***
მე ავადმყოფ ქალაქში ვცხოვრობ. აქ დავიბადე და გავიზარდე და ალბათ, აქვე მოვკვდები, რამეთუ ავადმყოფი ქალაქიდან გაღწევა თითქმის შეუძლებელია. არა იმიტომ, რომ მაღალი გალავნები აქვს შემოვლებული და არმიის შენაერთები ფხიზლად დგანან სადარაჯოზე, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ავადმყოფები ქალაქის საზღვრებს გარეთ არავის სჭირდება. ჩვენ მხოლოდ აქ ვართ საჭირონი. ჩვენ-მეთქი ვამბობ, ვინაიდან, მეც ავადმყოფი ვარ. ავადმყოფი, ოღონდ ცოტა უცნაური. უმრავლესობას თავი სრულიად ჯანმრთელად მიაჩნია, ის კი არა და, ისიც კი არ უწყის, რომ ავადმყოფ ქალაქში ცხოვრობს. მე კი ყველაფერი ეს ვიცი და ალბათ ამიტომაცაა, რომ სხვებზე მეტად ვიტანჯები. განსაკუთრებით მაშინ, როცა სარკეში ვიხედები და თვალის გუგებში საკუთარ გამოსახულებას ვათვალიერებ. ამას თითქმის ყოველდღიურად ვაკეთებ და სასოწარკვეთილი ვრწმუნდები, რომ მიუხედავად მთელი ჩემი ძალისხმევისა, გამოსახულება თანდათან სულ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, ზოგჯერ კი იკარგება და ვეღარაფერს ვამჩნევ… ასეთ დროს იხტიბარგატეხილი ვფიქრობ, რომ ავადმყოფობამ საბოლოოდ დამრია ხელი, თუმცა კი მეორე ან მესამე დღეს რაღაც გაურკვეველ კონტურებს ისევ აღმოვაჩენ ხოლმე მათში და კვლავ მიბრუნდება სიცოცხლის ის მცირეოდენი ჟინი, რომელიც სადღაც ჩემ შიგნით თურმე ჯერ კიდევ ბჟუტავს… რაც შეეხება სხვებს, ამ ბოლო დროს უკვე ვცდილობ, მათ საერთოდ არ გავუსწორო მზერა. თუ რატომ, ამას ქვემოთ აგიხსნით. მართალია, აქ ყველა ავადმყოფები არიან, მაგრამ ისიც ბუნებრივია, რომ ზოგიერთი მსუბუქადაა დაავადებული, ზოგი - სერიოზულად და ზოგი - განუკურნებლადაც კი. გარეგნულად მათი გარჩევა თითქმის შეუძლებელია, რადგან ყველაზე დასნეულებულებიც კი მხნედ გამოიყურებიან, თუმცა მე მაინც ვისწავლე, როგორ განვასხვავო ისინი ერთმანეთისგან - მათ თვალებში უნდა უყურო. თუ კი ადამიანი ჯერ მძიმედ არაა დაავადებული, მის გუგებში შეძლებ საკუთარი გამოსახულება დაინახო. რაც უფრო მეტად ერევა სენი, მით უფრო ამღვრეული უხდება მზერა და უფრო ჭირს მის თვალებში რაიმეს გარჩევა, მძიმე ავადმყოფებს კი თვალის კაკლები საერთოდ ეყინებათ, გუგები მქრქალი უხდებათ და ისინი უკვე არაფერს ირეკლავენ… ასეთები ქალაქში უმეტესობას წარმოადგენენ და რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება მათი რიცხვი. აი, სწორედ ამიტომაა, რომ ამ ბოლო დროს ვცდილობ, არ გავუსწორო ადამიანებს მზერა. ადრე ვიცოდი, მთელი დღე თუ ქალაქში ვიხეტიალებდი, ერთი-ორი კაცის თვალებში მაინც დავინახავდი საკუთარ სახეს და ეს ძალას მმატებდა. ახლა კი, მთელი კვირაც რომ ვიარო, შეიძება ერთიც ვერ ვნახო ასეთი… ალბათ, ამის გამოა, რომ თუ აუცილებელი არ არის, ბოლო ხანებში გარეთ აღარც გავდივარ - სახლში ვარ ჩაკეტილი და შემზარავ მარტოობაში ვიძირები; ეს მარტოობა კი მართლაც შემზარავია, რამეთუ ძნელი ასატანია, როცა აცნობიერებ, თუ როგორ განუკურნებელ სენს შეუპყრიხარ და როგორ ეჭიდება იგი თავისი ბინძური მარწუხებით მთელ შენს არსებას… მაგრამ როდესაც ქალაქში აღმოვჩნდები, მაშინვე იმდენი ამაზრზენი რამ შემეფეთება ხოლმე, რომ მარტოობა შვებად მეჩვენება და ისევ სახლისკენ მივიჩქარი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
არა იმიტომ, რომ მაღალი გალავნები აქვს შემოვლებული და არმიის შენაერთები ფხიზლად დგანან სადარაჯოზე, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ავადმყოფები ქალაქის საზღვრებს გარეთ არავის სჭირდება
-----
!!!!