სპირიტული სეანსი


ფეხის ხმა გაისმა და აღმართზე საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ბიჭი გამოჩნდა, ხელით კატა მოჰყავდა.
    - ხეზე ასულა, ვეღარ ჩამოდიოდა, კარგა ხანს კნაოდა თურმე განწირული ხმით - ასე ახსნა კატის მდგომარეობა ბიჭმა.
    - სულელი! - წამოხტა ნანი, ჩემი მასპინძელი, (ვის სახლშიაც ვისვენებდით,) სწრაფად მივიდა,  ჩამოართვა, კატამ წამოიკნავლა, აგრძნობინა, მიხარია, რომ დაგიბრუნდითო.
    - ჯერ ვერ გავიგე, ხმა საიდან მოდიოდა - განაგრძობდა ბიჭი, - მერე მივხვდი, ზევიდან ისმოდა, ავიხედე და რას ვხედავ: დამკნავის გაფართოებული თვალებით, ავედი, ძლივს ჩამოვიყვანე, თან მპორჭყნიდა. . .
    ღიმილის მომგვრელი იყო მისი ლაპარაკი. ღია ფერის თვალებს ცნობისმოყვარე ბავშვის იერი ჰქონდა, ისე ლაპარაკობდა, თითქოს მუდამ თავის სიმართლეს ამტკიცებსო. გაოცების გამოსახატავად წარბებს მაღლა სწევდა. ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ეცვა: ზომაზე დიდი შარვალი, (ალბათ სპეციალურად, სამუშაოდ) მასიური ფეხსაცმელი, თხელი მაისური და მსუბუქი ქურთუკი. მორჩა რა კატის გადარჩენის ამბის თხრობას, ახლა წავედიო - თქვა და დაგვემშვიდობა.
     - მადლობა გოჩა! - მიაძახა ნანიმ, - შენ რომ არა, რა გვეშველებოდა, ხომ დავრჩებოდით უერთმანეთოდ.
    - არაფრის! - შორიახლოდან დაიძახა ბიჭმა.
    - რომ იცოდე, რა ადამიანია, - გააგრძელა ნანიმ ლაქლაქი, - დაუზარელი, ისეთი დაუზარელი. ამასწინად იქ, ქვევით ოჯახს ძროხა დაეკარგა, საღამოს არ მოვიდა. თვალისმომკვრელიც ვერავინ ნახეს, ბოლოს ჩათვალეს, ან მოპარულია ან გარეულ ნადირს გადაეყარაო. ეს არ გაჩერდა. სრულიად უანგაროდ, თავისი სურვილით მოძებნა ორი დღის შემდეგ და პატრონთან მიდენა. თვალებს არ უჯერებდნენ...
   - მადლობა ხომ გადაუხადეს? - დავინტერესდი, - მართლაც იშვიათი საქციელია.
   - კი, გადაუხადეს, თუმცა ზოგმა ეჭვი გამოთქვა, რაღა ამან იპოვაო.
   აღარაფერი მიკითხავს. ვიცი, რომ სრულიად უანგარო სიკეთე იმდენად უცნაური ჩანს, რომ ბევრი ცდილობს, რაიმე სხვა მიზეზი ან საბაბი მოუძებნოს.
    - გოჩა ჰქვია, ობოლია. მოხუცი ბებია ჰყავს, ეზო - კერა აქვთ, არა უშავს, იცხოვრება. ხან რას აკეთებს ხან რას, ხან ვის ეხმარება, ხან - ვის, ასე შოულობენ პურის ფულს - ღიმილით გააგრძელა ნანიმ და სახლისაკენ წავიდა. მეც ცენტრში მდებარე ბაღისაკენ ავიღე გეზი, სადაც საღამოს აგრილების ხანს სხვა დამსვენებლებიც გამოეფინებოდნენ ხოლმე.

                                        *  *  *
     საკურორტო სოფლის ცენტრში მართლაც ლამაზი ბაღი იყო. გარს შემოჯარული ხეებით, ყვავილების ბუჩქებით. აქ ხდებოდა საღამოობით იმათი თავშეყრა, ვინც ახლო - მახლო ისვენებდა, მოდიოდნენ ოჯახები პატარებით, მეგობრები საჭორაოდ და ნაყინის საჭმელად, მხიარული შეკრებები და ლუდის სმაც ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ.
    რომ  მივედი, უკვე მოეყარათ თავი დამსვენებლებს. კეკლუცი ეკაც მოსულა მეგობრებთან ერთად. მართლაც ლამაზი გოგონაა; სპილოსძვლისფერი პირსახე, შავი თვალწარბი, ლამაზი ფორმის ტუჩები, სათნო, ამასთან ეშმაკური გამომეტყველება.
    - რა ხდება, არ ვახსოვარ დღეს არავის? - კითხულობს ხმამაღლა, პრანჭვით და ტელეფონის ეკრანს ათვალიერებს.
    - ახსოვხარ, ახსოვხარ, სიცხე გადაივლის და შეგეხმიანებიან, - გამოსძახა ძალიან გამხდარმა, გაჩეჩილთმიანმა გოგონამ, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს სულ მუდამ რაღაც აწუხებსო, ამიტომ ნერვოზა დაარქვეს.
    - სიცხე არა. . . ვისაც უნდა, ისედაც შემეხმიანება.
    - მოდით გოგოებო, ხვალ მდინარეზე ჩავიდეთ! - წამოაყენა წინადადება მაღალმა, პუტკუნა, მრგვალი ლამაზი სახის გოგონამ, - სანამ კარგი ამინდებია, ვისარგებლოთ. 
    - აუ, მართლა, რას ველოდებით - ამ სიტყვებთან ერთად ეკამ სარკე ამოიღო, - გველოდება წყალი, რუჯი, საბანაო კოსტიუმები.
    -ეკა! - წამოიძახა წითურმა, ჩალმიანმა გოგონამ, შეხე, ვინ მოდის, თაყვანისცემელი!
    - მოანათებს მზეჭაბუკივით! - სიტყვა დააწია თმაგაჩეჩილმა. ყველანი, ეკას ჩათვლით ერთი მიმართულებით იყურებოდნენ, გაცინებული, გამოცოცხლებული სახეებით.
    უნებურად მოვიხედე და რას ვხედავ: დღევანდელი ნაცნობი გოჩა, დიდი ზომის შარვლით და ცნობისმოყვარე ბავშვის გამომეტყველებით.
    - გოჩა! - გაწელილი ხმით შეეგება ეკა.
    - როგორ ხარ, როგორ ხართ გოგოებო! - ის თავის მხრივ ბრწყინავდა მათი შემხედვარე.
    - მოვიწყინეთ, - მოახსენა ნერვოზამ.
    - მერე აქ ვარ, რითი გაგამხიარულოთ?
    - მდინარეზე ვაპირებთ ხვალ წასვლას, ხომ წამოგვყვები? - კისკისით მიახარა ეკამ.
    - აბა რა, - თვალები გაუბრწყინდა გოჩას, ოღონდ თქვენ მოინდომეთ. აქ ყველგან კარგია, მდინარეზეც და ხმელეთზეც, ზამთარშიც ჩამოდით ხოლმე. თოვლი, ბუხარი, შეშას მოვიტან, ათასნაირ ამბებს მოგიყვებით, თან კარგი ღვინო გვექნება.
    - გიყვარს ღვინო? - ჰკითხა პუტკუნამ.
    - გააჩნია ღვინოს, - თვამომწონედ იმართება გოჩა. 
    - ვიცით, შენ ცუდ ღვინოს არ დალევ, - დაუყვავა ეკამ.
    - ახალი წლის დღეებში ამოვიდეთ,  წამოაყენა წინადადება ნერვოზამ.
    - უი, მართლა! - ტაში შემოკრა ეკამ, - ჩვენც რამეს ამოვიტანთ.
    - ნახე, რა ინდაური დაგახვედრო, - იბღინძება კავალერი.
    - მართლა?
    - და თუ არ ჩამოხვალ, გამოგიგზავნი..
    - კარგი, მასე იყოს. 
    - მართლა გამოგიგზავნი, მე ტყუილები არ მიყვარს.
    - ზამთარი შორსაა. ახლა დავაწყოთ გეგმა, რას ვაპირებთ, ანუ ხვალ მდინარეზე, - თემა შეცვალა ნერვოზამ.
    - კი, მივდივართ! - ერთხმად აყვირდა ყველა.

                                          *  *  *
    მორე დრეს ყველანი მდინარეზე იყვნენ. გოჩა შემაღლებულზე შემდგარიყო, გარემოს ზვერავდა, პარალელურად სხვა საქმეც ჰქონდა, იქვე ახლოს მცხოვრებ ოჯახს ეხმარებოდა. მუშაობისა და გოგონების თვალყურის დევნებისათვის დროს თანაბრად პოულობდა.
    - გოჩა, ხომ კარგად ვცურავ? - გაისმა ეკას ხმა, რასაც მალე კივილი მოჰყვა: - ვაიმე! წყალმა წამიღოო!  
    ყველას გაეცინა „წყალწაღებულზე“, რომელიც ნაკადმა ცოტა მანძილზე გაიყოლა თან. ამასობაში  ნერვოზა წამოეწია ცურვით. 
    - რაღაც უნდა გითხრა, - წასჩურჩულა, რამდენადაც ეს ცურვისას შეძლო.
    - მოდი, ავიდეთ.
    - დილით ისევ გამახსენდა, - განაგრძობდა ნერვოზა დაქალი, ნაპირზე რომ მოეწყვნენ, - უკვე მეც აღარ ვიცი, რა მინდა, ვერ ვისვენებ.
    - გენატრება. . .
    - ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ მენატრება. როგორია, ამდენი ხანი ერთად ვიყავით, უცებ იგებ რომ ქორწინდება, თან ყველგან თავხედურად აცხადებს ყველგან და ყველასთან, რომ ქორწილამდე დიდი ხნის განმავლობაში ვხვდებოდითო, ერთმანეთი გვიყვარდაო. . . როდის, როგორ. . . აბა მე ვინ ვიყავი? ან რას მაბოლებდა? რამდენი ღამეა, წესიერად არც მიძინია, სიბრაზე მახრჩობს, რა დონის დამცირებაა. . .
    - ჩემი სიტუაციაც ძალიან გაურკვეველია. ის დეგენერატი ხან გამოჩნდება, გიჟდება, ეცემა ჩემზე, მერე ქრება, თან მთელი თვით. ნეტა რას აკეთებს ხოლმე იმ პერიოდში, როცა არ მნახულობს?
    - ჰკითხე.
    - ვეკითხები და საქმეებიო. რა საქმეებია ამისთანა, ერთხელ დარეკვაც რომ არ შეუძლია. არაფერს მეუბნება.
    - არ ხარ კატეგორიული. იმდენად ბედნიერი ხარ ხოლმე მისი გამოჩენით, რომ სულ გავიწყდება წყენა, აღარც ახსენებ დაკარგულ დროს. . .
    - მართალი ხარ, - ეკას ცრემლიც კი მოადგა, - ისეთი ბედნიერი ვარ, როცა ვხედავ, ვერ წარმომიდგენია ვუსაყვედურო. ამითი ვერ გავაფუჭებ შეხვედრის საათებს და წუთებს.
    - ეეჰ, მოიცა რა, - გვერდით გაიხედა ნერვოზამ, - დრო რომ გადის, ბევრი რამ იცვლება.
    - მაშინ მანამდე მაინც ვიყო ბედნიერი, სანამ რამე შეიცვლება! - ოპტიმისტურად წარმოთქვა ეკამ.
    - აბა გვრიტებო, - მოირბინეს პუტკუნამ და წითურმა, - განმარტოვდით და ჭორაობთ? ჩვეც გაგვაგებინეთ. . .
    - თქვენ ისედაც ყველაფერი იცით - ღიმილი შეაგება ნერვოზამ და ლუდის ცარიელ ქილას ფეხი წაჰკრა.
    - აუ, გოჩა! - გასძახა პუტკუნამ, - წყალი აღარ გვქონია, აღარც ლუდი დაგვრჩა, არადა მოგვწყურდა, მოგვირბენინე რამე.
    გოჩამ საქმე მიატოვა და გამოემართა.
    - ხომ არაფერს გეტყვიან ისინი - ჰკითხა პუტკუნამ, თან ფული მიაწოდა.
    - არა, თან თითქმის მოვრჩი.

    შეღამებულზე ყველანი ისევ მდინარის ნაპირზე ისხდნენ. გოჩამ კოცონი დაანთო.
    - რა კარგია ასე დასვენება, - აღნიშნა ნერვოზამ, - ალბათ აქაურობა თუ მიშველის, კარგად მოვიფიქრეთ.
    - ჰო, ნამდვილად კარგია, - განაზებული ხმით გამოეხმაურა ეკა, უკვე ეძინებოდა, - გოჩა, აქ ღამე სიარული საშიში ხომ არაა?
    - საშიში რა უნდა იყოს, - გოჩამ თავისებურად სასაცილოდ აქაჩა წარბები, - ეზოები ერთმანეთის გვერდითაა, განათებულია ყველაფერი.
    - შენ იცი, რომ ხანდახან უმთვარო ღამეში ალქაჯები სეირნობენ ხოლმე, - იდუმალი ხმით უთხრა წითურმა.
    - უმთვარო კი არა, მთვარიანი ღამით, - შენიშვნა დააწია ნერვოზამ.
    - რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ სეირნობენ, აქაც ხომ შეიძლება იყვნენ. . .
    - არც გამიგია, ალქაჯი კი არა, ეშმაკი კიდე. . .
    - შენ არ გჯერა და ჩვენ ერთხელ ვნახეთ. მეგობრის აგარაკზე ვიყავით ასულები. გვიან ღამე გამოვედით გარეთ, რაღაც ლანდი დასრიალებდა. ისე ჩანდა, მგონი კოჭებამდე სიგრძის თმა ჰქონდა.
    - მართლა? - გულწრფელად გაუკვირდა გოჩას.
    - კი. ისე შეგვეშინდა, გული გაგვიხდა ცუდად.
    - მოგეჩვენათ, - ჯიუტად არ იჯერებდა გოჩა.
    - ყველას ერთად? არ არსებობს. . .
    - ეეჰ, მოიცათ რა, მაგას ჯობია საინტერესო რამეები მოვყვეთ.
    - ეს უინტერესოა? ეს ხომ სასწაულია.
    - აი, მეც მოგიყვებით სასწაულს: ჩემი მეზობელი ოჯახის ძაღლი, ბათურა, მათთან ახლოს მცხოვრები ოჯახის ძაღლთან იყო დაძმაკაცებული. ჯერ სულ პატარა ლეკვები იყვნენ, ერთად რომ თამაშობდნენ. იმათ დანახვას არაფერი ჯობდა, ისეთი სახალისო და სასაცილოები იყვნენ. თუ ვინმე უცხო მოადგებოდა რომელიმეს ჭიშკარს, ორივე ხმაშეწყობილად გამოეხმაურებოდა ხოლმე ყეფით, შენი და ჩემი რამ გაყოო. ხანდახან საჭმელსაც ერთად აჭმევდნენ, სასეირნოდაც  ხშირად ერთად მიდიოდნენ ხოლმე, ჰოდა იყვნენ ასე ტკბილად და მეგობრულად.
    ერთ დღესაც მდინარეზე ჩავდივარ. ვიწრო გზას ჩავუყევი, რომელსაც ეკლიანი ბუჩქნარი გასდევს. მესმის განწირული წკმუტუნი და ამ წკმუტუნს თან ახლავს ქშენის და წკავწკავის ხმა. მივყევი ხმების მიმართულებას და რას ვხედავ: ეკალბარდებში პატარა ტოტებს შორის გაჩხერილა ბათურა. ეტყობა იქ რომ შეძვრა, მაშინ ჩამოვარდა ტოტი, ისე იყო აბლანდული გარშემო ფოთლები და ეკლიანი ტოტები, ვეღარ გამოდიოდა. თან ეკლებიც ხომ კაწრავდა. აქეთ მეზობელ - მეგობარი ედგა, თანაუგრძნობდა, დაწკავწკავებდა გარშემო, მგონი თვალებიც ცრემლიანი ჰქონდა, აშკარად ძალიან წუხდა, მეგობარს რომ ვერ შველოდა. მივედი, ვცადე მისი ეკლებისაგან განთავისუფლება. არც ისე იოლი იყო. გამოვბრუნდი, ცული წამოვიღე. ორივე მენდო სულით და გულით, ცულით ხელში რომ დავბრუნდი, ოდნავადაც არ შეშინებიათ. მივედი, ეკლები და ტოტები ჩამოვჭერი, გადავწიე, გადმოვწიე. . .
    - ამო, შე მართლა ბათურა - ვუთხარი, სტვენით შევაგულიანე. კუდის ქიცინით ამოვარდა, ხტუნვა დაიწყო, მაგრამ თქვენ მეორე უნდა გენახათ, რა დავლური დაუარა, ერთი აკორდეონი აკლდა, ნამდვილი წარმოდგენა გამართა ჩემსა და ძმაკაცის გარშემო, თან ყეფდა, კბენდა სიხარულისაგან. . .
    აი, ასეთი მეგობრობა შეუძლიათ ცხოველებს, მითუმეტეს ძაღლებს, - მხიარულ ნოტაზე დაასრულა გოჩამ ამბავი, კმაყოფილმა, რომ ასეთი საოცარი ისტორია მოუთხრო გოგონებს.
    - რა საოცარია, კინაღამ ვიტირე, - ნაზი ხმით წარმოთქვა ეკამ.
    - მე ვტირი - კატეგორიულად აღნიშნა ნერვოზამ.
    - ძალიან  კარგი ამბავი მოგვიყევი გოჩა, მაგრამ ჩვენც გვინდა საოცრება მოგიყვეთ, - ამ სიტყვებთან ერთად წითურმა მეგობრებს თვალი ჩაუკრა და გააგრძელა : - თუ გაგიგია რამე სპირიტული სეანსის შესახებ?
    - რაო?
    - ჰო, სპირიტული სეანსი.
    - ეგ რაღაა? - გოჩამ ჩვეულებისამებრ აქაჩა წარბები.
    - აგიხსნი. სულის არსებობის ხომ გჯერა, ამ სეანსის დროს შესაძლებელია სულის საიქიოდან გამოძახება.
    - კაი ერთი. . .
    - სერიოზულად გეუბნებით და ამაზე ხუმრობა არ შეიძლება. შევარჩევთ პატარა, მყუდრო ოთახს, ღამით ვაქრობთ სინათლეს და სანთელს ვანთებთ. მაგიდაზე დაფენილია დიდი ზომის თეთრი ქაღალდი, რომელზეც ასოები წერია არეულად. მერე ვიღებთ პრიალა, გალაქულ თეფშს, ვდებთ ამ ქაღალდზე და მივმართავთ სულთა მბრძანებელს თხოვნით, გამოუშვას ის სული, ვისთანაც გასაუბრება გვინდა. როცა სული გამოცხადდება, ნიავის ქროლვის ხმა ისმის, ხანდახან ფშვინვის მსგავსი და სანთლის ალი უფორ მეტი სიხშირით იწყებს ციმციმს.
   - მერე?
   - მერე ვსვამთ შეკითხვებს და თეფში იწყებს ტრიალს სულის გავლენით, მიდის ასოებთან და მიგვანიშნებს სიტყვას, ასე გამოგვაქვს აზრი, რისი თქმა უნდათ სულებს.
    - ეეჰ, მოიცათ რა, - გოჩამ სიცილით ჩაიქნია ხელი, - გამოგონილია ეგ თქვენი სპირიული თუ როგორ? ჰო, სპირიტული სეანსი.
    - არ გჯერა ხომ? კარგი - კატეგორიული ტონით ჩაება საუბარში პუტკუნა, - ხვალ ჩავატარებთ მაგ სეანსს ჩვენთან სახლში, უკან პატარა ოთახში და მერე ვნახოთ, რას იტყვი.
    - ვნახოთ, ვნახოთ! - მხარი აუბა ეკამ, - მერე მაინც დაგვიჯერებ.
    - ჰო, კარგი, მოვალ, - დაეთანხმა გოჩა.
    - ხვალ დავთქვამთ დროს, დაახლოებით შუაღამე უნდა იყოს, თან ვიცით, მაგ დროს იმ ოთახში არავინ შევა, თან ეს რიტუალი აუცილებლად გვიან ღამით უნდა ჩატარდეს - ასკვნიან გოგონები. 
    სპირიტული სეანსი დაიგეგმა. ყველა დასასვენებლად წავიდ - წამოვიდა.

                                        *  *  *
     მეორე დღემ სწრაფად გაიარა. ყველა თავის საქმეში იყო ჩაფლული, რამდენადაც შეეფერება ეს სიტყვა დასვენების სეზონს. ღამისათვის დიდი გეგმა მზადდებოდა. მისტიურს, ამავ დროს სასაცილო სანახაობას ელოდნენ. დაუვიწყარი სეანსი უნდა ყოფილიყო.
     ყველაფერი მომზადდა. ოთახი შერჩეული იყო, პატარა, მყუდრო, სახლის უკან ეზოში გამავალი. მაგიდაც შესაფერისი იდგა, მრგვალი, საშუალო ზომის. გადასაფარებელი იოლად იშოვეს, თეფშიც, რასაკვირველია, არც დიდი ქაღალდისათვის დაჭირვებიათ ბევრი წვალება. ეკამ სერიოზული სახით დაწერა ზედ ანბანი, ისე რომ, გარკვევით გამოჩენილიყო.
    ნაშუადღევს გოჩამ შემოიარა, გოგოები მოიკითხა.
    - თითქმის ყველაფერი მზადაა გოჩა.
    - აბა რა მოამზადეთ, - ცნობისმოყვარედ შეიჭყიტა სახლში.
    - აი, იქით, ბოლო პატარა ოთახში ჩავატარებთ.
    - ჰო, ვნახავ ერთი, სულები რომ მოვლენ.
    - შენ იხუმრე და მართლაც რომ ნახავ, მერე რას იტყვი, - თავმომწონედ მოახსენა პუტკუნამ, - გასულ ზაფხულს ზღვაზე რომ ვიყავით, იქ ჩავატარეთ მე და ჩემმა ბიძაშვილებმა. ერთი უნდა გენახა, თეფში როგორ ბზრიალებდა. თვალს ძლივს ვადევნებდით, რომ დაგვემახსოვრებინა, ანბანის რომელ ასოსთან იყო ახლოს.
    - კიდე კაი, არ გაგექცათ - მრავლისმთქმელი გამომეტყველებით ჩაურთო გოჩამ.
    - არ შეიძლება ამაზე არასერიოზულად ლაპარაკი, უკვე გითხარით - განაწყენდა პუტკუნა. 
    - რატომ არასერიოზულად, იქნებ სულებს უნდოდათ წაღება.
    - დაგვცინე, დაგვცინე - დაასრულა კამათი პუტკუნამ და სახლში შევიდა.

                                          *  *  *

    შუაღამე დადგა. გარემოს იდუმალი ელფერი დაედო. გოგონები ხმამაღლა სიტყვასაც კი არ ამბობდნენ, თითქოს ამითი ხელს უწყობდნენ, სიტუაცია უფრო შესაფერისი ყოფილიყო სპირიტული სეანსისათვის.
    პატარა ოთახის შუაგულში დაიდგა მრგვალი მაგიდა, ზედ გადაფარებული, ასოებით მოხატული თეთრი ქაღალდით. სანთელი კიდესთან ახლოს დადგეს. ეს ყველაფერი რომ მომზადდა, სინათლეები ჩააქრეს, მხოლოდ ეზოდან იჭვრიტებოდა ლამპიონის მქრქალი შუქი, ყველაფერი რიგზე იყო.
    - სადაა გოჩა? იმდენს ღადაობდა, იქნებ გადაიფიქრა მოსვლა, - ეჭვს გამოთქვამდა ნერვოზა.
    - მოვა, მოვა და ვიხალისებთ - ოპტიმისტურად ამშვიდებდა პუტკუნა.
    - ღადაობდა, თორემ გგონიათ, არ აინტერესებს? - მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ეკამ მეგობრებს და თმა შეისწორა. 
    - რა ხდება, რა სიბნელეა! - მოისმა ამ დროს გოჩას ხმა წინა ოთახის კარიდან.
    - შემოდი, მოიცა, გზას გაგინათებ, - პუტკუნამ სანთებელა მოიშველია, - ჯობია სრული სიბნელე იყოს, - ამ სიტყვებით შემოუძღვა იდუმალ ოთახში.
    გოჩას ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა. აშკარად ეტყობოდა, მთელი დღე ემუშავა და ახლა ყველაფერს ბალიშზე თავის დადება ერჩივნა, მაგრამ გოგონებს ხათრს როგორ გაუტეხდა და ალბათ ცოტათი აინტერესებდა კიდეც ამათი „სპირიტული სეანსი“.

                                        *  *  *
    გოგონები მრგვალ მაგიდას შემოუსხდნენ. გოჩაც გვერდით მოისვეს. იმანი კი იდაყვი მაგიდაზე დადო და ხელს თავი დააყრდნო, არ ჩამომეძინოსო.
    გოგონებმა იდუმალი სახე მიიღეს. სიჩუმე ჩამოვარდა, ისეთი სიჩუმე, რომ სანთლის წვის ხმა გაისმოდა ხოლმე ხანდახან. 
    ეკამ ხელები სანთელთან ახლოს დააწყო მაგიდაზე, თვალები დახუჭა. 
    „ - მოგმართავთ სულთა მბრძანებელო, გამოიხმე და გამოუშვი ჩვენთან ჩემი დიდი ბებიის, მაკრინეს სული!“- წარმოთქვა ხმამაღლა, პათეტიკურად.
    კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. იქაურობა ცოტა საშიშიც კი გახდა. გოგონები ცდილობდნენ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ, მაგრამ ვერ ითმენდნენ, ხმისამოუღებლად ერთმანეთს და გოჩას გადახედავდნენ ხოლმე. იმას კი თვალები გაფართოებოდა, ჩვეულებისამებრ წარბები აექაჩა, რაც კიდევ უფრო ბავშვურ და სასაცილო გამომეტყველებას აძლევდა მის სახეს, პირიც კი დაეღო გაოცებისაგან. გოგონებმა სიცილი ვერ შეიკავეს.
    ცოტა ხნის პაუზის შემდეგ ეკამ ისევ გაიმეორა ნათქვამი, კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
    გადაწყვიტეს სათითაოდ გაემეორებინათ ტექსტი. ყველამ თავისი დიდი ბებია დაასახელა.
    თეფში თითქოს ოდნავ შეინძრა. გოგონები დაიძაბნენ.
    - ბაბუას არავინ გამოიძახეთ? - შენიშნა გოჩამ, ისე რომ სახის გამომეტყველება არ შეუცვლია, თვალს არ აშორებდა სანთელს.
    - ჩუმად! - საყვედურით მიმართა ნერვოზამ, - ხომ გაფრთხილებდით, არ შეიძლება ხმაური და მითუმეტეს ხუმრობა. საქმეს გააფუჭებ და შეიძლება დავისაჯოთ კიდეც. 
    გოჩას ხმა აღარ ამოუღია. მდუმარედ გააგრძელა სულების ლოდინი.
    - რადგან ცოტა არევას ჰქონდა ადგილი, მოდით, თავიდან გამოვიძახოთ, - წინადადება წამოაყენა წითურმა და მიუხედავად იმისა, რომ გოჩას ხუმრობამ გაანაწყენათ, ხელები მაგიდაზე დააწყო, თვალები მაგრად დახუჭა და იდუმალი ხმით წარმოთქვა სათქმელი: 
    „ - სულთა მბრძანებელო, გთხოვთ თუ შეიძლება დაგველაპარაკოს ბაბუაჩემის, ლევანის სული. . .“
    კიდევ ერთხანს ისხდნენ და ელოდნენ სულის მობრძანებას. მეორე სანთელი აანთეს, ამ დროს თეფში ოდნავ გასრიალდა.
    - მგონი იწყება, - პუტკუნას თვალები გაუფართოვდა.
    - მოდით გოგოები, იცი რა ვქნათ? ყველამ ხელები ჩავჭიდოთ ერთმანეთს მაგიდის გარშემო და ერთხმად შევთხოვოთ დაგვალაპარაკოს ჩვენი რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული, - განაცხადა ეკამ, - ოღონდ გოჩას არ ჩავკიდებთ ხელს, რადგან მგონი მაინც არ სჯერა. 
    ყველა უმალ დაეთანხმა. ხელები ჩასჭიდეს, თვალები დახუჭეს და ყველამ ერთად წარმოთქვა:
    „ სულთა მბრძანებელო, ყველანი გთხოვთ, დართე ნება და გამოუშვი რომელიმე წინაპრის სული!“
    წარმოთქვეს და თვალგაუხელელად დადუმდნენ. კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ მართლაც გაისმა ქროლვისა თუ ხმადაბალი სუნთქვის ხმა, რომელიც რიტმულად განმეორდა, სანთლის ალიც უფრო მეტად შეირხა.
    ყურები ცქვიტეს, ყველამ ერთდროულად გაახილა თვალი, ხელები უფრო მაგრად ჩასჭიდეს ერთმანეთს. ისევ გაისმა ნელი ქროლვა თუ ამოსუნთქვა და. . . ყველამ ერთად გოჩასკენ მიიხედა. თვალდახუჭული გოჩა საკუთარ მკლავზე თავდაყრდნობილი გადახრილიყო გვერდით და გულიანად ეძინა, მშვიდად ფშვინავდა. სხვა არაფერი არღვევდა მყუდროებას. მხოლოდ სანთლის ალი ციმციმებდა უფრო ხშირად და ხანდახან თავს უხრიდა მძინარე ადამიანის ამოსუნთქვას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი