ღამეა ჩემი სულის მზვერავი ..


ღამეა ჩემი სულის მზვერავი,
სიბნელე ღამის არის შლიაპა.
თავის სიმხდალეს ვერ გრძნობს ვერავინ,
ისე ჰყიდიან სინდისს იაფად.
მლაშე პასუხი მტკივა და მეწვის,
ყოველი კითხვის მოშხამვას ლამობს.
ჩემთვის ყველა დღე ხიდია ბეწვის
და ყოველი დღე დატოვებს ‘შრამებს“.
წლები კი გავლენ, ჩვენც დავბერდებით,
სახელები, კი, დარჩება ხსოვნას.
მოფრინდებიან თეთრი მტრედები
და ისევ თეთრი იქნება თოვა.
ტკივილებს ძველი შერჩებათ სახე,
რაც ხანში შევალთ მერე მითუმე-
ტეს ახლოვდება მარადი სახლი,
ჯერ უჩინარი როგორც სიჩუმე.
ქარის ხმა, როგორც ბავშვის ტიტინი
გადააყრუებს ველზე სოსანებს.
ოცნებებიდან მიცურავს ტივი
და ღამე-ჩემი კრიალოსანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი