თითქოს მინდა,რომ...


თითქოს მინდა,რომ დავანგრიო ხორცის ბჭენი და,
უმისამართოდ ამოვვარდე ჩემ სხეულიდან,
გადავიკარგო მხოლოდ უცხო სამყაროებში,
თავად სიკვდილსაც კი დავუსხლტე ცივი ხელიდან.

ნეკნებში ბრდღვინავს ქარიშხალი ზღვით გადმოსული,
ძვლებსაც მიოხრებს,წარსულიდან,გრძნობათა ყეფა,
გარდაცვლილების ჩუმი სუნთქვა ყურთან ჩამესმის,
ზოგიც ცდილობდა,გულმოდგინედ,რაღაცა ეთქვა.

თუ მალე მოვკვდი მყისვე თქეშად მოგევლინებით,
გულს ავუჩუყებ სპეტაკ ღრუბლებს ზეცაზე გაკრულს,
სხვებს დავასველებ,მხოლოდ შენთვის ვიწვიმებ ნაზად,
მერცხლებს ვუბრძანებ თავი მისცენ მხიარულ აღლუმს.

მერე კი მშვიდად, მორჩილებას მომთხოვს ბუნება,
ხათრს ვერ გავუტეხ როგორც მამას მორჩილი შვილი,
დავწყნარდები და დავიწყებას დავემონები,
და განვისვენებ,სამუდამოდ სულში დაჭრილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი