გვახსოვდეს ფესვები


როცა მოედება ხავსი წლებს და წაიყოლებს სივრცეს,
როცა ისტორიის კვალი გადასცდება ბექობს,
რათა მომავალმაც იგივე ელფერი მისცეს,
აწმყომდე მოღწეულ, წარსულში წარმოქმნილ ექოს-
დავიწყოთ,
დავიწყოთ,
მოდი კვლავ დავიწყოთ,
დღეიდან დავიწყოთ მომავლის შენება!
თხოვნა მაქვს-ხელები გულზე არ დავიწყოთ,
ძვლებს რომ არ გვიგინონ შვილებმა ჩევენებმა!
გვახსოვდეს,
გვახსოვდეს,
ჯიში და ჯილაგი!
ბერმუხას ხანდახან ფესვებშიც ჩავხედოთ,
თუ გვინდა მართლები ვიყოთ ღვთის წინაშე,
თუ გვინდა მხრებიდან ცოდვები ჩავფერთხოთ
-გელათში ვეწვიოთ მეფეთა საძვალეს,
მერე წყალწითელა სისხლად გადავისხათ,
ძარღვებში თუ სისხლის ყივილი "გვაწვალებს",
ისევ ავაშენებთ, თუნდაც არაფრისგან,
სამშობლოს,
რომელმაც გაუძლო არაბებს,
სამშობლოს,
რომელიც ჯიჯგნეს სპარსელებმა...
რათა ჩვენც მიგვიღოს მიწამ წინაპრების
ოფლით, ცრემლითა და სისხლით ნასველებმა
-ვეწვიოთ იყალთოს, ვეწვიოთ ალავერდს,
ჯვარს და სვეტიცხოველს,სიონს თუ სამებას...
ვილოცოთ, რომ მუდამ უფალი გვფარავდეს
-ერს ნუღარ მოუვლენს ტანჯვას და წამებას.
თუნდაც ვთავხედობდე, ღმერთო მომიტევე!
თუკი ქართველობა ბედად დაგვიწესე
-თავზეწამომჯდრებს და ზურგზემოკიდებულს,
ვერვის ვაბოგინებთ პაპათა ფუძეზე.
წინაპართ სახელებს, მათ ძვლებს და საფლავებს,
მათ სიტყვას, მათ შრომას, მათ ბრძოლას, მათ ხსოვნას...
დროსა და სივრცეში თუ დავასამარებთ,
ეს ნიშნავს, სამშობლოს მომავლის დამხობას.

ქართველნო! გვახსოვდეს ჯიში და ჯილაგი,
ბერმუხას დროდადრო ფესვებშიც ჩავხედოთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი