ძველი ოთახი
ძველი ოთახი დამწუხრებულა, თითქოს დაღლილა ამდენის ნახვით, ჰაერიც მძიმეა მასში, ხნიერი კედლებიც... ფიქრობს ოთახი, დიახ, ის ფიქრობს... ამას ვერ იგრძნობთ ახალ სახლში, არ აღიქმება; მას გადაეცა გრძნობა და გონება სულიერთაგან, ვისაც მასში უცხოვრია და ისიც ფიქრობს, იხსენებს. . . აი, ცოლ - ქმარი დაბრუნდა ისევ სხვა ქალაქიდან, დიასახლისი ვაზას ყვავილებით მაგიდის შუაგულში დგამს, ბავშვი ცელქობს, კატა დარბის, ფანჯარაში მზე იმზირება, რაღაცას უღიმის. მერე სულ სხვა დრო, ბევრი ხალხი, მდგმურები, ხშირი სტუმრები; ხანაც ქეიფი, დროსტარება, ხანაც ჩხუბი, ხანაც ალერსი. . . ისევ სულ სხვა დრო. . . ვიღაც მარტოა ის და ოთახი. ხან თავის მე-ს ესაუბრება, ხან კედლებს, ფანჯრებს; ან სულაც ვინმე შემოუვლის, ან თვითონ წავა მთელი ღამით ან რამდენიმე დღით. მერე კიდევ სხვა.. ოსევ ოჯახი. . . და უხუცესი წევრი, მოხუცი, რომელიც ოთახის კედლებს არა სცილდება და იხსენებენ სულ ძველ ამბებს ის და ოთახი. . . ჩუმად ერთმანეთს უზიარებენ, რადგან სხვა არავის სცალია მათ მოსასმენად და მერე ისევ მარტოა ძველი ბინა, ძველი ოთახი, იგი აზროვნებს, ემოციაც აქვს, ფიქრობს და ფიქრობს, შეძენილ - შენახულ ინფორმაციას ატრიალებს გონებაში და თუ ძველი პიანინოს კლავიში აჟღერდა, მაშინ ცოცხლდება და სუნთქავს მის ბგერებთან ერთად. . . საოცრად სევდიანია ძველი სახლი, ძველი ოთახი, თავის კედლებში ნაგროვები ემოციებითა და ამბებით; ოთახმა იცის, ოთახმა ნახა. . .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი