მე მიყვარს თერჯოლა


ძალიან გინდა წახვიდე, მაგრამ ასე იოლია ბავშვობის ფერებს შეელიო? გვერდი აუარო ნეტარ ზმანებას. ძალიან გინდა წახვიდე, მაგრამ ხან ადრიანი გაზაფხულის მიწის სურნელი გაბრუნებს, ხან თეთრ კაბაში პატარძალივით განაბული დეკემბრის სინაზე.

მაინც სად უნდა წახვიდე, აქაც ხომ მოდის მღელვარე ზაფხული ცხელი საღამოებით, მინის შენობაზე არეკლილი ღიმილებით, გახუნებული შემოდგომა ორღობეებში დარჩენილი ჩალის ფოთლებით, წვიმიანი და ზოგჯერ თოვლიანი, პრეტენზიული ზამთარი და სამყაროს ხიბლით ხელახლა თრობის დრო - იისთვალება გაზაფხული. ხო და წადი! სად გინდა გაექცე, თორემ წადი. თუ მართლა გიგრძვნია თერჯოლა, მაინც ვერსად წაუხვალ მის მონატებას. ქალაქის ფართო გამზირზე დაგეწევა, ქაოტურ ყიყინში თავს შეგახსენებს მისი სიმშვიდე და პოლ გოგენივით, ტაიტს რომ ეძებდა თავშესაფრად, უკან დაბრუნებას გაფიქრებინებს.
ძალიან გინდა წახვიდე, გაიქცე...ადამიანები ხომ იდეალისტები არიან ბუნებით და ყოელთვის რაღაც უკეთესს ეძებენ, თუმცა ჩემთვის რომ ეკითხათ, არაფერია უფრო მშვენიერი იცხოვრო იქ, სადაც ოდესღაც პირველი ნაბიჯები გადადგი სამყაროს შესაცნობად. მაგრამ თუ მაინც წახვალ, თან წაიღო ეს მადლი. კი არ გაიქცე, უბრალოდ გზა განაგრძო...

2010

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი