ივლის, ისევ 
და ფიქრს დამისევს! 
და ისევ დაცლის 
ჩემს კარადებს, სკამებს
და სულ ნთქავს...
     აქ კვლავ ქარია, 
ისევ ქარი... 
ისევ...და ისევ...-
ალბათ, უძალო 
შემოდგომა 
ბოლოჯერ სუნთქავს...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი