იცი, იქ ომია.....
დილიდან უამრავი ნეგატიური ინფორმაციით თავ და გულდამძიმებულმა ვაღებ კარს და ქუჩაში გავდივარ. ჩვენი მშობლიური, ძალიან კარგად ნაცნობი ხალხმრავალი ქუჩა მისთვის დამახასიათებელი სურათით მეგებება: მანქანები, რომელთაგან ზოგი უადგილოდ გაჩერებულია, ზოგი საცობში დგას, ხმამაღალი გადაძახილ - გადმოძახილი, ყვირილი, მაღაზიები, მარკეტები, გარემოვაჭრეები. . . ერთერთი მათგანისაგან ვყიდულობთ ხოლმე ძალიან გემრიელ თხილს და მზესუმზირას. დღესაც, როგორც ყოველთვის ზის თავის ადგილზე, ჩვეულებისამებრ გარშემო უწყვია გასაყიდი ავლა - დიდება, თალხი ფერის ტანსაცმელი აცვია, თავზე შავი თავშალი აქვს წამოფარებული, რომელიც ხან მზისაგან, ხან წვიმა - თოვლისაგან იცავს. თავი დახრილი აქვს, შესაძლოა რამეს კითხულობს კიდეც ან სულაც ჩათვლიმა. მივუახლოვდი, რათა თხილი მეყიდა. არასოდეს გამოვლაპარაკებივარ. ახლა კი ძალიან მომინდა მიმდინარე მოვლენებზე ვინმეს გავსაუბრებოდი, ნანახ - მოსმენილის შთაბეჭდილებები გამეზიარებინა. „ხედავთ, რა ხდება?, რას უძლებს იქ ხალხი. . . არც ჩვენ გვილხინს, მაგრამ ჩვენს ახლანდელ ყოფას ვერც შეადარებ, ღმერთმა დაგვიფაროს. . .“ ამ ფიქრებით თავს წავადექი ხნიერ ქალს. თავი ისევ ჩაქინდრული აქვს, ახლა მხოლოდ თავშალს ვხედავ. ფული გავუწოდე. აიღო ჭიქა, თხილში ამოურია. . . - იცით? უსმენთ? უყურებთ ტელევიზორს? ახლა იქ ომია - მივმართე ემოციისაგან ათრთოლებული ხმით, - დღეს კიდევ უფრო მეტი უბედურება დატრიალებულა. - ომია, ომი - ხმადაბლა გამომეპასუხა. - ჩვენც რამდენი ომი გამოვიარეთ. უნდა გვეცოდებოდეს ის ხალხი. - მე სულ ომში ვარ. ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ომია. - ყველას აქვს თავისი ომი და მშვიდობა, მაგრამ ახლა იქ ახლა ნამდვილი ბრძოლაა, გააფთრებული ბრძოლა იარაღით, ტანკებით, ბომბებით. . . - ბევრჯერ მინახავს ჩემსკენ დამიზნებული იარაღი. დაუნდობლად, ანგარიშმიუცემლად დამიზნებული, რათა ესროლათ როგორც რაღაც უსარგებლო არსებისათვის, რომლის არსება - არარსებობას მზისქვეშეთში ვერავინ შეამჩნევს. . . მაგრამ გადავრჩი, მსროლელს სხვა მსროლელმა დაასწრო. მოვედი და აქ დავჯექი. - ჰოოო, მესმის. იცი? ახლა იქაც უდანაშაულო ხალხს ხოცავენ. - მეც უამრავი ახლობელი და ნათესავი მომიკლეს. სრულიად უდანაშაულონი, ჩემი საყვარელი ადამიანები. არ ააცილეს არცერთი ტყვია. ვიგლოვე, ვიდარდე, მერე ისევ აქაურობას დავუბრუნდი. - შვილების თვალწინ ხვრეტენ მშობლებს! - ჩემი ქმარი ჩვენი ვაჟის თვალწინ ჩაცხრილეს ქუჩაში. . . - ბევრი ტყვედ მიჰყავთ. მათ საშინელ პირობებში ამყოფებენ, აწამებენ. - მეც ვიყავი ტყვედ. სასწაული მოხდა, გადავრჩი. ახლა უკვე შევიშმუშნე, - „რეებს მიედ - მოედება, როდის იყო ეს ტყვედ ჩავარდნილი. თან როგორი მონოტონური ხმით ლაპარაკობს, თითქოს მე კი არ მომმართავს, თავისთვის დუდუნებს რაღაცას.“ - მსხვერპლი დღითიდღე იზრდება. საშინელი ციფრები გადმოსცეს, მზარავს, რომ მახსენდება. თავი გადააქნია თავაუწევლად. ვიცი, როგორც ხდება. არაერთს უნდოდა, მეც მსხვერპლი ვყოფილიყავი, მე და ჩემნაირები. მეტი ადგილი გამონთავისუფლდებოდა დედამიწაზე. კიდევ ბევრი მოიძებნება ისეთი, ქუჩაში რომ დაჯდება სავაჭროდ. არც იციან როდის ექნება დასასრული ამ საშინელ ომს. - ქმარი შეიწირა ტყვიამ, შვილი გამიუბედურდა, ნათესავ - მეგობრები ზოგი დაიღუპა, ზოგი გაიქცა, ბევრის ალი - კვალიც არ ვიცით. მაგრამ რა ვქნა, უნდა ვიცოცხლო და აქ უნდა ვიჯდე. - და ყველაზე სარისკო, საზარელ და შესაბრალის მდგომარეობაში წინა ხაზზე მყოფი მეომრები არიან, ტყვიას და ბომბებს თავშეშვერილნი. . . - ვიცი! მეც ასე არ ვიყავი? მტერთაგან არაერთი მომიკლავს წინა ხაზზე ბრძოლის დროს. დაჭრილ თანამებრძოლებს ვშველოდი, ჭრილობებს ვუმუშავებდი შეძლებისდაგვარად, დაღუპულებს ვმარხავდი. . . და ახლაც ასე ვარ, იქ, მათთან ერთად, ვინც ახლა იბრძვის ან ტყვედააა აყვანილი. ისევ აქ მოვედი, ეს ადგილი ცარიელი ხომ არ იქნება. . . „ უკვე ნამეტანია“ - ვფიქრობ, - „ძალიან გაუბერა“, - კარგი, შენც ბევრი გადაგიტანია, - ვუთხარი ხმადაბლა, ცალყბად. - და ახლაც ვიტან. იქაც ვარ, მათთან, ვინც ახლა იბრძვის. ომი, ტანჯვა, წამება, მკვლელობა, გაუპატიურება, ტყვეობა, შიმშილი. . . ვიტანდი, ვიტან! თან აქაც უნდა მოვიდე, თხილი და მზესუმზირა გავყიდო, ამ ქუჩაზე, ამ ადგილას. ეს პატარა სკამი მელოდება, მას არავინ შემეცილება. სულ სხვა და სხვანაირი სკამებისათვის მიდის დავა თუ გააფთრებული, დაუნდობელი ბრძოლა. ამ პატარა ტაბურეტკას კი არავინ წამართმევს, არც მე დავთმობ! - ახლა მითხარი, რად გინდოდა ამ ისტორიების შეთხზვა, მე, გულდამძიმებულმა გაგიზიარე ჩემი შთაბეჭდილებები, შენ კი მოჰყევი და დაიწყე რაღაც ისტორიები, რომ ვითომ იბრძოდი, ტყვედაც იყავი, დაჭრილებს შველოდი და კიდევ რაღაც რაღაცეები, რამდენი ტყუილი თქვი. . . - ტყუილი?! - შეჰკივლა თავაუწევლად, - ტყუილშიც მე მდებთ ბრალს? არ გჯერა, რასაც გეუბნები. . . მე ვიბრძოდი და ვიბრძვი! მხრებით დამაქვს ყველა ომი. წამება, ტკივილი, სიკვდილი, მაგრამ ბოლოს ისევ მოვდივარ და აქ ვჯდები, სანამ მორიგი საშინელება არ დატრიალდება და კვლავ საჭირო არ გავხდები... აქ!, აი, აქ!, - გესმის!? - კიდევ უფრო ხმამაღლა ამომძახა და ამ სიტყვებთან ერთად ნელ - ნელა მხრებში გასწორება დაიწყო. „ - აქამდე ხოლოდ თავშალს ვხედავდი, ახლა თვალებშიც ჩავხედავ“- ვფიქრობ. ასწია თავი და კინაღამ გული გამისკდა: სახე არ ჰქონდა, მისი სახე არ ჩანდა.(!!) ვერაფერი დავინახე შავი თავშალის გარდა, რომელიც წესით ვიღაცას უნდა ხურებოდა, მაგრამ იქ სიცარიელე იყო. . . ავკანკალდი. ინსტიქტურად უკან დახევა დავიწყე. - ნუთუ სხვებიც ვერ ამჩნევენ? - ვეკითხები ჩემს თავს, სიცარიელე მომჩერებია, მსაყვედურობს, მარიგებს, მიმანიშნებს და მაფრთხილებს კიდეც: „არ დაგავიწყდეს, ეს ადგილი ჩემია!“. . . .შევდექი. თვალები დავხუჭე, ჰაერი ღრმად შევისუნთქე, მერე თვალები ფრთხილად გავახილე, თითქოს წინასწარ ვაგუებდი მორიგი საშინელების დანახვას. იგივე გარემო. ყველა და ყველაფერი თავის ადგილზეა: ქუჩა, მანქანები, მარკეტები, გარემოვაჭრეები და მათ შორის ხნიერი ქალი. თავშალი ნახევრად მოხდილი აქვს. ამ წუთშიც ვიღაცას თხილი მიჰყიდა, ხურდას უთვლის. ნელ ნელა მივუახლოვდი, ფული გავუწოდე, ჩვეულებისამებრ ჩამიყარა ცელოფანში, „ღმერთმა შეგარგოსო“ - დააყოლა და გადმომცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი