ბოლო ლექსი
ეს ჩემი ბოლო ლექსია, მეტსაც დავწერდი რო რამე, მაგრამ სულს შემოესია, ფიქრები ისე ბორგავენ, იმგვარ ბებუთებს მიღერენ... ბოლო იქნება ეს ღამე. მგონი მეცვალა მე მხარი... დღეს მოვდიოდი, წვის გზებზე, მაყვლები ჰქონდათ შემხმარი ბუჩქებს და ისე მიმზერდნენ... წვიმდა და წვიმა ტკიოდა, მიწას ნესტისგან გამომპალს, მატარებელი კიოდა, როცა ლიანდაგს გამოჰყვა... ამოვეფარე ლიანებს, როგორც გულს ჩემი ფიქრები, დასრულდა, რას ვაგვიანებ, აქ ხომ მე აღარ ვიქნები... დღეის შემდეგ, თუ ხვალიდან, არასდროს განახარები, გადმომიდენეს ხვამლიდან სიცოცხლე, განა ხარები. ეს მთვარე მაინც ვერ აჰყვა, აღმართებს მთების გადაღმა?! სიკვდილის წინ რომ მენახა, ბოლოჯერ მსურდა დანახვა... მივალ და ფეხებს მივითრევ, ასე შორს მყოფი მიზანთან, ვიცოდი მთვარის სიყვითლე, კარგს რომ არაფერს მიზამდა. მივდივარ, აღარ მივტირი, ამ წუთისოფელს მარჩიელს, მე ხომ სიცოცხლეს სიკვდილი, ლექსებით შემოვაჩვიე. ენდი ნემსიწვერიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი