ამიგო!


ამიგო, იქნებ, შენ გამიგო,
სული, თანდაყოლილ სენივით
რომ დამაქვს, რომელ გზით წავიღო
უსიტყვოდ, ნეტავ სად შველიან.
მაწუხებს ტკივილი, მამძიმებს,
ლექსები კი, თითქოს, მღერიან,
შენთან არ მაბრკოლებს მანძილი,
და არც ამ სიშიშვლის მრცხვენია.
ხომ იცი, ამიგო, ძნელია,
უკვე მერამდენედ დავცინი
ჩემნაირს, საჩემოს, ჩემიანს,
ვბარბაცებ ნასვამი კაცივით.
მომბეზრდა ფუჭი სიამაყეც
და ეს თავმდაბლობაც ნამდვილი,
სიყალბის მარწუხებს დავათრევ,
ოცნებას ვეღარ ვიადვილებ.
ახლა ერთგულება ძვირია,
მე კი მოლოდინით ვმთავრდები,
დამეწყრილ დალალებს სცვივიან
ყრმობისას ჩაწნული ვარდები.
რამდენი ცოდვა მაქვს სათქმელი,
შენგან კი შენდობას არ ვითხოვ,
სანამ სამსჯავროზე წარვსდგები,
უბრალოდ, გამიგე,
ამიგო

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი