თეთრი თევზები


თუ ყველაფერი მირაჟია, ბლეფი
და თუკი
ქარის მოტანილს ისევ ქარი წაიღებს
და თუ
სხეულს,
რომელშიც ღმერთი არის სულზე ფაფუკი,
და ბედს,
რომელმაც გაზაფხულის თოვლივით დადო-
ზურგი კი არა მკერდი უნდა აქციო მაშინ-
კეფაში მოდგარ ირონიას,  თვალებს მომცინარს.
სიტყვა,
რომელიც ენის წვერზე რძესავით გაშრა,
სიტყვა,
რომელიც, მანამდე კი, ცეცხლში მოზილე,
ისე დაიწვა ნაცარიც კი არ დარჩა მისგან.
ამომავალი მზეებია კაცის სინდისი.
მოგანდობთ მიხვდეთ თუ რა რჩება ჩამავალ მზისგან.
ორჯერ-ორია.
თვალი თვალთან, კბილი კბილის წილ.
ჰგავს პოეზია სამრეკლოში ზარების რეკვას.
ზარების რეკვა არ აშინებთ, სამრეკლოს მტრედებს.
გავალ ქუჩაში
გამაცილებს ღმერთი ხელკავით.
გავალ ქუჩაში
ისეთივე, როგორიც დღემდე
არასოდეს გამოვსულვარ.
კბილით მეკავა
სული,
რომ ყავლი არ გასვლოდა და მაინც გაცვდა.
სიზმარი იყო-
ერთ მებადურს ან, თუ მეკავეს
თეთრმა თევზებმა ჩამოგლიჯეს კისრიდან ჯვარცმა.
ეს თევზებია ტბის ნაცვლად რომ ცაში გაცურეს.
მივყვები მეც მათ. ცურვით არა, ხმელი ბილიკით.
შროშანის ფოთლებს ვინ დამაყრის მზეში გაწურულს,
ან თვითონ მზეებს შროშანებში, ანუ პირიქით!

თეთრმა თევზებმა რა ხანია ცაში გაცურეს....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი