ხომ ვიქნები ას პოეტში ასმეერთე პოეტი ..


"თუ გამყიდით, არ გამყიდოთ - ოცდაათზე იაფად"
ვახტანგ ჯავახაძე


ხომ ვიქნები ას პოეტში ასმეერთე პოეტი,
ან ათასში, ათას ერთი (როგორც არის) და ა.შ.
შემაფასეთ არანაკლებ ოცდაათი მონეტით,
ვიდრე სისხლი გამიშრა თუ ვიდრე სისხლმა გამაშრო.

ხოვ ვიქნები ას ქართველში ის ქართველი მეასე,
ან ათასში მეათასე, როგორც არის და ა.შ.
ჩემს ნაკვერჩხლებს ერთადერთი ჭიქა წყალი მიასხით,
ჩემს ნაკვერჩხლებს სხვის ენებზე მოგროვებულს ბაასში.

ხომ ვიქნები ას მიჯნურში ერთადერთი ის კაცი,
ან ათასშიც ერთადერთი, ვინც დაიჭერს შენს თითებს.
დედამიწას, პირშავობას, ვინც მიახლის სიმკაცრით,
ვინც გადადგამს პირველ ნაბიჯს შენთან ერთად ღმერთისკენ.

ხომ ვიქნები (მერამდენე უკვე მიჭირს გავთვალო)
ვისაც ჯვარი შემოუდგამს, მაცხოვრის გზით, ბეჭებზე.
ჩემი ხორცი, ძველი წესით, ვერცხლისავით ჩათალეთ
და შეფიცეთ სუფთა სისხლით ძმა-ბიჭობა, ბიჭებო.

ვიდრე სისხლი გამიშრება, ვიდრე სისხლმა გამაშრო,
ვიდრე დროში არ ჩაიხრჩო ჩემი სიტყვის თავ-კიდე,
ვეჭიდები, ჩემს თავს, ჩემს ბედს, პოეზიას და ა.შ.
თუ გამყიდით არანაკლებ ოცდაათად გამყიდეთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი