სახლი დედულეთში


დგას ძველი სახლი შუა ეზოში, თავისთვის, მარტოდ,
ცარიელ კედლებს და ოთახებს ედებათ ობი.
დახურულ კარებს, ერთ დროს ღიას და თანაც ფართოდ,
ვაღებ ისევ და ძველ მაგიდას ჩამოვეყრდნობი
(ფეხებმორყეულს).
ძველ მეგრულ იერს ინარჩუნებს ბუხართან ჯირკო,
თვითონ ბუხარს კი დაუკარგავს ძველი იერი,
კედლიდან ორი მოხუცი კი მიყურებს თითქოს
და მაინც თითქოს მათ თვალები აქვთ ბედნიერი.
იატაკს ქვემოთ სიძველისგან ჩავარდნილ ფიცარს
მიჰყვება ვირთხა, სოროს იცავს და თანაც უკვირს
სტუმრის დანახვა. სახლი კი ჰფიცავს
ღვთის წინაშე-გაუძლებს დრო-ჟამს,
გაუძლებს დრო-ჟამს, თუმც იმედი აღარც აქვს უკვე.
ქვემოდან ჭერში წვიმიანი ღრუბლები მოსჩანს,
გაწმენდს მტვრის ფენას და სიჩუმეს იწვიმებს თუკი...
დგას შუა ეზოში წელშიმოხრილ მოხუცის მსგავსად
და მოხუცივით უთბობს სხეულს ცაზე რომ მზეა...
ვხედავ, ვეხები ჩამონგრეულ, გაყინულ კედლებს,
ცარიელ კედლებს, მაგრამ მაინც ანგელოზიანს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი