ნაწყვეტი "უუფლებო სიყვარული"
იყო დრო, როცა სიყვარული რაღაც ნათელთან და გადარჩენასთან ასოცირდებოდა, როგორც უხილავი ძალა, რომელსაც შეეძლო ჩუმად, შეუმჩნევლად, მაგრამ მტკიცედ გაეხსნა ის კარი, რომელთა არსებობასაც თავადაც ვეღარ ვამჩნევდით საკუთარ თავში. მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებლად მეჩვენებოდა, რომ ადამიანი შეიძლება ვინმესთან არა მხოლოდ იყოს, არამედ არსებობდეს. მაგრამ დრო, როგორც ყოველთვის, უფრო მკაცრი მასწავლებელი აღმოჩნდა. აღმოვაჩინე, რომ არსებობს ისეთი სიყვარულიც, რომელიც არ გხსნის, პირიქით - გკეტავს. არ გაერთიანებს - გშლის. არ გაძლიერებს - გცლის, ფენებად, ნელა და დაუნდობლად, იქამდე, სანამ საკუთარ თავშიც კი ვეღარ ცნობ იმ ადამიანს, ვინც ოდესღაც იყავი. და ყველაზე რთული ის კი არ არის, რომ ეს ხდება, არამედ ის, რომ ამას ხვდები და მაინც ვერ ჩერდები. ეს არ არის ისტორია ბედნიერებაზე. არც იმაზე, თუ როგორ პოულობენ ადამიანები ერთმანეთს და ბოლოს ყველაფერი სწორად ლაგდება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ორი ადამიანი ერთმანეთს დაემთხვეს ისე ზუსტად, თითქოს მათ შორის დაშორება უბრალოდ შეცდომა იყოს და მაინც, ყოველ მცდელობასთან ერთად, ერთმანეთისგან უფრო შორს აღმოჩნდნენ. როგორ შეიძლება სიყვარული არსებობდეს იქ, სადაც ის არ უნდა არსებობდეს. როგორ შეიძლება დარჩე მაშინაც კი, როცა წასვლა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. გვასწავლეს, რომ სიყვარული არჩევანია. რომ შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ვის მივუშვებთ და ვის - არა. მაგრამ არსებობს მომენტები, როცა არჩევანი ქრება. როცა გრძნობები აღარ ემორჩილება არც გონებას, არც ლოგიკას, არც ღირსებას. როცა გიყვარს იქაც კი, სადაც შენი სიყვარული ზედმეტია. როცა ელოდები იმას, რაც უკვე აღარ მოვა, და მაინც ვერ ეშვები იმ იმედს, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა დაგეკარგა ეს არის ისტორია სიყვარულის შესახებ, რომელსაც უფლება არ ჰქონდა არსებობის - არც დროსთან, არც გარემოებებთან, არც იმ ადამიანებთან, რომლებმაც ის შექმნეს. და მაინც, ის არსებობდა. საკმარისად დიდხანს, რომ ყველაფერი შეეცვალა… თეგაძე გელა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი