მეგობარს, ანას - ”თბილისობისას”
ისმენდა იმ დღეს შენს თხოვნას მტკვარი, მომეძღვნა ლექსი-ადვილი თითქოს და ჩემი ლექსის, მოკლე და მტკნარის, იმეორებდა თბილისი სტრიქონს. ჭაღარა თმაში ითვლიდა ასაკს, ქალაქი ლხინში იდგა წელამდე და თბილისივით ჭაღარა კაცი აკორდეონის ლენტას წელავდა. მერს ტაშს უკრავდა ხალხი, ნასუქი, ჩამოყვანილი ალბათ სოფლიდან. თვითონ სცენაზეენადაბმულს, კი, თავისი გაჭირვება ყოფნიდა. მოწყენით იდგა შუშის ვერანდა, ქვემოთ კი ბებო ბუშტებს ყიდიდა, ხოლო თოლია ტალღებს სერავდა გადავიხედეთ, როცა ხიდიდან. იქ შენი სახის კოპიომ დედანს ანარეკლიდან მხარი აუბა, ფარავდა კარგად მიმალულ სევდას სიცილ-კისკისის მთელი აურა. "აქ ყოფნას კარგი პირი არ უჩანს"- ვთქვით და შევავსეთ აზრით კალათა, რომ მივყოლოდით ფეხდაფეხ ქუჩას ნახალოვკამდე ნარიყლადან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი