საკუთარ თავს
1. მე არ მიზიდავს მწვერვალები, დაფნა, კვარცხლბეკი... სისულელეა წყალი ნაყო, რამე ინატრო! ჩვენს გოლგოთაზე ვეწამებით, ჯვარზეც გვაცვამენ, ქარი კი უკვე ხელებს იბანს როგორც პილატე. სისულელეა მიატოვო-გაიქცე სადმე- თუ გაქცევაა გაიქეცი შენი თავიდან. რა დაშორება, რა მანძილი მიწიდან ცამდე?! (იქნებ ვმკრეხელობ?!-მაპატიე ღმერთო, ამინ) და პროტესტი, შფოთვა, პოეზია... ცხოვრება მაინც გრძელდება, ჰოდა ნაბიჯებიც მძიმდება მერე, ამძიმებს მხრებზე დაწოლილი ცხოვრების ტვირთი- პროგრესიად, რომ ვითარდება, იზრდება. წერე, წერე შენ მაინც შენი ბედის, ცხოვრების, ქვეყნის... ყველა ტკივილი, დაბრკოლება ბედის ფარსია. როდესაც ასე აყალბებენ გრძნობებს და გარყვნეს. როდესაც მტერს და მოყვარესაც ერთი ფასი აქვს, უნდა იომო. მხოლოდ ბედთან გაქვს შენ დებოში და ზურგში მზირალ არც ისე ბევრ ბებუთიანთან. უნდა იცოდე-ასეც ხდება საქართველოში, უნდა გესმოდეს "მეგობრების" რომ მოდიან და მიდიან ისევ, გრჩება მხოლოდ სუფთა და ნაღდი. ჭეშმარიტება-ტკივილია, ტკივილი განცდა... ქრისტეც არა ხარ სამარიდან მკვდრეთით რომ აღსდგე- უნდა გაწურო ტკვილები ძვლებში და გაცრა. არ ვიხიბლები მწვერვალებით, დაფნით, კვარცხლბეკით... სისულელეა წყალი ნაყო, რამე ინატრო. ჩვენს გოლგოთაზე ვეწამებით, ჯვარზეც გვაცვამენ, ქარი კი უკვე ხელებს იბანს როგორც პილატე. 2. მოდი დავიწყებ. სხვებს ეგონოთ თითქოს ვბოდავდე. ძალიან მოკლედ, ლაიტმოტივს განვმარტავ აქვე. რომ ჩვენი ყოფა ძირგამძვრალი არის ქოთანი, რომ თავგამძვრალი აღმოჩნდება თუ შევცვლით თავქვე. გაგიზეპირებ, დაგანახებ მრავალჯერ ნანახს, ვინც კი არ გვიცნობს ცალი თვალით ნახონ იმათმაც. რომ ჩვენი ყოფა მოცელილი არის ბალახი რომ ყოველი დღე თავსაქცევი არის მთიბავთა. რომ ჩვენი ხანა არის ქვიშის საათით ათვლა, რომ არის ახლოს მიწის გარეთ ლურჯი მიწები, რომ თავს აგხდიან ცოდვის სკივრს თუ ცოდვათა დავთარს, რომ როგორც ჯამში-ლუკმასავით ამოგიწებენ. მოდი ვიცოდეთ- ჩვენი გზა გვაქვს, გვაქვს ბეწვის ხიდი. გასავლელი კი ამ ხიდს იქეთ ფართოა სივრცე. მოდი ისიც ვთქვათ თუ ვიყიდით ჩვენს თავს ვიყიდით და თუ გავყიდით, საკუთარ თავს გავყიდით ისევ. მინდა მოთოვოს და იმდენად დიდია განცდა, რომ შემოდგომის მიწურულში უთუოდ მოთოვს. და თუ იმედი ვერ გავთვალე, თუ მიზანს ავცდი, ავკრეფ და გულზე შემოვიწყობ ქუჩიდან ფოთლებს. მაგრამ მიწურულს თოვლი მაინც უთუოდ მოვა თავებს დახრიან ძირს, ბებერი ხეები ნაძვის. კარგ განწყობაზე მყოფი ღმერთის სახეა თოვა და ეს განწყობა, ჩემო თავო, არც ჩვენ არ გვაწყენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი