გადაიძვრე უხეირო ფუტლიარი ..


გადაიძვრე უხეირო ფუტლიარი,
დროულია წამოდგე და გაძვრე შენგან.
აბა როგორ?!-დედამიწა, თუ ტრიალებს,
ერთხელ, მაინც იღბალს შენსკენ მოაქცევდა.

დამიჯერე, თუ აწმყოზე წარსულს ართავ,
დაცემა და დამარცხება, იგივეა.
იმედებს კი-ჩამოფერთხილ ხორბლის თავთავს
ჭოტები და მიკიოტნი მიჰკივიან.

სული ანჩხლობს ნირშეცვლილი სამოსიდან.
ეს ზეზონიც იმდაგვარად აშარია-
ჭინკობისთვეს თმის ღერივით ჩამოცვივა
ფოთლის წყება  მოყვითალო თავშალიდან,

მე კი მივალ და ფოთლებზე მოვალაგებ
ყველა სათქმელს, რომ გავშალო გავხსნა ნასკვი.
გულო მიდი ჯერ ბუდეში მოკალათდი-
არ აქნება შესაფერი ახლა გასკდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი