შენ


უსაშველოა ეს დუმილი რაც ხანი გადის.
დრო საკუთარი თავის ათვლას იწყებს ნეკიდან.
ჩემს და შენს შორის შხარასავით დგას ბარიკადი,
რომელიც-მსურდა გადამევლო, გადამეკიბა.
რამეთუ შემდგომ მედარაჯა შენი ნეკნისთვის
რომ სიზმრებისთვის არ მიგენდო თავი თავნება.
რომ ლურჯ ქარაფში ჩავეშვები, ვიცი, მე კისრის
ტეხვით. ჰო, ვხედავ ბედის ასეთ განვითარებას.
რადგან სიზმარი, ქაოტური, თავს არ მანებებს-
რომ ნავი, სადაც მენიჩბე ვარ უკვე წლებია,
ოკეანისკენ მიისწრაფვის უცხო მანევრით
და ნავთან ერთად იმედებიც იძირებიან.

ჩემს თეთრ თევზებსაც ხშირად ვხედავ პირდაფჩენილებს,
უღონოდ ჩაყრილთ წყლის სივრცეში ტალღებს მინდობილთ.
იშვიათია, რომ, ასეთ დროს გადარჩენილი
დარჩე  (ჩემს თავზე ვლაპარაკობ) მშვიდად. მშვიდობით,
მინდა მშვიდობით გამოვიდე ლურჯი სივრციდან
და ტყის ნაპირებს ავეტუზო მიღმა სილურჯის.
იმ ტყის ხეების ფოთლებივით ფრთები მიცვივა
და შიგადაშიგ მეც დამჩემდა მორცხვის სიმუნჯე.

ვიტყვი ტყეზედაც, რომელიც ჰგავს ერას დასასრულს,
რომ შიგნით შესულს ურჩხულები გადაგტორავენ,
ან მათრახივით გადაგარტყამს კუდს, კბილს დაგასობს
და სიგიჟისკენ გადაგისვრის ეს პასტორალი.
სიგიჟის კვალად დაიწყება შენი სიმხნევე
და დაგჩემდება დემონური ხმითვე ხარხარი
მსგავსად იმათის, ვინც სულიდან სხეულს იხევენ
და მოგინდება შენი თავი მიწას ახალო.
ძებნას დაიწყებ უჩინარი ხმელი ბილიკის,
ვიდრე იპოვი ტყის ნაპირებს აეტუზები.
ლურჯი სივრციდან მომავალი ხმათა ქილიკი
წინ აღგიდგება საკუთარი ჰაბიტუსივით.

ისევ საკუთარ თავზე ვამბობ (ისევ ხაზს ვუსვამ)
თავზე, რომელზეც ფეხით ვდგავარ ფეხქვეშ კი მიწა
მეცლება. ვყვირი, შიგადაშიგ მცირე პაუზით,
რომ ყველაფერი ცივი ღამის კოშმარად იქცა.

განთიადისას გადაფარავს სივრცეს ცის ნამი,
სივრცეს, რომელშიც მგალობელთა ხმა, თუ, ისმისღა.
ვგრძნობ ყველაფერი ზამთრის ღამის იყო სიზმარი
და სიყვარული გამოსვლაა რთული სიზმრიდან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი