მიყვარს...


მცირე, თან სავსე, მსგავსი ანდაზის-
მე მიყვარს ჩემი პატარა კერა!
სადღაც, კუთხეში, ბებოს ლანდი ზის 
და ჩემთვის ლამაზ მოსახვევს კერავს.

მე თონეც მიყვარს- ,,ჩემის ხანაა"
და ჯვრიანებიც, ჩაკრული,- დოხნის...
ჩემს სახლის უკან დიდი ყანაა
და ბაბუს ლანდი იმ ყანას თოხნის...

ვაზიც კი მიყვარს, ის, სამწლიანი,
ალადასტურის- ბებოს იმედი!
ჭიშკარიც მიყვარს და სამთვლიანი-
მიტოვებული ველოსიპედიც!

აქ მზესაც ვეტრფი და ჩრდილს, რომელიც
დამყვება...   მიყვარს, სმა,-    კაკლის ,,წამლის"...
ჩვენი სახლის წინ- საჩრდილობელიც
და ბიძის ლანდიც- ვენახს რომ ,,წამლის".

ო, როგორ მიყვარს, მე, ეს  ფანდიც, ცის
და როგორ- ჩემი ჭაღარა კერა...
აქ, ყველა კართან, ბებოს ლანდი ზის 
და ჩემთვის ლამაზ მოსახვევს კერავს.

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი