Sagrada Familia (ბარსელონა)
მე წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით, შენობებს შვენიან ნატიფი ნაკვთები, ვიგრძნობ, რომ შეგრძნებებს ვეღარ ვეურჩები და აქაც ძალიან მცირე ხნით დავრჩები. რომ ისევ გაქცევით ვუწამლო სიგიჟეს, ნატვრებს მონატრებით პირთამდე აღსავსეს... ოცნების მწვერვალთან ხოხვით რომ მივიდე, წყურვილით აზრდამშრალს ხმასაც კი არ გაგცემ. ჩავუვლი გაუდის ტალღოვან აივნებს, იქ, სადღაც, ჯერ კიდევ პირველმა ტრამვაიმ ფეხქვეშ მოიყოლა მხატვარი და იმ დღეს მის სულში ჩაშენდა ქალაქი-ზღაპარი. მეც წავალ, არ ვიცი საით ან როდემდე, თუკი ''ოჯახური სიწმინდის ტაძარიც'' ვერ შემაძლებინებს უჩინრად მოგდევდე ჩემსავით ამაყს და ნისლმძიმეს მთასავით. დავკოცნი ყველა ფერს, ზურმუხტებს, ნარინჯებს, ქვადქცეულ სახეებს გავათბობ მზერებით, ზურგსუკან დავტოვებ ნატყვიარ ნაბიჯებს, სულს, ვერც რომ ველევი და ვეღარც ვერევი. და წავალ გაუდის ნახატი ქუჩებით, რელსებზე მოხუცის ლანდს თუ შევეყარე, ალბათ, მეც ტრამვაის ვერ გადავურჩები, და იმ დღეს მიხვდები შენც... როგორ მიყვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი