რაჟდენ გველესიანს


შენ არწივი ხარ, მთის კალთებზე დაზრდი მართვეებს,
მუხისფესვებში ამოზრდილი გტკივა სამშობლო.
ენა ქართული, გული სუფთა, ჯიში ქართული-
არაქართული ხასიათი ღმერთმა გაშოროს.

შენ არწივი ხარ,
ავაზა ხარ,
ჯიხვი ხარ მთების,
სამშობლოსათვის გამომცხვარი სეფისკვერი ხარ,
პოეზიაზე ბატკანივით შენაწირი ხარ,
ლექსებით თბები.

შენ პოეტი ხარ, სიტყვა ფეთქავს ლექსში სიწრფელის,
სამშობლოს ცრემლი შეაშრება შენში მისსავე,
ნაცვლად კი ნისლი წამოწვება მთებზე რძისფერი,
მხრებზე დალალებდაფენილი ქალწულისავით.

საძალიხევში კალმახივით გადაეშვები,
არა გყავს მაგრამ მუსრს გაავლებ მტერს და მოსისხარს,
ავსებული გაქვს მადლითა და რწმენით პეშვები,
ომახიანი ხმით მისწვდები ექოს თოფისას.

შენ არწივი ხარ უშიშარი და უდრეკელი,
ციხესიმაგრე, ზღვის ტალღა ხარ, კლდე ხარ, ტაძარი...
რა საჭიროა ყველას თვალწინ გადაეშალო-
მთები დაძარი! 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი