ხიდიდან ხიდამდე (ჭიათურას)


დავდივართ ქალაქში პოეტი კაცები,
ჩვენ მხოლოდ ყვირილას ყვირილმა დაგვათრო.
შევავსეთ ქალაქის ქუჩები თასივით,
მის სათქმელს ფეხდაფეხ, ლექსდალექს დავათრევთ.

დავდივართ ქალაქში პოეტი ბიჭები,
მშობლიურ ცის ქვეშ და მშობლიურ მიწაზე.
დაგვყურებს კლდეები გადაშლილბეჭება,
გვდარაჯობს, თითს გვიქნევს გულთბილი სიმკაცრით.

მღვიმევმა სიწმინდით აივსო პეშვები,
მრავალის მომსწრემ და მრავალის გამგონემ.
მშვიდობის მტრედივით ციდან დაეშვება
ბაგირზე ბალივით მოსხმული ვაგონი.

დილის მზეს ყვირილა მუხლებზე დაისვამს
და შვილიშვილივით ამბების მოყოლით
თავს წამოადგებათ სულ მალე დაისი
და ჩვენ კი ქალაქზე ჭორფლივით მოყრილი

მის სათქმელს, მის დარდებს ღმერთამდე მივიტანთ,
ხვიარა ლერწივით დაღვლერჭილ ბილიკით,
როდესაც გავცურავთ ჩვენ ჩვენი ტივიდან
ან ტივი გაცურავს ჩვენიდან პირიქით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი