გაფრენა


მანქანა მოლიპულ ასფალტზე მოსრიალდა, საჭეს ვეღარ ვიმორჩილებ, ვცდილობ ვატრიალო, გამირბის, თითქოს მაგრძნობინებს, შენს ჭკუაზე აღარ ვივლიო, მესმის ღრჭიალი . . . რაღაც ახირებულმა ენერგიამ ჩაითრია ყველა მექანიზმი, მე გარეშე ვარ, თითქოს მანქანა სულ ასე, თავის ნებაზე დადიოდა; ასე გრძელდება ერთხანს, პანიკა, კივილი . . . დარტყმა!
     თავში საშინელ ტკივილს ვგრძნობ, რაღაც ზრიალებს, შუბლზე და საფეთქლებზე თბილმა სითხემ დაიწყო დენა, -„სისხლი!“- გავიფიქრე, უეცრად თითქოს კეფაში რაღაც ჩამარტყესო, თვალებში უკვე მიბნელდება, მხოლოდ ნაპერწკლებს ვხედავ აქა იქ და ერთადერთი აზრი მიტრიალებს განუწყვეტლივ: არ მინდა სიკვდილი! არ მინდა სიკვდილი! - გაჰკივის მთელი ჩემი არსება, მერე ხმამ დასუსტება დაიწყო, უფრო ხმადაბლა, სუსტად . . . და სრული სიბნელე.
     არც მე და არც არავინ  უწყის, რამდენი ხანი გაგრძელდა ეს სიბნელე, არარსებობა, სრული წყვდიადი, უგონობა . . .

                                           *   *   *

     უცბად მოვედი გონზე, თითქოს ღრმა ძილიდან გამოვფხიზლდიო. სრულიად საღად ვაზროვნებ, თითქოს შიგნიდან რაღაც გამონთავისუფლდა, ასე მგონია, ყველაფერს დავინახავ და გავიგონებ, ჩემგან შორ მანძილზეც კი; თუმცა, თავზარს მცემს ერთი გარემოება: რაღაც სხვანაირია ყველაფერი, თითქოს მზე შეიცვალა, დღის სინათლე და სივრცეც განსხვავებულია. თითქოს ვიღაცამ თუ რაღაც ძალამ სრულიად უცხო ალაგას მიმიყვანა და დამტოვა.
     ვიხედები გარშემო და კიდევ ერთი უცნაურობა! ეს მიხედ - მოხედვა ინსტიქტურად გამომივიდა, სინამდვილეში, ყველა მხარეს ვხედავ და უეცრად გაიელვა აზრმა: მე სული ვარ!
     დატრიალდა ყველაფერი, თითქოს სამყარო ამოყირავდა. მინდა, ჩემს სხეულს შევხედო, დავხედო, ვხედავ კონტურებს, თავის, ტანის მოყვანილობას, მაგრამ ნახევრადგამჭვირვალე ვარ, ყოველ შემთხვევაში, ასე აღვიქვამ.
     „სულები დაფრინავენ“ - გაიელვა აზრმა.
     ნურას უკაცრავად! ფრენა კი არა, ნაბიჯი ძლივს გადავდგი. თოკზე მოსიარულესავით ვბარბაცებ, ხელებს (ანუ ხელისა და მკლავის კონტურებს) ინსტიქტურად ვიქნევ, ვბორძიკობ და სულაც არ ვგრძნობ თავს მსუბუქად..
     ცოცხლად ყოფნის დროს უამრავი ისტორია, ჭორ - მართალი მაქვს მოსმენილი კლინიკურ სიკვდილზე, მახსოვს ფრაზები: „სიმსუბუქის შეგრძნება“,  „სადღაც გავფრინდი“, „ბუმბულივით ვიყავი“ . . . ახლა მეცინება, რამდენადაც შეიძლება სულს გაეცინოს. ისეთი უგერგილო, მოუხერხებელი ვარ,  „რა სანახავი ვიქნები?“- ვფიქრობ, რაღაც ნისლისმაგვარი, ადამიანის ფორმით, ფეხზე ძლივს დგას, გალეშილი მთვრალივით ბორძიკობს . . . რა სიმსუბუქეზე და ფრენაზეა საუბარი.
    ირონიისთვის ბევრი დრო არაა, პანიკა მეწყება, კი, მაგრამ ასე როდემდე უნდა ვიყო და ვიბორძიკო?
    ყურადღება არც მიმიქცევია, თურმე არც მეტი არც ნაკლები, იქვე ახლოს ბილიკი გადის. ვიწრო გზა, როგორიც ადრე სოფელში თუ მაქვს ნანახი, გვერდით  მწვანე მოლივით გასდევს. მართლა ბილიკია თუ მე აღვიქვამ ბილიკად? ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ არის და ლიანდაგივით გრძელდება, ალბათ შორს, ძალიან შორსაა ბოლო - გავიფიქრე.
    „უნდა გავუყვე“ - ვაგულიანებ ჩემს თავს, გავუყევი ბარბაცით, ვცდილობ, არ გადავცდე, მივიდვარ თოკზე მოსიარულე ჯამბაზივით და უცბად! . . .
    ვხედავ, ჩემსკენ ფიგურა მოდის, მოდის ნელა, მშვიდად, თითქოს მისგან რაღაც შვება იგრძნობა. მეშინია, მაგრამ სად წავალ? გაქცევა შეუძლებელია. ვდგები, ვიმართები, მიახლოვდება. ძალიან მინდა გადმოგცეთ ჩემი მაშინდელი შთაბეჭდილება, ვეცდები:
    გქონიათ ასეთი შემთხვევა? ვერ ხედავ, მაგრამ ცნობ, არ გესმის, ხვდები, არ ეხები, გრძნობ. ისიც კონტურებისაგან შემდგარი არსება გახლდათ, მაგრამ რომ იცოდეთ, როგორი მეტყველი. მზერიდან, ანუ თავის კონტურიდან დიდი ყურადღება, მზრუნველობა მოდიოდა, თითქოს აზრს ასხივებდა, ჩემთან ნურაფრის გეშინიაო - „ამბობდა“.
    - ესეც სულია? - ხმამაღლა ვეკითხები ჩემს თავს.
    - ხელი უნდა შეგაშველო - ისმის არსებიდან, სიარული გაგიჭირდება და ამ სიტყვებთან ერთად მკლავებს ჩემსკენ იწევს, ვენდობი, მე შენ გეტყვი, სხვა რამ გზა მაქვს.
    ისე გამმართა მისმა შეხებამ, გავოგნდი, ბილიკზე თავისუფლად მივაბიჯებ.
    - მე გამომგზავნეს დასახმარებლად
    - ვინ, რატომ?
    არსებიდან ღიმილი გამოკრთა, - ასეა საჭირო; დედამიწაზე მოვლენისას ჩვილს ბებიაქალი იჭერს,  სიკვდილის მერე სხეულიდან გამოსული სული ჩვილის მდგომარეობაშია. როგორ გგონია, რატომ გიჭირს წონასწორობის შენარჩუნება, მოძრაობა. აქ, სულთა საუფლოში, ახალი დაბადებული ხარ, ხელის შეშველება გჭირდება, წინ ძალიან, ძალიან გრძელი გზა გიდევს . . .
    შემაძრწუნა მისმა სიტყვებმა.
    - ვიცი, დაბნეული ხარ. ადამიანი ბევრს ფიქრობს იმ წამზე, როდესაც მოუწევს დრო, დატოვოს ჩვეული სამყარო და შეუცნობელში გადავიდეს. რანაირი მითები და ლეგენდები არაა ამაზე შეთხზული. ყველაფერშია სიმართლის მარცვალი, მაგრამ ხომ იცი, რეალობა  მოულოდნელობებითაა სავსე.
    - ანუ, აქ დავიბადე? - ვეკითხები დაბნეული, გამოშტერებული. 
    - დიახ, მასეა. 
    - და შენ ის ხარ, მფარველ ანგელოზს რომ უწოდებენ?
    ისევ ღიმილი . . .
    - არა, მეც სული ვარ, მეც დამხვდა აქ გამძღოლი, როდესაც გარდავიცვალე.
    მივუყვები ბილიკს, ფიქრებმა გამიტაცა, ეს იერი, გამომეტყველება ნაცნობია, ვერ ვიხსენებ . . .

                                        *   *   *

    მივდივართ, ნაბიჯი უკვე დავხვეწე. გარშემო უცნაური სინათლეა, რაღაც ნისლისმაგვარი სინათლე ჩაგვივლის ხოლმე. არ დაგავიწყდეთ, რომ მე ამას ადამიანური თვალთახედვით გადმოგცემთ. ნისლი, გზა, ბილიკი, სინათლე . . . როგორც ჩემმა გიდმა ამიხსნა, ამ ყველაფრის გასააზრებლად ჯერ ბევრი მიკლია. რომ ვეცადო, სულის თვალით დავინახო ყველაფერი, არც გამომივა, ჯერ უნდა გავიზარდო ნელ-ნელა, როგორც ბავშვი იზრდება მატერიალურ სამყაროში, ოღონდ „აქაური ბავშვობა“ფრიად განსხვავებულია.
    - ანუ ეს იყო ჩემი ბედი, ვებუზღუნები გამძღოლს, - არ მინდოდა სიკვდილი, ეს იყო ჩემი უკანასკნელი გაფიქრება.
    ამ დროს შორი - ახლო მანძილზე თითქოს რაღაც გამოკრთა, ეს არ იყო სინათლე ჩვენი, დედამიწისეული გაგებით. აზრი გაკრთებოდა ხოლმე, დიახ, არ მოგესმათ, აზრი! მე უკვე „იმქვეყნიურად“ მსჯელობას ვიწყებ; მესმის მისი და მაგრძნობინა, რომ ჯერ ამაზე საუბარი საჭირო არაა(?) დავნებდი  „მოწოდებას“.
     მივდივართ, ასე მგონია, უკვე დიდი ხანი გავიდა, ძალიან დიდი.
    - ბევრს ჰგონია, რომ სული სხეულის დატოვებისთანავე ყველაფერშია გაცნობიერებული, - აგრძელებს საუბარს მეგზური, - სინამდვილეში უზარმაზარ მუზეუმში მოხვედრილი პატარა ბავშვივითაა, ხედავს, ვერც ხედავს, აინტერესებს, პასუხს ელის.
    - კი, მაგრამ, ასე როდემდე უნდა ვისეირნოთ? - ვეკითხები, - ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ „საიქიო“ ასეთად არ წარმომედგინა; გაუთავებელი სიარული რაღაც ბილიკზე სიცარიელეში, მოსაწყენია, ხომ იცი . . .
    - ჯერ სად ხარ, ახლა დაიწყე, მოითმინე - მოვიდა პასუხი.
    ისევ გაკრთა ის „რაღაც“, თითქოს რაიმე სიახლეს გვაუწყებდა.
    და უეცრად ჩვენს თვალწინ უზარმაზარი პანორამა გადაიშალა და რა, არ იკითხავთ?
    დედამიწა! ჩვენი დედამიწა!
     ხარბი თვალით ვათვალიერებ „სამშობლოს“;  აუცილებლად მიმაჩნია, აღვნიშნო, რომ იქედან დედამიწაა სამშობლო და არა მისი რომელიმე რეგიონი. შევცქერი კონტინენტებს, ოკეანეებს . . . ნეტავ, რა ხდება იქ? ან იმ ადგილას, რომელიც მე დავტოვე, რა დღეში იქნებიან ჩემები, ნაცნობ - მეგობრები . . .
    - ალბათ ბევრი განიცდის, ბევრს ეცოდები . . .
    - ყველას.

     პანორამა იცვლება, დედამიწის მაგიერ ამოიზარდა მთელი ჩემი ცხოვრება, დაწყებული ჩვილობიდან  სიკვდილის დღემდე, გაოგნებაც ვერ მოვასწარი,  ქრონიკის კადრებივით განლაგდა, დასრულებული ფილმივით დამუშავებულ - დამონტაჟებული. კარგიც, ცუდიც, . . . არ ვიცი, შემრცხვეს, თუ ვიამაყო. შევდივარ „ქრონიკაში“, მიდის კადრები, აი, სულ პატარა ვარ, ჩვილი, მერე ბავშვი, მშობლებს შევცინი, ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, ეზოში თუ ჩამიშვებენ, მეგობრები, სეირნობა, მერე ყრმობა, პირველი სექსი, პირველი სიყვარული,  ოჯახი, ახლობლები, კარიერა, შვილის დაბადება . . . ეს ყველაფერი, ჩავლილ - განცდილი, მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი მოვლენებით დახუნძლული, თითქოს სადღაც იდო  თაროზე შემოდებული კინოფირივით და ახლა გადმოიღეს, გაშალეს და უჩვენებენ . . .
     ბევრი რამ იყო, ძალიან ბევრი, ზოგი რამის შემრცხვა, ზოგით ვიამაყე, მაგრამ ერთმა დეტალმა გადაფარა ყველაფერი. რამდენიმე წლის წინ ერთ ერთ დიდ ფირმაში ვმუშაობდი. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე, გულწრფელად ვემსახურებოდი, მაგრამ რაღაც გაუგებრობისა თუ ინტრიგების მსხვერპლი გავხდი . . . ერთ მშვენიერ დილით ვიგებ, რომ სამუშაოდან განთავისუფლებული ვარ. ეს ერთ ერთი დიდი ტკივილი იყო ჩემს ცხოვრებაში, მდგომარეობას ის უფრო მიმძიმებდა, რომ  გაურკვევლად, ბუნდოვნად, რაღაც შეთითხნილი მიზეზით მოხდა. ან ჩემი ადგილი უნდოდათ ვინმესთვის, ან . . . არ ვიცი. ერთი სიტყვით, მეხივით მეცა ეს ამბავი, ხმაც არავისთვის გამცია, ახსნა - განმარტებას არც ველოდი. უცბად, თითქოს პირი შეკრესო, ყველა მტერი გახდა, ისინიც, ვინც მეგობარი ან კეთილგანწყობილი მეგონა. აქა - იქ ვიჭერ მზერას, ერთმანეთში ჩუმად საუბრობენ, ჭორაობენ . . . მივალაგე ჩემი მაგიდა, ავიღე ყველა ჩემი პირადი ნივთი და წასასვლელად მოვემზადე. უეცრად ერთი ადამიანური სახე დავინახე, შეშფოთებული,  დამწუხრებული, ოღონდ გულწრფელად და არა ისე, კარგი ქცევის წესების დასაცავად  მოწყალე იერს რომ მიიღებენ ხოლმე. ჩემთან მოირბინა, კალკულატორი მომიტანა; - ეს თქვენია, აქ არ დაგრჩეთ, - მეუბნება. მადლობა ვუთხარი, გამოვართვი, - ყველაფერი კარგად იქნება, - აგრძელებს, უსამართლობა მოხდა, მაგრამ გაირკვევა, საუბარს მოვკარი ყური, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი, ყველა შიშში უნდა ვიყოთ, როდის ვისი გაგდება მოეპრიანებათ, ნეტა ამ ადგილას თქვენზე უკეთესს ვის მოიყვანენ? - ხელი ჩაიქნია, დამემშვიდობა და თავის საქმეს მიუბრუნდა. 
    შენობას რომ საბოლოოდ ვტოვებდი, შესვენების დრო იყო, ქვევით თვალი მოვკარი, თანამშრომლებთან ერთად იდგა, ყველამ განურჩეველი სახე მიიღო, თითქოს ვერ მხედავდნენ, ის კი შეცბა, ნაწყენი ბავშვივით მზერა გამაყოლა. მაშინ პირველად ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს, ცოცხალ არსებებში ადამიანიც რომ ურევია.
     და ახლა, როცა შორიდან, ძალიან შორიდან ვუმზერდი ამ კადრებს, ჩემს ტვინში, თუ არც ვიცი როგორ ვუწოდო სხვანაირად ჩემს „იქაურ“ აზროვნებას, ამოტივტივდა აზრი: ეს ხომ! . . . თავზარი დამეცა, - ეს ხომ ისაა! ჩემი მეგზური. მას შევხედე, - შენ?! გვერდიდან ისევ გამოკრთა სინათლე, ღიმილი წამოვიდა არსებიდან . . .
    ვინმე გარდაცვლილ ნათესავთან ან მეგობართაგან რომ დამხვედროდა, ისე არ გამიკვირდებოდა, შენ? შენ ხომ კარგად არც გიცნობდი . . . და ბოლოს, იმ ხუთი წუთით დამამახსოვრე თავი . . .
    და რას ნიშნავს ყოველივე ეს? - უკვე ჩემს სულს ვეკითხები . . .
    - ყველაფერი ძალიან მარტივია - მპასუხობს მეგზური, ხუთი წუთი? მთელი ცხოვრება? ზოგჯერ ხუთმა ან ერთმა წუთმა შეიძლება გადაწონოს ყველაფერი. რადგან იმ მომენტში მე ვიყავი შენი თანამგრძნობი, ამიტომ დამევალა დახვედრაც.
    - მე კი აღარც გამხსენებიხარ . . . - მას მერე სხვაგან დავიწყე მუშაობა, გამიმართლა, დაბრუნების შანსიც იყო, როგორც შენ მანუგეშე, ახდა, მაგრამ მე აღარ მიღირდა, უკეთესი ვიშოვე, ყოფილი კოლექტივი წაიშალა ჩემი მეხსიერებიდან და შენც მათში გაითქვიფე . . .
    - ადამიანური თვალსაზრისით არცაა გასაკვირი, ვერ ვიცლით ყველა დეტალის გასახსენებლად  და ვერც შესაფასებლად.
    - ანუ, საამისოდ უნდა მოვმკდარიყავი?
    - ყველასთვის განურჩევლად შემეძლო თანაგრძნობა გამეწია, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ახლობელი იყო, თუ ნაცნობი, - აგრძელებს მეგზური, ამიტომ ვარ შენი გამძღოლი. ეს ყველას არ შეუძლია, „აქ“ ჩემნაირების პრივილეგიაა.
    - და მაინც, რატომ მითანაგრძნე?
    - ღიმილი გამოვიდა, პასუხი არ გამცა.
    ხანდახან ერთ წუთს გაცილებით მეტი წონა აქვს, ვიდრე წლებს - გვაწევს აზრს სინათლის ნისლი.
    - შენ რაღა დაგემართა, - ვეკითხები მეგზურს.
    - მეც ავარია შემემთხვა, მანქანაში უკანა სავარძელზე ვიჯექი, მაგრამ დარტყმა ისეთი მხრიდან იყო, რომ საბედისწერო გამოდგა ჩემთვის.
    მეტი აღარაფერი უთქვამს, გადავერთეთ კვლავ ჩემს „ქრონიკაზე“. მიდის ცხოვრების ორომტრიალი, თურმე რამდენი რამ არ მახსოვს, არადა, ორმოცისაც არ ვარ ჯერ. ბოლოს მოდის დღე, როდესაც ავარია შემემთხვა. აქ წყდება „ფირი“. ცოტა ხანი ჩუმად ვდგავართ.
    - ახლა საით გინდა? - მეკითხება.
    - ჰმ, საით მინდა, თითქოს საკურორტო ქალაქში ვსეირნობდეთ, ჩემი არჩევანია? 
    - გინდა, დედამიწის წარსულს გიჩვენებ?
    - რა თქმა უნდა, კარგი იქნება, გადავხედო შუა საუკუნეებს და ანტიკურ ხანას, როგორც ცოცხალმა მოწმემ, ან დედამიწის შექმნის პერიოდს, მაგრამ მომავალსაც ხომ ვნახავ?
    - ჯერ მაგის უფლება არ გაქვს.
    - ??
    - მომავლის დანახვა სხვა პრივილეგიაა. ჯერ მოხდა ის, რაც დასაწყისში იყო აუცილებელი: ჩვენს სივრცეში მოხვედრა, შეგუება ახალ, სულიერ სხეულთან, ცხოვრების ისტორია . . . დანარჩენი წინაა. რადგან სათამაშოებით არ თამაშობ და მანეჟში არ ზიხარ, არ იფიქრო, რომ ზრდასრულად აღიქმები, საფეხურები გაქვს გასავლელი . . .
    პაუზა გრძელდება. ცხოვრებისეული ქრონიკის შემდეგ ერთ ადგილას ვართ გაჩერებული.
    - ერთი, შემოსასვლელი, ეტაპი გავიარეთ, ახლა მეორეზე გადასვლა მოხდება.
    - მალე? 
    - არ ვიცი. ჩვენზე არაა დამოკიდებული. ახლა ისეთ შუალედში ვართ, სადაც დრო არ არის.
    - ანუ?
    - ჯერ ისევ დედამიწისეულად აზროვნებ. ის ოცდაოთხსაათიანი სარტყელი იქაა. მატერიალურ სამყაროში ყველა პლანეტას, გალაქტიკას თავისი დროის სარტყელი აქვს, აქ კი სხვა კანონები და განზომილებებია. არის სხვადასხვა დროები, სხვადასხვა განზომილებები, არის „უდროო“ შუალედებიც. ახლა კი მოთმინება!
    თითქოს რაღაც დატრიალდა გარშემო, სივრცე მოძრაობს, მე ქვასავით უძრავი ვარ, რა ხდება, ქარიშხალია თუ სხვა რამ? ვერ აღიქვა ჩემი „იქაური“ გაგებით ჩამოუყალიბებელმა ცნობიერებამ. მეგზურიც რაღაცას მოლოდინშია. რაღაც სინათლეები, ციმციმი, ჩნდება დიდი სარკმელი, თუ ჩარჩო, ვაიმე, ღმერთო, რატომ? რა ხდება? ვინ გამოჩნდება? ღმერთი? ეშმაკი? ანგელოზი?... უკვე ძრწოლას ვგრძნობ, - ღმერთს დავინახავ? - ვეკითხები ხმამაღლა მეგზურს, დამშვიდებას ველი მისგან. თითქოს რაღაცამ ამიტაცა, რაკეტაზე უსწრაფესად მივფრინავ, თან ერთ ადგილას ვდგავარ. ახლა მივხვდი, რას ნიშნავს უდროობა. უცნაურმა სინათლემ გადაუარა ყველაფერს, სარკმელი უნდა გაიხსნას, იხსნება, უკვე გამოჩნდება, აი, იკვეთება, ბავშვივით ვღელავ და! . . . - ღმერთსაც ველოდი, ეშმაკსაც, ყველაფერს და არა იმას, რაც მე ვნახე! ჩემი თავი, დიახ! არ მოგესმათ! ჩემი ფიზიონომია მიცქერდა სარკმელიდან, ზუსტად ისეთი, როგორიც ვიყავი ცოცხალი, დაღუპვამდე.
    ამან სულ გამაგიჟა, გამაოცა, თავზარი დამცა, მით უფრო, რომ ჩემს მეგზურსაც  გაოცება შევამჩნიე.   
     მან შეხედა ჩემს სახეს „სარკმელში“,რამდენიმე წამით შეაჩერა მზერა, შემდეგ მობრუნდა, დადგა ჩემს წინ. რაღაც მოულოდნელის მოლოდინში დავიძაბე. დგას, მომჩერებია და უცბად ხმამაღლა, მკაფიოდ იძახის: წადი! მიდიხარ!
      თითქოს მის დაძახილს ელოდაო, ჩემმა სულმა უკან იწყო დახევა და ეს ხდებოდა ჩემს უნებურად, დაუკითხავად, მივდივარ უკუსვლით, თურმე რამხელა გზა გამივლია, გარემო კვლავ ირევა, სინათლე, სიბნელე, სინათლე და ისევ შეგრძნება რომ გონს ვკარგავ. თითქმის ისეთივე მდგომარეობა და განცდა, როგორიც ავარიის დროს მქონდა, ცოტაც და ყველაფერი გაქრა, ისევ წყვდიადმა და უგონობამ შთანთქა ყველაფერი.

                                                                            *   *   *

    თვალს ვახელ, საავადმყოფოს პალატაში ვარ, ჯერ ბუნდოვნად ვარჩევდი სილუეტებს, მერე სახეებიც გამოიკვეთა, ბგერები ყრუდ მესმის, ხმა ხანდახან იხშობა, თავი რობოტი მგონია, რომელიც დაზიანდა, შესაკეთებელია  და ხელოსნებისა თუ სწავლულების ჯგუფი ცდილობს მის აღდგენას ახალ პროგრამაში ჩასართავად. . .

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი