ამპარტავნად
ამ ბოლო ღერით ფილტვებიდან სამყაროს ვბუღავ და შევერევი სულ მალე ნისლიან სასმელს, შენზე ფიქრისას ამპარტავნად გარემოს ვხურავ და ვიცი, გამიგებ ოდესღაც სათქმელს. სარკეში, ჩემს თვალში სიგიჟეს ვხედავ, გაზაფხული კი ჩემი ხედვით ისევ ბნელდება, ამ სტროფებში ჩემი ხმის სიმღერას ვნერგავ და ეს ღიმილი აურზაურს კვლავ უერთდება. ჩემს გულწრფელობას ვერსად მალავს შენი ჰანგები, სულის ანთება კლოუნივით ისევ დახტუნავს, და როცა თვალთმაქცობას მივეპარები, იცოდე, ამ უვიცობას მალე დახურავს ღამის სინესტე. ოთახში რომ დაიმალება ჩემი აჩრდილი, სახლში, ღამის დარაჯად, ისევ მოიკლავს წყეულ ფიქრებს, ხედვას მიხურავს, დავცინი სიკვდილს და მიღირს, როგორც არაფრად. მივყვები ფიქრებს, არ ვიცი, სადამდე, ვერ ვიმორჩილებ დროსა და სიზმრებს, სითბოს ველოდი წყეულ ამ მარტამდე, ახლა კი ეს ფიქრი ისევე იფრენს, როგორც ქარიშხლისას ცივი ფოთლები, დეკემბრის ცაში ეული ღრუბელი, ისევ ამ სიტყვებს ვუბოროტდები, და როგორ მაწუხებს ცრუთა ყრუ ველი. ახლა ფიქრებს ვუყურებ, დაავადებულს, ნეტავ იცოდე, შიგნიდან რას ვგრძნობ, მე ვიჭერ თვალებს, ცამდე მართებულს, შენზე სიგიჟე... ცოტაც და, მართობს... როგორ მძიმდება ეს თვალთახედვა, ნისლისფერი და მდუმარე ზეცა, შენი ტალღოვან თვალების მზერა გასაკვირია, რომ მექცა წესად. მაფერხებს შიგნიდან წყეული ეგო, ყინვა კი ჩვენთან ისევ მძაფრდება, სადა ხარ, ფერმკრთალო, ძვირფასო ბედო, ჩემში ანთება ისევ მწვავდება. და თუ მწვანდება მკვდრებში ბალახი, და თუ მათ ფიქრი ისევ ანათებთ, მე მფარავს ციდან თეთრი ტალახი და ჩვენ ფიქრისთვის სულ ვიკამათებთ. თემო გამეზარდაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი