ღრუბლები ჩამოიფერთხეს ანგელოზებმა კალთიდან ..


ღრუბლები ჩამოიფერთხეს ანგელოზებმა კალთიდან,
თოვლის ფიფქებად დაშლილი ცვივა და ავსებს ქალაქს.
ღრუბლები ჩამოიფერთხეს შენი თმებივით დაშლილი,
თოვლივით გადაპენტილი ზღვა კაეშანი დამაქვს.
თოვლი არ უკვირთ ბეღურებს, შემოეხვივნნენ სარკმელს,
ციდან წამოსულ ფანტელებს არ წამოჰყვება ღმერთი-
ღმერთი ზეციდან დაჰყურებს და ზამთრის სურნელს აკმევს.
მკერდის ფრთხიალა ფრინველი ბეღურათა გუნდს ერთვის.
ღრუბლები ჩამოიფერთხეს ანგელოზებმა კალთიდან,
თუ ამ თოვაში გამოხვალ ამოვარდება ქარბუქი.
კრთის შენს თვალებში ზამთარი, ჩემი თავიდან გავდივარ,
მიუხედავად სითეთრის-თოვლი ყველაფერს ამუქებს.
ღრუბლები ჩამოიფერთხეს შენი თმებივით დაშლილი,
შენი თმები კი არა ჩანს, არც შენი სახე არა ჩანს.
შარშანწინდელი თოვლივით არც შენ ჩანხარ, მეც წავედი,
შემოიხურავს ქალაქიც ახალი თოვლის ფარაჯას.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი