დღე სასწაული
მზრუნველი სახით, სიფრთხილით და გულაჩქარებული ვიღებ ყუთიდან საახალწლო ნაძვის ხის მოსართავებს, როგორც კი დეკემბრის შუა რიცხვები ახლოვდება. არ ვარ ბავშვი. საკმაოდ ზრდასრული გახლავართ, მაგრამ მას მერე, რაც სამყაროს გააზრებულად აღვიქვამ, დღემდე მომყვება განცდა, თითქოს ამ დღეებში რაღაც უზარმაზარი, ათასნაირი ფერებით განათებული ენერგია თუ არსება გვიახლოვდება. ამ განცდას აათმაგებს ბრჭყვიალა სათამაშოების გამოფენა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი და ოჯახში უფროსები ნაძვის ხის მორთვას იწყებდნენ, მეგონა, როცა მოიკაზმებოდა და აინთებოდა, ხმასაც გამცემდა. მას მერე ჩემთვის ახალი წლის დადგომა განსაკუთრებული დღესასწაულია, მართლა სასწაული. ნელნელა ვიღებ სიფრიფანა, მრავალფერ, მოციალე ნივთებს, ვათვალიერებ, თითქოს ძვირფასი თვალი ჩამეგდოს ხელთ. ვესალმები დიდი ხნის უნახავი მეგობრებივით, ხის ტოტებზე ადგილს ვუჩენ. მერე რა, რომ ნაძვის ხე ხელოვნურია, ჯადოსნურობას არაფერი აკლდება. ერთფეროვან და პრობლემებით სავსე ცხოვრებას აქვს ნიჭი, ხანდახან ადამიანები დიდი სიხარულით და სილამაზით დააჯილდოვოს. ირთვება და თითქოს ზღაპარი ცოცხლდება ირგვლივ; ჯადოქრები და ფერიები მოჰყვებიან, ფერხულს დაუვლიან, მის სილამაზეს შეერწყმიან. და მარტო შინ? სადაც მივდივარ, ხარბი თვალით ვათვალიერებ მათ. სტუმრად, ქუჩებში, მაღაზიის ვიტრინებსა თუ სკვერებში. ყველგან არიან თავიანთი ჯადოქრებით თუ ფერიებით, იდუმალი ხიბლით. ბრჭყვიალებენ, მაგრამ არ ყვირიან, ციმციმებენ, მაგრამ თვალს არ გჭრიან. ჩვენში დღესასწაული თითქმის ერთი თვე გრძელდება და რა ძნელია ამ პერიოდთან განშორება, როცა მოაწევს დრო, რომ ეს ჯადოსნური არსება უნდა მიიმალოს. რა უსახური ხდება გარემო. მხოლოდ შემთხვევით ძირს დაგდებული მოსართავი მოჩანს, ბრწყინვალების ნაკვალევივით. ქალაქშიც უკვე იღებენ ნაძვის ხეებს და საახალწლო მოსართავებს. გუშინ სადღაც კიდევ მოვკარი თვალი, დღეს უკვე აღარაა, აი, თურმე იქ შემორჩენილა; ყოველდღე გავუვლი ხოლმე ან შევდივარ რაიმე მიზეზით, რათა ჩემს საყვარელ ნივთს შევავლო თვალი. * * * გაიარა დღეებმა. ზამთრის ბოლო თვე დაიწყო. აღარსადაა შემორჩენილი საახალწლო სათამაშოები . . . არა, რა სულელურმა ფიქრებმა გამიტაცა, ბავშვის ფანტაზიას რომ შეეფერება, რა მჭირს. . . არადა, როგორ სწყურია თვალს მათი დანახვა. რაღაც მიზეზთა გამო ქალაქის ძველ უბანში მოვხვდი. მაღაზიაში დამჭირდა შესვლა. ცოტა მოშორებით აღმართის ბოლოს მოვკარი თვალი. რადგან გარშემო არაფერი ჩანდა, მეც ავუყევი გზას. უსახური შენობა მოახლოვდა. ერთსართულიანი, ბარაკის მსგავსი, მინის კარი შევაღე, შევედი . . . რას ვხედავ?! ძველებური, პატარა მაღაზია, ორი დახლით, უამრავი საყოფაცხოვრებო წვრილმანით, მაგრამ ჩემი მზერა შორეულმა კუთხემ მიიტაცა. ნაცნობი, ულამაზესი ფერები იღვრებოდა, ფერადი ბურთებით მორთული საახალწლო ნაძვის ხე და გარშემო . . . ციცინათელები, დიახ, ციცინათელების გუნდი შემოხვეოდა. ეს გახლდათ ნახატი, მაგრამ ისეთი ცოცხალი, ხასხასა ფერებით შესრულებული, გეგონებოდა, ამ სანახაობას ცარიელი ჩარჩოს მიღმა ვუყურებო. ყველაფერი დამავიწყდა. ისიც, რისთვისაც შევედი. თვალებგაფართოებული შევყურებდი. - ნაძვის ხე და ციცინათელები? - გაგიკვირდათ? - მოისმა უეცრად გოგონას ხმა მეორე მხრიდან. მივიხედე; დაბალი, გამხდარი ახალგაზრდა ქალი იდგა, ღია ცისფერი თვალებით შემომყურებდა, ღია კი არა, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყვი, გამჭვირვალე ცისფერი. - ბოდიში, გამიკვირდა, არ ველოდი. რომ იცოდეთ, როგორ მიყვარს. ამ სიტყვებთან ერთად კუთხეში მივედი, ახლოს დავდექი, თვალიერება დავუწყე, ნახატს ხელით შევეხე. ყველა ბურთი ნახევრად გამჭვირვალე იყო. თითქოს მათში სხვა განზომილება იმალებოდა. გოგონა მოახლოვდა. უფრო ვიგრძენი, რომ მოვიდა, კატასავით ჩუმად დადიოდა. - მეც მიყვარს, - მითხრა ხმადაბლა, თითქოს საიდუმლოს მიმხელდა, - ძალიან მიყვარს საახალწლო ნაძვის ხის გვერდით ყოფნა და ეს ნახატი, მის გარეშე ვერ ვძლებ, სულ ჩემს გვერდით უნდა იყოს. შეიძლება ხანდახან თვალს მოვაფარო, რადგან ბევრი ირონიულად შეხედავს ხოლმე, ახალი წლის სიმბოლო და ციცინათელებიო, ზოგი გიჟადაც მთვლის, (გამომეტყველებაზე ვხვდები) მაგრამ როცა ხალხი არაა, კუთხეში ვდებ, მყუდროდ რომ იყოს, თან ვხედავდე. გულზე მეშვება, ხომ ხედავ, რა უღიმღამოა აქაურობა. - „ეს ჩემზე უარესია“ - გავიფიქრე უნებურად. თუმცა ამ აზრს არ შეუშლია ხელი, იმ დღიდან აქაურობის ხშირი სტუმარი გავმხდარიყავი. როცა კი მოვიცლიდი, აქ მოვდიოდი. ავუყვებოდი აღმართს, ეულად მდგარ მაღაზიაში შევდიოდი, თუ „ის“ არ იყო ადგილზე, ვიცოდი, მაღაზიაში მომუშავე გოგონა (და იგი უკვე ჩემი მეგობარი გახდა), ნახვის უფლებას მომცემდა. * * * ერთ მშვიდ დღეს, გარშემო სრული სიწყნარე რომ სუფევდა, ორივენი კუთხეში ვისხედით და ყავას ვსვამდით, რა თქმა უნდა, ფონს ნახატი გვიმშვენებდა. - მაინც რატომ გიყვარს საახალწლოდ მორთული ნაძვის ხის ყურება? - მკითხა. მან პირველად დამისვა ეს შეკითხვა მას მერე, რაც აქ დავიწყე სიარული. მსგავსი არაფერი გვიკითხავს ერთმანეთისთვის. უბრალოდ ვიცოდით, რომ ამ ჯადოსნური სილამაზის ყურებას არაფერი გვერჩივნა. დავფიქრდი. არასოდეს მომინდომებია ამ ემოციის სიტყვით გადმოცემა. ჩვენ ხომ ყველას ტელეპათიის უნარი გვაქვს გარკვეუწილად მომადლებული და მრავალსიტყვაობის გარეშე ვხვდებით რა გვინდა, რა გვიყვარს ჩვენ ან სხვას. - რაც მეხსიერება გამაჩნია, მას მერე ერთერთ, ერთადერთ თუ არა, ყველაზე ტკბილ მოგონებად ახალი წლის დღეები მაქვს. რაღაცით განსხვავებულნი არიან, ვერც ვაკონკრეტებ რაშია ეს განსხვავება, რა იდუმალებაა ამ დღესასწაულში. კალენდარი იცვლება, თარიღი მიდის, დრო გარბის და ამას ვზეიმობთ? ეს ხომ ჩვეულებრივი რუტინაა სინამდვილეში, სამყაროსეული რუტინა, რასაც აყოლილნი ვართ გონებით და ფიზიოლოგიურად, მაგრამ..... არის რაღაც..... დავიბენი მესამე კლასელივით, რომ ცდილობს, მასწავლებელს თავი მოაწონოს და უცბად აზრები აერევა. - შენ? შენზე რას მეტყვი? - ვკითხე გოგონას. ცოტა ხანი ჩუმად იჯდა. სახეზე ვატყობდი, სადღაც შორს გადაინაცვლა მოგონებებით. - შენს შემთხვევაში მაინც კარგ მოგონებებთან ყოფილა დაკავშირებული. ჩემს განვლილ ცხოვრებაში კი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო. სხივი წყვდიადში. სხივი ბებიასთან ერთად, რომელმაც გამზარდა. კეთილი, სათნო ქალი, მართლაც საახალწლო მოსართავივით სიფრიფანა და სინათლით სავსე. მშობლებთან დაკავშირებით კი სხვანაირად იყო საქმე. არეული ოჯახი გვქონდა. მამა ხან შინ იყო, ხან საყვარელთან. სულ ჩხუბი, სულ კონფლიქტი. ეჭვიანობისაგან გააფთრებული და გაბოროტებული დედა ხშირად ჩემზე ანთხევდა ბრაზს. თუ მამა მოვიდოდა, ერთმანეთზე გადადიონენ, იყო ყვირილი, ლანძღვა - გინება, ხანდახან ცემაც. რაც არ უნდა კარგი, ლამაზი დღე გვქონოდა მე და ბებიას, ზღაპრებითა და სიცილ - კისკისით სავსე, ისე ჩააშხამებდნენ, დაანგრევდნენ თავიანთი მუდმივი კონფლიქტით და გაუგებრობით, გულნატკენები დიდხანს გონზე ვერ მოვდიოდით. როგორც გრიგალი, ისე გადაივლიდა ხოლმე ჩვენს თავზე მათი ყვირილი და ჩხუბი.... - არ ველოდი, თუ ასეთი ბავშვობა გქონდა. - ბავშვობიდან მიყვარდა სილამაზე, - გააგრძელა, - სილამაზე, ფერადოვნება, სინათლე, სამკაულები, არა ძვირად ღირებულების, არამედ, სილამაზის გამო. ამიტომ ამოვიჩემე საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე. რაღაც იდუმალება სდევს მის ციალს. მისი ციმციმით ნათელი შემოდიოდა ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში. ნაძვის ხე და ბებია - ჩემი ორი სამკაული. დღესასწაულის წინ ერთად ვრთავდით ხოლმე საახალწლო ნაძვის ხეს და ეს საქმიანობა ორივესთვის დიდი სიხარულის მომტანი გახლდათ. ორივენი ბავშვებივით ვიცინოდით, ვხალისობდით, ფერებს ვარჩევდით. ბოლოს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: დედ - მამა დაშორდნენ ერთმანეთს, მე ბებიასთან დავრჩი. მკითხავ, რატომ არ წამიყვანეს. არცერთს არ ვუნდოდი და იმიტომ, მაგრამ არც მე მინდოდა ისინი, ბებია მერჩივნა ყველას, რომელიც სიკეთესთან, სათნოებასთან და საახალწლო ნაძვის ხის სილამაზესთან და ზღაპრებთან ასოცირდებოდა. დედა მოდიოდა, მნახულობდა, ისევ მიდიოდა. ერთხელ, ივნისის თვეში ბებიამ ნათესავთან წამიყვანა სოფელში. დაღამდა და ეზო - გარემო ციცინათელებით აივსო. გიჟივით დავრბოდი, დავსდევდი, შემშალა მათმა ციმციმმა. - ბები, რომ წავიყვანოთ, ჩვენთან ვიყოლიოთ და ზამთარში ნაძვის ხეზე დავსვათ?? - არა შვილო, იქამდე როგორ წავიყვანთ, ხომ დაიხოცებიან, თან მარტო ივნისში ანათებენ. გული დამწყდა, მაგრამ რა გაეწყობოდა. ზამთარი როცა მოვიდა, უბრალოდ წარმოვიდგინე ჩვენს ნაძვის ხეზე ციცინათელებიც ისხდნენ და ალამაზებდნენ გარემოს სათამაშოებთან ერთად და ერთ დღეს დავხატე კიდეც. სურათმა ხორცი შეისხა. როგორ შევარჩიე ფერები, როგორ მოვახერხე, რომ ასე ლამაზად და მოხერხებულად მოვუყარე თავი ფოსფორისფერ ციცინათელებს თავი საახალწლო ნაძვის ხის გარშემო, ვერ ავხსნი, ვერც მაშინ ავხსნიდი. ეს საიდანღაც მოვიდა, ჩემში გაერია, გაზავდა და ფერებად გადმოიფრქვა. ბებია გაოცებული შეჰყურებდა. - რა კარგია, რა ლამაზია, ბებო გენაცვალოს, ამას ბევრი დიდი ადამიანი ვერ მოახერხებდა. მისმა შექებამ ათმაგად გამაბედნიერა. მას მერე ნახატი: „ნაძვის ხე და ციცინათელები“ ჩვენი საახალწლო ნაძვის ხის მეგობარ - მორთულობა გახდა. ბებიას თვალები უცრემლიანდებოდა, რა ნიჭიერი მყავხარო. ასე გადიოდა წლები. ბებია გარდაიცვალა. მიხვდები, როგორ განვიცადე ეს ამბავი. უკვე ზრდასრული გოგო ვიყავი, მაგრამ ჩემი ემოციები არაფრით განსხვავდებოდა ბავშვისაგან. გულამოსკვნილი ვქვითინებდი, დავტიროდი ბებიას, ჩვენს ურთიერთობას. მან შვილებისაგან, მე მშობლებისაგან დაჩაგრულმა შევძელით გაგველამაზებინა ცხოვრება და მეტი სინათლე შემოგვეტანა მასში. ამისი სიმბოლო ჩემი ნახატი გახლდათ. დავრჩი მარტო, მაგრამ ჩემი ნაძვის ხეები, ნამდვილი და საღებავებით შექმნილი ალამაზებდა და ავსებდა სიცარიელეს. გავიდა დრო და ჩემმა რთულმა ცხოვრებამ ამ აღმართზე ამომიყვანა, მაგრამ, მთავარია, ნახატი ჩემს გვერდითაა. თხრობა დაასრულა. ორივე დავდუმდით. ძალიან დავნაღვლიანდი ამ ისტორიის მოსმენით. - მაგრამ შენ ბედნიერი ხარ მასთან ერთად, - მინდოდა თან მენუგეშებინა, თან სიმართლე ვთქვი. - ვარ. მე რაღაც სხვას, უღიმღამო ცხოვრებაზე მაღლა მდგომს ვხედავ. - არ გიცდია, ვინმესთვის გეჩვენებინა, ვინც შეაფასებდა, როგორც ნახატს, გამოფენაზე გაიტანდა. დარწმუნებული ვარ, ხელოვნებამცოდნეების დიდ მოწონებას დაიმსახურებდა, ჯერ მარტო ფერები რად ღირს . . . - აზრადაც არ მომსვლია და არც მომივა. ასე მგონია ჩემს სულს დაინახავს ყველა, ხელის ფათურს დაუწყებს, მე მას ასეთ რამეს არ ვაკადრებ. ის ჩემია და თუ გამოფენაზე გაიტანენ, ჩაქრება. აღარაფერი მითქვამს, ვიცოდი, კამათს აზრი აღარ ჰქონდა. ამ ამბის მერე კიდევ უფრო დავახლოვდით. საერთო განცდამ, ემოციამ გაგვაერთიანა. ათასნაირი იდეა, ფანტაზია იბადებოდა ჩვენში. მისი ნახატით მისივე სივრცეში ვიჭრებოდით და გარემო გვავიწყდებოდა. მოღუშული აღმართი და უღიმღამო შენობა ბედნიერების კუნძულივით რჩებოდა, რადგან შინაგანი სინათლით იყო განათებული. არც ისე დიდი ხანი არ გასულა ამ საუბრის შემდეგ. ერთ ბედნიერ საღამოს, როდესაც მათკენ მივისწრაფოდი, რაღაც სხვანაირად მომეჩვენა ყველაფერი, თითქოს გარემო მოულოდნელ ცვლილებას მაუწყებდა. აღმართი თითქმის ავიარე, შემაგვიანდა, უკვე ბინდი იდგა. გამიკვირდა, რომ ასეთ დროს არავინ იყო. თითქოს პირი შეკრესო. რა თქმა უნდა, სულაც არ მწყენია ეს ამბავი. შენობაში შესულს გოგონა კმაყოფილი სახით შემომეგება, - რომ იცოდე, როგორ მიხარია, რომ ამ საღამოს არავინაა. ასეთ დროს მარტონი ძალიან იშვიათად ვართ. მინდა ჩემი ნახატის ერთი ღირშესანიშნავი თვისებაც გაჩვენო. ამ სიტყვებთან ერთად მიტრიალდა, სინათლე ჩააქრო. ბინდ - ბუნდში საგნებს ძლივს ვარჩევდი. კუთხე კი სულ ჩაბნელებული იყო. გოგონამ ორივე ხელით აიღო ნახატი, ერთხანს ღიმილით დაჰყურებდა, მერე შემოტრიალდა, აიწია და სიბნელეში ცოტა მაღლა შემოდო. - დაუკვირდი - თქვა თითქმის ჩურჩულით. აღარ მჭირდებოდა მისი მინიშნება. თვალებგაფართოებული შევყურებდი, როგორ ციალებდა ნახატი, ნაზად ბრწყინავდნენ ნაძვის ხის სათამაშოები, ციმციმებდნენ ციცინათელები და კიდევ უფრო უცნაური ის გახლდათ, რომ თითქოს სივრცე გამრავლდა ნახატზე, ისინი მეორდებოდნენ, სიღრმეში იყვნენ განფენილნი. . . ვიცი, რომ არ მეჩვენება. რა ბედნიერებაა, როდესაც სილამაზე ხმას მოგაწვდენს, თავისი სხივებით შეგეხება, შეიძლება გაგიღიმოს კიდეც. ეს ნახატი სწორედაც რომ მიღიმოდა. - საოცრებაა! - აღმომხდა. გოგონა ღიმილით მიტრიალდა ნახატისაკენ. - ეს მე შევძელი; როგორ, არ მახსოვს, მაგრამ ჩემში გაერია, გაზავდა, ფერებად გადმოიღვარა. . . და უეცრად მოხდა თავზარდამცემი რამ: შენობა აძაგძაგდა, გაისმა ჭრიალის ხმა, რაღაცამ გაიბრწყინა, ალბათ მოკლე ჩართვა იყო, ერთ ადგილას კედელი ჩამოიშალა კიდეც რაღაც, ვერც დავინახე რა, დამეცა და წამაქცია. სიზმარში მეგონა თავი. ნგრევა შეწყდა. „მიწისძვრა!“ - მიტრიალებდა გონებაში მაგრამ, სადღა იყო ფიქრის დრო. მყისიერად წამოვხტი, გოგონას ძებნა დავიწყე. ყველაფერი ძირს ეყარა, მტვრის ბუღი იდგა. სადაა!! ნეტა გადარჩა?! პირველ რიგში ხომ ნახატის გადარჩენას შეეცდებოდა“- ვიძახდი, ვყვიროდი, თვალებს აქეთ - იქით ვაცეცებდი და ბოლოს დავინახე. . . გულში თავისი ნახატი ჩაეხუტებინა, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და გადარჩა კიდეც უვნებელი. აშკარად არ აინტერესებდა, რა დაემართა შენობას, მაღაზიას, საერთოდ რა მოხდა; ბედნიერი იყო, რომ ნახატი გადაარჩინა. „- გადარჩა!“ - მომახარა მისმა იერმა, თუმცა ხმა არ ამოუღია. მივვარდი, მივეშველე, მინდოდა, გარეთ გასვლაში დავხმარებოდი; საიდანღაც უცხო კაცი გაჩნდა ჩვენს გვერდით, არც შემინიშნავს, როდის, როგორ შემოაღწია აქ, დახმარების სურვილი გამოთქვა, ადგომაში და გარეთ გასვლაში დავეხმარეთ. კაცმა სკამიც გააჩინა საიდანღაც, დაჯდა, ღრმად ამოისუნთქა, ნახატი მუხლებზე დაიდო, უცხომ წყალიც კი მოიტანა. უცნაურია, რომ სხვა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა გარშემო. ნუთუ მიწისძვრა ვერავინ იგრძნო? - რა ბედნიერებაა, რომ ნგრევას გადაარჩინე, - ვუთხარი ხმადაბლა, მას მერე, რაც ცოტა დრომ გაიარა და გონზე მოსვლა და აზრების თანამიმდევრული დალაგება დავიწყეთ. - შენც გაგიხარდა, ხომ? - კითხვითვე მომიგო. - რა თქმა უნდა, მაშინვე შენზე და ამაზე გავიფიქრე. ერთხანს ისევ ჩუმად იჯდა. - ახლა რა მოხდება აქ? - ვკითხე. - ალბათ სხვა შენობას ააშენებენ. - ჰო, შენც იქ იმუშავებ, მეც მოვალ ხოლმე და გნახავ. - აღარ მოხვიდე! - წარმოთქვა უეცრად, ხმამაღლა და მკაფიოდ. - რატომ? - გავოგნდი. - ჩვენ, ერთად, ისევ დავანგრევთ ყველაფერს. ჩვენნაირი ადამიანები შორს უნდა იყვნენ ერთმანეთისაგან. რუტინის ფონზე განსხვავებულნი ერთმანეთს არ უნდა უახლოვდებოდნენ. დასასრული ყოველთვის ნგრევა იქნება. - მოიცა, - ვეღარ გავუძელი ამ ფილოსოფიას, - ეს შენ გინდა, ასე რომ იყოს. - ასეა საჭირო. სამყაროს გაფანტულ - გაბნეულები ვუნდივართ და არა ერთად. ერთად მყოფებს მიწა ვერ გაგვიძლებს ფეხქვეშ. - მაგრამ ამავდროს შეგვიძლია ერთმანეთი უფრო გავაძლიეროთ, ხელი შევაშველოთ და მეტიც, სხვა ჩვენნაირიც ვნახოთ, გავიცნოთ. - არა, - ჯიუტად გააქნია თავი, - უკვე ვეღარ. ნახატი გულში ჩაიკრა და თავდახრილი გაუყვა გზას, ერთი კი გამომხედა, თვალებით დამემშვიდობა. მინდოდა, შემეჩერებინა, მაგრამ ვეღარაფერი ვუთხარი, ადგილს მივეჯაჭვე, ინტუიცია მეუბნებოდა, რომ აზრი არ ჰქონდ აარანაირ საუბარს, საყვედურს, განმარტებას, რომ ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი დასასრულს მიუახლოვდა. შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორიც იყო. „ კარგად მენახე“ - ხმადაბლა ჩავილაპარაკე მხოლოდ და დაღმართს ჩამოვუყევი. რა მოხდა? რატომ მოხდა? სტიქიური უბედურება თუ სხვა რამ? იმ უცხო ადამიანის გარდა თვალი არავისთვის მომიკრავს. ისიც უგზო - უკვლოდ გაქრა ჩვენი საუბრის დროს, სახელიც კი ვერ მოვასწარი მეკითხა. ყველას ვეკითხებოდი მიწისძვრის შესახებ, გაოცებულნი მიყურებდნენ, არც ოფიციალური ინფორმაციით თქმულა ერთი სიტყვით ამაზე. დავრჩი სულიერი მეგობრის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ისიც დარდობს ჩემზე, მაგრამ ალბათ მართალიც იყო. უნდა დავშორებულიყავით. სევდითა და მონატრებით ვიხსენებ ამ ურთიერთობას. საუბრებს, იდუმალ განცდებს, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცოდით, ერთმანეთს გავუმხილეთ. ვიხსენებ დღეს, როდესაც ნახატმა გამოანათა ჩემს თვალწინ, ჩემთვისაც, მოხდა ნგრევა, სილამაზის გადარჩენა და განშორება, დღეს, რომელიც თავისი სისასტიკის, დაუნდობლობის, ღრუბლებიდან ძირს დანარცხების მიუხედავად, ამავდროს დარჩა დღე ნათელი, უცნაური, ამოუხსნელი, დღე - სასწაული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი