სევდიანი აკორდები


სევდიანი აკორდებით,
ნაცნობ გზებით და პირდაპირ-
ისევ ისე ვალ კორდებით,
ნაკადულის ნაპირ-ნაპირ...

ძველი ფაცხა და ოდები-
ჩამოკიდულ კაუჭებით...
მე რომ ასე ვაბოდებდი...
მე რომ ასჯერ დავუჭერი,

ახლა, უკვე, ის ხვიარაც,
გახუნდა და რა ფერია...
ახლა, გზებსაც, ბზა კიარა-
ხავსის ფარდა აფენიათ
 
და ხის ღობეს სურო უჭამთ,
გამოხმობილს, სულ დარით და
ნაფოტივით მკლავი უჩანს-
ჩაყვითლებულ სუდარიდან!

ტოკვით გავალ გაღმა ნაპირს...
ჩანდა, ჰოი, რა შორს, 
                                               მაშინ...-
      არაფერი აღარ არის
      ისე, როგორც ბავშვობაში!

და ვაბიჯებ ბილიკს, ჰოდა,
დავალ სევდით და პირდაპირ!
ფაცხა-ფაცხა, ოდა-ოდა,
ნაკადულის ნაპირ-ნაპირ...

თამთა მუმლაძე ✏

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი