ანიეს...


ანი, ისევ ველი ჩვენთვის გაზაფხულს!
თეთრი ვარდი, მწველი მზე და გვიანი
შემოდგომის ფოთოლცვენით დაზაფრულს-
მელანდება იგრიკა და ლიანი!

ანი, გულშიც ვეღარ ვმღერი არიებს!
ვიფიტები, ხელებს შორის, მგოსანი...
მენატრება, ანი, ის და ანი, ეს...
ანი, შენთვის მორთმეული სოსანიც!

ანი, ვიწვი... ვიწვი, შენი სურვილით!
მერამდენედ შევებრძოლე იმ გრიგალს...
   შენი თმები- გაზაფხულის სურნელით...
   თმები, შენი,- მირკანის და იგრიკას!

თაფლისფერის წვას ვერ ვუძლებ, ვთოკავ თავს...
ანი, ჩემთვის სულიც ხარ და საცოლეც!
გული, ჩემი, ამ სხეულში ტოკავს და
ეს სხეული, გულის მსგავსად,- საწოლზე!

ანი! ანი! ანი, ჩემო ქიანა!
ანი, კვირტებს გაზაფხული ახვითქებს...
ახლა, თითებს, ნარცისები კი არა-
თითებს, ახლა, პაპიროსი აყვითლებს...

და წყეული- ფოთოლცვენით ზაფრავს სულს!
და წყეულმა გონებაც კი არია...
   ანი, ისევ, ველი ჩვენთვის გაზაფხულს...
  თეთრი ვარდი... მწველი მზე... და არია...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი