ღალატი


როგორ მძიმეა პირჯვარივით და როგორ წმინდა
ყველა ნაბიჯი,
ყველა სიტყვა,
ყველა მოტივი.
გადაჭრით ვამბობ მეგობარო-რაც მითქვამს ღირდა-
მე ირგვლივეთის, საჩემეთის ერთი მეტივე.
ნაზარეველის მკლავებივით გაშლილ ბილიკებს,
როდესაც, მამლის დაყივლება აუშლის ქოჩორს
განთიადისას, ქარის ქროლვით-
ქრისტეს მიაგნებ
საკუთარ თავში, სოფლის გზაზე და ბიჭო,
ბეჩავ,
ეჰ,
აქამდის ზეცის კიაფში,
გეჩვენებოდა-
ვარსკვლავები ისროდნნენ შხეფებს
და ქვირითივით ქალის მკერდი, გროშზე იაფად,
იყოდებოდა მთვარის შუქზე.
როგორც მეფეებს,
ეჭირათ ხელში სკიპტრებივით, თოვლის გუნდები,
დაზამთრილ ხეებს, ყველა დღის და სეზონის მწყემსებს.
(კაცი ცხოვრებას თუკი ზურგით მიუბრუნდები-
მობრუნდე ისევ, აღარ არის კაცური წესი).
ჰო, მისხალ-მისხალ დამტვრეული ძილის სადარად,
დამტვრეულ სიტყვას თუ შეარჩენ ოდესმე მოყვასს-
ღირს მეგობარო.
ვინ სად იყო იმ დროს, სად არა,
მე არ მაფიქრებს,
არ ვიკითხავ და აღარ მომყავს
მეტაფორა, ახსნა…(ლოგიკას
მოკლებულია იფიქრებენ და ნუღარ ნასკვავ!).
ძველი დროიდან (მე ბუნებით ისევ მოჰიკანს),
თოლიასავით თუ მინდოდა ტალღებზე გასვლა
გადავიფიქრე!

პირზე რომ სიტყვა შეგაშრება დედის რძესავით,
კაცი თუ გქვია, ამ სიტყვასაც მისცემ თავის გზას.
მაგრამ სიტყვები და ქცევები ვერ დაკემსავენ
გულს და მოდი რა, თასში ღვინო მინდა დაგისხა,
გწყურია გატყობ. გადმოვწურავ, მზისფერ ზედაშეს.
არც საფარი ხარ, არც ბათუ ვარ და არც იმ დღიდან
არ ჩაგვიდგება მოციქულად ტყვია მე და შენს
შორის. თუმც სადმე, რომ შევხვდებით, მაინც იფრთხილე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი