რემბო


საღამოხანი იყო. კორპუსის წინა ეზოში ძაღლი დარბოდა. მოუსვენრად იყო. პატრონს რაღაც ნივთი დაკარგვოდა, რა მოასვენებდა. პატრონის დარდი ხომ მისი დარდია.
      - აქეთ, რემბო, აქეთ! - ეძახის სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი და მიმართულებას იცვლის. რემბოც დაუფიქრებლად გარბის, მისი ყნოსვა ოთხივ მხარეს წვდება. - სად ჯანდაბაში დავკარგე - ბურტყუნებს თავისთვის პატრონი. 
      ძაღლმა არ იცის, რა ნივთია, მხოლოდ ის იცის, რომ ძვირფასია მისი პატრონისთვის, იცის, რომ უნდა იპოვოს. ამ ძებნა - ჩხრეკაში ერთერთ  სადარბაზოს მიუახლოვდა, უცბად ნაცნობი სუნი ეცა . . .
      ნივთს, რომელსაც პატრონი მუდამ თან ატარებს, მისი სუნი აქვს. ამას რა დიდი ფილოსოფია უნდა. რემბომ ეს ძალიან კარგად იცის. ნაცნობი სუნი თავისკენ უხმობს.  სადარბაზოში შეირბინა, მიადგა კუთხეს და ყეფა ატეხა, მერე ყეფით გარეთ გამოვარდა, პატრონის ყურადღება მიიქცია. 
      - რა ხდება რემბო, მიაგენი? - გამორბის პატრონი. 
      ძაღლმა შეჰყეფა, შეიკუნტრუშა ჰაერში, თითქოს თანხმობა გამოხატა, პატრონს სადარბაზოში შეუძღვა და ლიფტის გვერდით კუთხესთან მიიყვანა.
      - აუუ, სად დამვარდნია, - ამოისუნთქხა კაცმა, - გოგისგან რომ მოვდიოდი, მაშინ დამიკარგავს. დაწვდა, აიღო ტყავის საფულე, ჩაიდო ჯიბეში და არხეინი სახით გადახედა ძაღლს. 
      - პრემია  გეკუთვნის! - მოზეიმე ხმით მიმართა.
      რემბო კუდს აქიცინებდა, წრეც დაარტყა პატრონის გარშემო, თითქოს ეუბნებოდა, შენ მყავდე კარგად, სხვა რა საჩუქარი მინდაო. პატრონმაც გაუგო, ანიშნა, წავიდეთო და სახლისკენ გაემართნენ. 
      რემბო სადარბაზოში პატრონის კართან ცხოვრობს, თავისი ადგილი იცის, მოვალეობა უკეთესად, იქაურების ფარი და მახვილია. ჩემები არიან, უნდა ვემსახურო, დავიცვა - ამბობს მთელი მისი არსება.
      საოცრად განიცდის პატრონისა და ოჯახის წევრების განწყობას. ყველაფერი ესმის, ყველაფერს ხედავს. თუ რამე სასიხარულო ხდება ან რამეს აღნიშნავენ, ძაღლიც გახარებული და ბედნიერია, ხანდახან სახლშიც უშვებენ ხოლმე. უერთდება მათ სიხარულს, დახტის, კუნტრუშობს. ისინიც არ იშურებენ საპასუხო ალერსს. თუ ოჯახში დაძაბული სიტუაციაა ან ვინმეა ავად, რემბო მზრუნველ იერს იღებს, სულ სხვა გამომეტყველება აქვს, თითქოს ამბობს, მე რა შემიძლია თქვენთვის გავაკეთოო. ოჯახის ხნიერი წევრი ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. ექიმები რომ ამოდიოდნენ, ჯერ წამოხტა, ყური ცქვიტა, მაგრამ მერე უცბად გაჩერდა. პატრონი მოყვებოდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი. ინსტიქტმა უგრძნო, რომ ეს ადამიანები დასახმარებლად მოდიოდნენ.
      - გენიოსი ძაღლია, ნუ გეშინიათ, არაფერს დაგიშავებთ - ამ სიტყვებით შეუძღვა ექიმებს სახლში პატრონი.
      ერთხელ გოგონა კლასელმა ბიჭმა მოაცილა. მეშვიდეკლასელი ბავშვების მეტიჩრობა რემბოს გაბრაზების მიზეზი გახდა. ეზოში სეირნობდა იმ დროს, მეზობლების ძაღლებს უყეფდა; რომ დაინახა მისი ოჯახის უმცროსი წევრი ვიღაც უცნობი ბიჭის თანხლებით მოდიოდა, მაშინვე გაექანა მისკენ. „როგორ თუ ჩემს გარდა ვინმე გიცავთ“ - ამას გამოხატავდა მისი ყეფა.
      - გაიწი, გაიწი, - გასძახა გოგონამ, კლასელი ბიჭია გაერიდა, რემბობ უფრო გულადად შეუყეფა.
      - ჩუმად! დაწყნარდი, ჩემი მეგობარია - ჭკუაზე დაარიგა გოგონამ და თითი დაუქნია. პატრონის ხათრმა რემბო გააჩერა. ჩაცუცქდა და ისე გააყოლა თვალი.  „ჩემზე უკეთესი მცველი ვერ იქნება“ - ფიქრობს, მაგრამ რადგან პატრონისაგან ბრძანება მიიღო გაჩუმებულიყო, სხვა რა გზა ჰქონდა.
      როცა ოჯახში ქეიფია, სტუმრები მიდი - მოდიან, რემბო უერთდება საერთო მხიარულებას. მკაცრადაა გაფრთხილებული,  სტუმრებს არაფერი დაუშავოს. ემორჩილება ბრძანებას და სტუმრებს კუდის ქიცინით, მაგრამ ფრთხილი თვალით და მახვილი ყნოსვით იღებს და აცილებს. ხედავს, პატრონები ბედნიერები და მხიარულები არიან. მეტი რა უნდა? სიხარულისთვის ეს სრულიად საკმარისია, თუნდაც მშიერი დარჩეს. არც ეს ემუქრება, ნასუფრალს არ მოაკლებენ.

                                                                               .  .  .

      ერთ მშვენიერ დღესაც შეიქნა მორიგი ფუსფუსი რემბოს პატრონების ოჯახში. რაღაცას ალაგებენ, არჩევენ, ამასთან დიდი სუფრის გასაშლელადაც ემზადებიან. რემბო ნერვიულობს როცა პატრონები წუხან, ბედნიერი და საქმიანია, როცა პატრონები გახარებულნი არიან, მაგრამ დღეს რა დაემართა? ნუთუ სხვა რამეს უგრძნობს გული? მოუსვენრადაა. ვერ იზიარებს საერთო ზრუნვა - მხიარულებას. მისი არსებისათვის დამახასითებელი ინსტიქტი რაღაც სხვას კარნახობს.
      საღამოხანს პატრონმა გაასეირნა, თან ტელეფონით ხშირად ლაპარაკობდა, ძაღლს სიტყვები არ ესმის, მაგრამ ხვდება, მისთვის არასასურველი მომავალი იგეგმება.
      მეორე დღეს საღამოს სტუმრიანობა და მისვლა - მოსვლა იყო. ახლო ნათესავებმა და მეგობრებმა გზა დაულოცეს ოჯახს. მივლინებით ოთხი წლით მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. რემბოს არც  ამ სიტყვების აზრი ესმის, ის გრძნობს. მოწყენილი მიწოლილა. პირველი შემთხვევაა, რომ არ იზიარებს საერთო მხიარულებას. პატრონი ვიღაც ხნიერ კაცს რაღაც საკითხზე მოელაპარაკა, მერე ის ხნიერი რემბოსკენ წამოვიდა. რემბო წამოდგა. უცნობს არ შეშინებია, თავზე ხელი დაადო, მიეფერა . . .
    - ჭკვიანი ძაღლია, გამომადგება - თქვა უცხომ
    - შენ გაიხარე შალვა ბიძია - ამოისუნთქა რემბოს პატრონმა, - ძალიან ვნერვიულობდი როგორ დავტოვებდი, სად, ვისთან, ქუჩაში მისაგდებად ძალიან მენანებოდა. ხვალ ხომ თქვენი მანქანით მიდიხართ, ბარემ გაიყოლეთ, იქ ამისთვის კარგი ადგილია . . .
      რემბომ იცის, რომ ტოვებენ, სხვას უნდა გადასცენ . . . პატრონები, რომლებზეც ამდენი ხანი ზრუნავდა, სხვაგან მიდიან. ალბათ ვეღარასოდეს ნახავს. ინსტინქტმა წარსულის მოგონებები გაუღვიძა . . .
      მოზრდილი ლეკვი ეზოში დარბოდა, ბავშვებთან თამაშობდა, მაშინ ისინი იყვნენ პატრონები.
      განსაკუთრებით გამოირჩეოდა პატარა შავგვრემანი ბიჭი. ასეირნებდა ხოლმე, აჭმევდა, დიდი ძაღლებისაგან იცავდა. ერთხელ სხვა ძაღლებთან ჩხუბის დროს შეესწრო და გაკვირვებული დარჩა მისი სიმამაცით, სულ არ შეშინებია, ისე დაიცვა თავი. მერე ბიჭმა ისინი გაყარა და ძაღლი შეაქო, მაშინ დაარქვა რემბო და ეს სახელი შერჩა.  რემბო ერთგულად დაჰყვებოდა. მისიანს,  მფარველს ხედავდა მასში, ძალიან უყვარდა.
      ბიჭმა ფეხი იტკინა; ძაღლი დარბის მის გარშემო,  აღარ იცის რა ქნას, რითი დაეხმაროს . . . ბიჭი კოჭლობით გაუყვა გზას, ესეც არ შორდება, სახლამდე მიჰყვა. ამის მერე ერთხანს კოჭლობით დადიოდა ეზოში, რემბო გვერდიდან არ მოცილებია, ისევ განუყრელნი იყვნენ.
      ერთხელ ბიჭის ოჯახში უცხო ხალხი მოვიდა, ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა მანქანიდან, რემბოს მეგობარს ხელი დაუქნია, მანაც მიირბინა და მერე კორპუსისკენ, შინ წარუძღვა. რემბოს ინსტინქტი ამუშავდა. თითქოს უკანასკნელად იყო იმ ადგილას. სევდამ შეიპყრო, არც შემცდარა. როცა სტუმარი ისევ გამოვიდა, მიუახლოვდა, მოუხმო, მიეფერა; წამოხვალ ჩემთან? -ალერსიანად ჰკითხა. ძაღლს თვალები ნაღვლიანი გაუხდა. „მე აქ პატრონი მყავს“, - გამოხატავდა მისი მზერა. უცბად დაუსხლტდა კაცს და გაიქცა. ბიჭი გარეთ გამოსულიყო. მიირბინა, გარშემო ხტუნვა და კუდის ქიცინი დაუწყო. ბიჭიც ნაღვლიანი იდგა.
      - ნახვამდის რემბო, გნახავ ხოლმე - უთხრა.
      რემბომ გაიგო.
    მალე ახალგაზრდა კაცის მანქანაში იჯდა, იმ კაცის, რომელიც მისი ახალი პატრონი გახდა და რომელიც ახლა ტოვებდა. ორი პატრონი შეიყვარა რემბომ თავდავიწყებით, ემსახურა სულით და გულით, ორივემ მიატოვა. დაუმსახურებლად დასაჯეს.  ახლა სხვაგან მიდის, ისევ მანქანაშია. საყვარელმა ადამიანებმა გააჩუქეს. რემბომ არ იცის, რა არის მივლინება, მხოლოდ ის იცის, რომ მიატოვეს, გული ატკინეს. მისთვის კიდევ ერთი კარი მიიხურა.

                                                                                 .  .  .

      რემბო ახალ პატრონთანაა, ახალ კარ-მიდამოში.  ძაღლურ გონებაში წარსულს ბინდი ეფინება. ეჩვევა  ახალ პატრონს, ამ ეზო - კარის მეპატრონეს და მასპინძელს. ხნიერ კაცს, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობს, ხანდახან შვილები და შვილიშვილები სტუმრობენ. ეზოში დარბის, ნავარდობს. პატრონს უკან დასდევს, როცა ის ეზოს და პატარა ბაღს უვლის. მცენარეებსაც ცნობს, რა თქმა უნდა, სუნით. 
      - მოდი, რემბო! ახლა ატმის ხე შევწამლოთ, თორე შეუჩნდება ჭია - ღუა, რემბოც წამოხტება, ნაბიჯს არ უციებს პატრონს, შეწამვლაში ვერ ეხმარება, მაგრამ ყეფით ამხნევებს, გარშემო უტრიალებს, თან გულისყური ეზოს გარეთაც აქვს, იქნებ ვინმე უცხომ მოინდომოს შემოსვლა.
      როცა ხნიერი კაცი სადმე მიდიოდა, რემბო ყოველთვის ჭიშკრამდე აცილებდა, თითქოს ეუბნებოდა: აბა შენ იცი, კარგად მენახეო. კაცი რომ ჭიშკარს გასცდებოდა, ეზოში ბრუნდებოდა.
      საღამოხანს, როცა კარგი ამინდია, რემბო და პატრონი ერთად სხედან ხოლმე ეზოში, ხან მარტონი, ხან სტუმრებთან ერთად. რემბო უკვე ხნიერი კაცის უზომოდ ერთგულია. მეზობლებსაც ცნობს, მათ არ უყეფს. იცის, რომ პატრონთან სამტროდ არ მოვლენ . . .
      ზაფხულში გაიხარა რემბომ. ეზო ბავშვებით გაივსო. ბევრი ახსნა არ დასჭირვებია, რომ პატრონის სახლში მოსული ხალხი მისი შვილები და შვილიშვილები არიან, სტუმართმოყვრულად მიიღო. თამაშ - თამაშით დასდევდა, სუნავდა. ვიცი, რომ ჩემი საყვარელი პატრონის ახლობლები ხართ, მაგრამ მეც ხომ უნდა გაგიცნოთ, შეგისწავლოთო. 
      ონავარმა ბავშვებმა ახალი გასართობი მოიფიქრეს. ვიღაცის ძაღლთან აჩხუბეს. დილიდან მშვენიერ ხასიათზე იყო. ცხელოდა, ეზოში კარგად გამოიძინა, მერე შემართული დაჯდა, იქნებ პატრონებს რამეში გამოვადგეო.
      ამ დროს ეზოს გაღმა პატრონის შვილიშვილები ვიღაც ბიჭს მოუძღოდნენ, რომელსაც მისნაირი არსება მოჰყვებოდა.
      ყურები ცქვიტა, დაიძაბა.
      უცხო ძაღლმა შეჰყეფა. რემბო მედგრად დადგა.
      არ იყო აგრესიული ძაღლი, მაგრამ ინსტიქტით ნაკარნახევ თემებს შორის იყო ერთი მნიშვნელოვანი: პატრონებისთვის უნდა ესიამოვნებინა.
      ეზოს გარეთ გაიყვანეს. ერთმანეთზე გაიწიეს ნათესავებმა. რემბოს აგრესია მოემატა. კბილები დაკრიჭა, კუნთები დაეძაბა და ეცა . . . დატრიალდა და რა დატრიალდა . . . მტვერი ავარდა, ყეფა, ღრჭენა, კბენა . . .
      - მიდი! მიდი! - ისმის რემბოს მომხრეებისაგან.
      - აბა, არ შემარცხვინო! - აგულიანებს მეტოქეს პატრონი.
      ორივე ყოჩაღი და ღონიერია. კარგად სცემეს და დაკაწრეს ერთმანეთი. გარკვეული დროის გავლის შემდეგ ორივე მხარეს მობეზრდა ან ცოტათი ალბათ შეეცოდათ კიდეც ძაღლები და ერთმანეთს დააშორეს. 
      გალახულ რემბოს ნაკბენ - ნაკაწრები ტკიოდა. თავის ადგილას მიწვა, მიყუჩდა. პატრონი ძალიან გაბრაზდა, ეს ამბავი რომ გაიგო, ბავშვებს დაუცაცხანა. მერე რემბოს მოუარა, რაღაც წაუსვა, რამაც დაუწვა ნატკენი ადგილები, მაგრამ პატრონი ცუდს ხომ არ უსურვებდა, მოითმინა.
      
      ამ ამბის შემდეგ ორი თვე გავიდა.
      ზაფხულში ნამყოფი სტუმრები დაბრუნდნენ. რემბოს გულმა ისევ ცუდი უგრძნო.
      ოჯახი რაღაცას თათბირობდა. პატრონმა სახლის დავლა და თავისი ნივთების მოგროვება დაიწყო. - აქ მარტო როდემდე იქნები, მაინც უნდა გავყიდოთ, მორჩა და გათავდა. დედა რომ ცოცხალი იყოს, კიდევ ხო . . . მარტო ძაღლის ამარა არ იქნებოდი - ეუბნება სტუმარი კაცი პატრონს.
      სულ არაა საჭირო სიტყვების მნიშვნელობა, ყველაფერი გასაგებია.
    რემბოს ისევ იპყრობს ძაღლური დარდი. ადამიანი, ვისთვისაც თავს დადებს, მიდის.
      ორმა დღემ არეულობაში ჩაიარა.
      რემბოს თავს მეზობელს ანდობენ. - დაგჭირდებაო, დიდი ეზო გაქვთ - ეუბნებიან, მეზობელი თანახმაა. იყოს, სანამ არ გაიყიდება სახლ - კარი, ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ - აიმედებენ.
      რემბოსთვის ეს არაა იმედი.
      მერამდენე მიტოვებას უნდა გაუძლოს. მერამდენე დარდს? ადამიანებს ეს არ ესმით. გული სწყდებათ, ეცოდებათ, მაგრამ რა შედარებაა იმ გრძნობასთან, რასაც ძაღლი განიცდის.
    წასვლის დღე დადგა, ყველა აიბარგა. დიდი მანქანა პატრონს ელოდებოდა. ბოლოჯერ დახედა ძველ სახლ - კარს, რემბო უკან დაჰყვებოდა.
      გარეთ გამოვიდა პატრონი, თავზე ხელი გადაუსვა, კარგად იქნებიო - დააიმედა და ჭიშკრისკენ წავიდა. რომ მიუახლოვდა, მოიხედა, ეგონა, რემბო ჩვეულებისამებრ აცილებდა.
      ძაღლი შუა ეზოში გაჩერებულიყო, უძრავად იდგა და შეჰყურებდა.
      გულმა რეჩხი უყო მოხუცს. „ იცის, რომ სამუდამოდ მივდივარ, აღარ დავბრუნდები, ამიტომ არ გამომაცილა ბოლომდე, მსაყვედურობს „ . . . ცრემლი მოადგა. რა ქნას, უნდა წავიდეს. მეტის გაძლება აღარ შეეძლო, ჩქარი ნაბიჯით მივიდა მანქანასთან. მალე მანქანა დაიძრა, თვალს მიეფარა. სიწყნარემ და სიმარტოვემ მოიცვა ეზო.
      რემბო რამდენიმე დღე არაფერს ჭამდა. ამაოდ ცდილობდნენ მეზობლები მისი გულის მოგებას.  ხანდახან სეირნობდა, ყველა კუთხე - კუნჭულს სუნავდა, თითქოს პატრონს და მასთან გატარებულ დღეებს იხსენებდა.
      - აი, აქ ხეები შევწამლეთ, აქ ყვავილებს რწყავდა, ახლა დაჭკნებიან, აქ სუფრას ვშლიდით - ამბობდა მისი თვალები,  რემბო ხომ ყველაფრის თანამონაწილე იყო. 

                                                        .  .  .

      შეიყვაროს ახალი პატრონი?
      ძაღლის ინსტინქტი ადამიანისკენ მიიწევს, უნდა, რომ უყვარდეს.
      უყურადღებოდ არ ტოვებენ, აჭმევენ ხოლმე, მაგრამ „მისი“ არ არიან.
      თავიანთ ეზოში ორი პატარა ლეკვი ჰყავთ.
      რემბოს ვერ სწირავენ. ძაღლი ამას ხვდება, ეგუება ბედს. პატრონის დანატოვარ ეზო - კარზე გადაიტანა მისდამი სიყვარული.

                                                                             .  .  .
  
      ასე გაიარა რამდენიმე თვემ. რემბოს კვლავ არ ტოვებენ უყურადღებოდ, კვლავ არ ღალატობს თავის ეზოს. ამას არც არავინ სთხოვს. პირიქით, ცდილობენ, თავიანთ ეზოში არ დაამკვიდრებინონ თავი.
      სტუმრები ჩამოუვიდნენ ქალაქიდან. რემბოს ძაღლის ინსტიქტი გაეღვიძა. იქნებ ვინ არიან? ახალ პატრონებს უკვე თავისიანებად თვლის, ცდილობს, ხიფათი აარიდოს. სტუმრებისაკენ გაიწია, ბავშვებმა ყვირილი ატეხეს, უფროსებს ამოეფარნენ.
      - მოაშორეთ ეს ძაღლი, ვისია! - გასძახა სტუმართაგან ერთ ერთმა ქალმა - არ დაგგვლიჯოს.
      - მეზობელმა დატოვა ჭკვიანია, არაფერს დაგიშავებთ - დაამშვიდეს მასპინძლებმა.
      - რა ვიცი, - უხეშად უპასუხა ქალმა და ყველანი სახლში შვიდნენ.
      რემბო ეჭვის თვალით შეჰყურებდა სახლს. მას და ახალ პატრონებს შორის გაუცხოების ზღვარი ბოლომდე არ იშლება.
      სტუმრები რამდენიმე დღით დარჩნენ. რემბოს უფრთხოდნენ, ბავშვებს არიდებდნენ.
      - თუ პატრონი აღარ ჩამოვა, რა საჭიროა აქ, თქვენ ხომ გყავთ ძაღლები, მოაშორეთ - არიგებდნენ ნათესავები.
    - გვეცოდება- უხსნიან მასპინძლები.
    - კაი, რა; რა იცი, რა ხდება, ვისზე გაიწიოს, საშიშია, წაიყვანეთ . . . თუ სახლი გაიყიდა, ალბათ ახალი პატრონები სულ თქვენ შემოგისახლებენ, რა იცით, ენდომებათ?
    - ისევ მოვა - პასუხობენ მასპინძლები, მაგრამ იგრძნობა, რომ დარიგება ჭკუაში უჯდებათ. რემბოს ბედი იმ დღეს გადაწყდა, როცა მეზობლის ძაღლებს საჭმელში ჩაეზიარა  და ამას მათ შორის პატარა გარჩევა და შეხლა - შემოხლა მოჰყვა. გაურკვევლობა მეზობლის ძაღლების გამარჯვებით დამთავრდა.
      - უკვე საშიში ხდება, მგონი დროა მივაძინოთ - იღებენ გადაწყვეტილებას.
    
      ოჯახის ერთერთი წევრი კაცი რემბოს რაღაც სალაფავზე ეპატიჟება.
      რემბო დგება, კუდს აქიცინებს, მაგრამ მისი მზერა სხვა რამეზე მეტყველებს. ეს არაა საყვარელი პატრონის ხელით გამოწვდილი ნუგბარით გამოწვეული სიხარული ან ზრუნვაზე მადლობის გამოხატვა. 
      რემბომ იცის, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია, როგორც ყოველთვის ხვდებოდა, როცა სტოვებდნენ. იცის, რომ ყველაფერს ის სალაფავი დაუსვამს წერტილს.
      მაგრამ იგი ხომ ძაღლია, ადამიანის ნება - სურვილი უნდა აასრულოს. საამისოდ ამოქმედდა მისი ინსტიქტი. სალაფავისკენ მიდის. მოვალეობაში მადლიერების გამოხატვაც შედის და იქნებ უნდა იყოს კიდეც მადლობელი?
      მორჩილად ჭამს, გემრიელია, შერეული  წამლის გემო არ იგრძნობა.  რემბო მის იქ არსებობას ინსტინქტით გრძნობს. ინსტინქტი მიაქანებს აღსასრულისკენ, აგრძნობინებს, შენი დრო დადგაო;  ახლაც, როგორც ყოველთვის, შეუცდომლად მუშაობს.
      რემბო მიწვა, თვალები უბინდდება. გარეთ არავინაა. ვერ უყურებენ რემბოს აღსასრულს. ტყუილად არიდებენ თავს. რემბო მშვიდად ემორჩილება მისთვის საყვარელი არსების - ადამიანის ნება - სურვილს და ბედს შეგუებული სამუდამოდ ხუჭავს თვალებს. 
      ცხოველებსაც თავისი ბედისწერა აქვთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი