როგორ აცივდა დეკემბერში ..


(შენ ნუ იფიქრებ. მე ვიფიქრებ ჩვენ-ჩვენ საფიქრალს).
როგორ აცივდა დეკემბერში ისედაც ამ ცივ
ქალაქში. ყველას ხასიათში ვეძებ საფირონს.
და იმედისგან, სოფლის ძველი სახლივით, დაცლილ
სხეულს მივაგდებ სარეცელზე ღამის სამიდან
დილის შვიდამდე. ძილამდე კი ფიქრებში ვარჩევ
მთელ დღეს. მე აღარ დავბრუნდები თუკი წავედი,
ვიცი, არა გაქვს ხასიათში ჩემსავით არც შენ...
მაგრამ მანამდე ზამთარია, თოვაა.. "ღმერთი
არს ჩვენთან", "არს და იყოს"... შენი თვალები
თბილია როგორც ლოცვის სითბო და რაც კი ვერ ვთქვით
თვალებით, იტყვის ეს ზამთარი... მორჩეს წვალება
თავის და აღარ შევეცდები, იყოს რაც არის,
ან უფრო სწორად რაც იქნება. უფალს მივანდობ.
კაცი კაცია, გული უდგას-ქექოს ნაცარი
არ ეკადრება. ამაყია კაცი იმავ დროს.
შენ ნუ იფიქრებ მე ვიფიქრებ ჩვენ-ჩვენს საფიქრალს.
ეს ლექსიც სუფთა, წმინდა არის, როგორც საყდარი,
ველი, ზამთარი თუ შენთანაც, როგორ დაფიფქავს.
"ღმერთი არს ჩვენთან"-ჩვენი ბოლო თავშესაფარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი