და ქალაქს მაინც თბილისი ჰქვია


ახლა სხვაგვარად ღამდება, ოდნავ,
ახლა სხვაგვარად ღამდება, ვიდრე,
როგორც ოდესღაც რომ ღამდებოდა.
მიწიდან ცისკენ მიმავალ "ტიტრებს"
მიჰყვება ყველა ლეგენდა ძველი,
დუმილი მთელ სულს და სხეულს ითრევს
ბინძური ხელით.
სადღაც შორს, მაინც აყეფდა ძაღლი,
ამინდი ქალაქს სველ თვალებს უშრობს-
შესიებულს და ტირილით დაღლილს.
ყველაფერზე კი "ჰო, არაუშავს!"
გავიძახით და ვხვდებით რომ არ ღირს
არცერთი სიტყვა.
ქალაქი კახპა, ქალაქი მრუში,
ქალაქში ვინღა მოუსმენს არღანს?!
დრომ გადაფარა, რაც იყო გუშინ,
დრო იცვლება და თანდათან ახალ
ზნე-ჩვეულებებს იბუდებს გულში.

ქუჩის კუთხეში მოიწყო "სახლი"
კაცმა და შემდეგ მიუსხდნენ სხვებიც
და ერთმანეთის ამგვარად ნახვით,
ირგვლივ, რამდენი, მათხოვრად სხედან!

ქარი კი ლამობს წაქცევას ჭადრის,
ზაფხულის ცხელი ქარია ახლა.
მუსლიმი ქალი კი, მალავს ჩადრის
მიღმა სახეს და ხელების მაღლა
აპყრობით წყევლის, ქუჩაში გამვლელს.
ქალაქი გულში ინახავს ტკივილს
და თავის სათქმელს უთქმელად ავლენს,
დროგამოშვებით ბორგავს და კივის.

აკლდამასავით ცივია ხალხი,
მაგრამ ჯერ ისევ არ არის გვიან,
ჯერ ყველა ნაბიჯს ლეგენდა ახლავს
და ქალაქს, მაინც თბილისი ჰქვია.

მაგრამ სხვაგვარად თენდება ოდნავ,
მაგრამ სხვაგვარად თენდება ვიდრე,
როგორც ოდესღაც რომ თენდებოდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი