დღემდე დავეძებ უსულო გვამებს
დღემდე დავეძებ უსულო გვამებს ნაცრისფერ თოვლში, მე მიპოვნია მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, რომ კაცის ვარგა სისხლით გარჯა,შრომა და ოფლი, უამყველაფროდ შინაგან გაზრდას ვერ ეღირსება. გადატენილი უნდა ჰქონდეს მუდამ დამბაჩა, ტანჯვით აღსავსე,ხელის გულებს უნდა ჰკოცნიდეს, მარტოსულობის სიძლიერის აღქმა და განცდა, ღრმად გადასერილ ძარღვებიდან უნდა მოჩქეფდეს. მხოლოდ პოეტებს ვერ გავუგე რისთვის იღწვიან, ქუჩებს ავსებენ ნაირგვარი ღვინის ბოთლებით, ნაომარ სულებს,დაჩეხილ მკლავებს ვის მიჰყიდიან? შემოქმედობას იბრალებენ რაღაც ლექსებით. სიყვარულსაც მე ვერ გავუგე რისთვის შექმნილა, თუკი არსებობს დაგვანახოს ღვთიური ტანი, იქნებ არ მოკვდა ნამთვრალევზე ახლა,ამ დილას, და თუკი მოკვდა წაუღია თავისი ბრალი. სატუსაღოდან გამოქცეულ ვირთხის მაგვარი, არსებებისგან გატენილა ეს ჩვენი ხალხი, მხოლოდ, ღიპები მოუგდიათ პატივსაცემი, არც ეზარებათ ყბედობა და ასგვარი ჩმახი. ლამის ღმერთივით შემიყვარდა მათხოვრის ლოცვა, ხელგამოწვდილი სევდიანად ჩამოჩოქილა, ხურდის ჩხრიალი სულში რაღაც სიმებს უტოკებს, ღმერთი კი არა ლუკმაა პური,ბოლო ფიქრიღა. კვლავაც დავეძებ უსულო გვამებს ნაცრისფერ თოვლში, ვერ მიპოვნია მე ვერც ერთი რამედ რომ ღირდეს, განკაცებული მაცხოვარი,ვიღაც გამვლელში, თბილად ჩავიცმევ,გზას განვაგრძობ იქნება შემხვდეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი