იყოს, რაც არი...


ჩაი...
ბუხარი...
ფურცლის დასტა 
და თვლა- იარებს...
და საჩხრეკელით
აქექილი 
თბილი ნაცარი...
ჩემს წინ, ფოთოლი, 
წუთისოფლის 
მსგავსად, ტრიალებს
და აღარაფერს 
აღარ შევცვლი, 
იყოს, რაც არი!

(ან, იყოს, რატომ, 
ყველაფერი 
როგორც მე მინდა?!
თითო ფოთოლი 
უმიზეზოდ, 
განა, ვარდება...)
ახლა, სექტემბერს 
ეძალება 
ოქტომბერი და
ალბათ, იწყება 
ქარიშხლების 
განავარდებაც...-

და ისევ დგება 
ნაცრისფერი 
სევდა
თვალებში...
და ქრება... ქრება 
მზერა... ჩემი 
მზერით ნაპარი...
თვალწინ წიგნები... 
საწერები... 
კალმის თარეში
და კალმახივით 
დაწინწკლული 
ლოყის ნაპრალი...-

აღარ იღიმი და 
სექტემბრის 
ნაირ ილევა...
   (აღარ მოჰბეზრდა 
საჩხრეკელსაც- 
ნაცარი იღოს...)
გარეთ, ფოთოლი, 
წუთისოფლის 
მსგავსად ირევა
და აღარაფერს 
აღარ შევცვლი, 
რაც არის- იყოს!

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი