დაკარგვა რის?


მე ადამი ვარ. 
ასე ერქვა პირველს და ასე მერქმევა მეც, უკანასკნელს.
მყვირალა, მწვანე, უხეში და არაბუნებრივი მატერიის ბალახზე ვზივარ,
ნიადაგის გათბობა გაზაფხულის ტემპერატურაზეა დაყენებული.
ახალი დაწყებული, 
თითქოს, 
სითბოს რომ ებღაუჭება.
მაჯაში ჩამონტაჟებული საათი ზუსტ დროს ვეღარ აჩვენებს, 
და საერთოდაც; ყველა ელექტრო მოწყობილობა მწყობრიდანაა გამოსული.
სიგარეტის ბოლო დარჩენილ ღერს ვიღებ და მოკიდებას ვფიქრობ.
საამურია ყველაფრის შეგრძნება, თუკი ის ბოლოა.
ჩემს თავზე ნეონის მოციმციმე ცე ციფრებად იფერფლება 
და მის შიგნით ჩნდება მარსისფერი ცა, 
მტვრით, ძლიერი რადიაციითა და მაღალი ტემპერატურით გაჭედილი.
ალისფერი სხივი დედამიწის მთავარი მცველის პლაზმას არღვევს, 
რომელიც დედამიწას იცავს ყოველგვარი დაბინძურებული სხივისგან.
როდესაც დედამიწის ტემპერატურის ნიშნულმა 50c მიაღწია,
მეცნიერებმა შექმნეს პლაზმა, რომელიც დედამიწას იზოლირებულ ნაჭუჭში აქცევდა,
ერთგვარი ბარიერი დაბინძურებული კოსმოსოსგან.
მის ქვემოთ ნეონის ცა დღე-ღამის, ღრუბლების, წვიმის, მზის მექანიკური კონტროლის ფუნქციით აღჭურვილი.
ყველაფერი ცოფრულია…
ხელოვნურად შექმნილი კლიმატი, ხელოვნური დღე-ღამე, თვე თუ სეზონი.
დედამიწა ჩაკეტილ სათამაშო სისტემად გადაიქცა.
“Openworld” 
სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა,
ყველაზე ძვირადღირებული ორგანო;
“Digital brain” - 
გარდაცვლილი ან დაზიანებული ტვინიდან
მახსოვრობის ნეირონების საშუალებითა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, 
98% აკოპირებს და ამსგავსებს ადამიანის ნამდვილ ორგანიზმს.
მე პირადად ელექტრო გული მაქვს,
ბავშვობიდან მაწუხებდა და როდესაც ეს პროცესი პრინციპში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, მეც შევიცვალე…
მარტო ვზივარ.
პირველი სხივი შემოიჭრა, პლასტმასით შენიღბულ, კარგად იმიტირებულ ჟანგბადის ფილტრიან ხეს დაეცა და წამებში დაადნო.
ჯიბიდან ლი-47 ვიღებ.
მან შეცვალა ყველანაირი ნარკოტიკი დედამიწაზე.
მას მერე, რაც საერთაშორისო გაერომ ნარკოტიკული თრობის საწინააღმდეგოდ ადამიანებში ჩიპების - ე.წ ფილტრების ჩამონტაჟება დაიწყო, რომელიც ბლოკავდა ყველანაირ დაუშვებელ პრეპარატს, 
ლი-47-ის მიღებისას, ყველანაირი თრობის ტიპი შეგეძლო შეგეგრძნო.
მხოლოდ შენს სურვილზე იყო დამოკიდებული; ძლიერი იქნებოდა, სუსტი, ჰალუცინაციური თუ მრავალი სხვაგვარი თრიფი.
ბოლოა…
გამეღიმა და გადავყლაპე.

ვხვდებოდი, როგორ 
მხდებოდი პირველყოფილი ადამიანი,
როგორ ტყდებოდა ჩემში ყველა ჩამონტაჟებული მაიდენტიფიცირებელ-მაკონტროლებელი, სახელმწიფოსადმი დანიშნული ალგორითმი.
ვგრძნობ; როგორ მიბრუნდება შეგრძნება ადამიანური საწყისი გრძნობების.
ირგვლივ პანიკაა გამეფებული,
ძლიერი სიცხე კი სახეს მიწვავს.
ჰალუცინაცია…

მე სანთელი ვარ
და შენი ოთახის კუთხეში ნაზად ვიღვენთები.
მცირე მბჟუტავი სინათლით ვცდილობ გაგინათო ამ სამყაროსავით ბნელი შენი ოთახი.
მინდოდა შენი ეკიპირების ნაწილი ვყოფილიყავი და მენათებინა შენი სულის ბნელი, გაუვალი ლაბირინთები.
ფირსაკრავი ვარ.
ნელ-ნელა ოთახი ჩემს გარშემო ტრიალს იწყებს.
წამით, ნემსის შეხების მცირე ტკივილი, პირველი ნოტი, პირველი აკორდი… 
და მეც კვლავ ვგალობ.

შენი ყელსაბამი ვარ.
მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი პირველად შენს ყელზე,
შემდეგ შენს გულში,
და საკუთარი ადგილიც ვიპოვე შენსავე ოთახის კედელზე. ჩემი პროგრამა კვლავ გამართულად მუშაობს და ყველა შენს თბილ მოგონებას ინახავს.

შენი ოთახის კედლები ვარ,
მრავალი საშიში ტატუთი, რომელთა მათგანის დამწერლობა დიდი ხანია გაქრა,
მაგრამ ვხედავ - როგორ გიცრემლდება თვალები მათი ყურებისას.
იმდენივე ნაპრალი მაქვს, რამდენიც შენს სულშია.

მე ცრემლი ვარ.
შენ იმ ერთეულ ადამიანთა შორის ხარ, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს ალგორითმებზე და ადამიანური გრძნობები შეინარჩუნეს.
ყველა შენს ტკივილს ვერკინები, ძლოერად ვიბღაუჭებ, ჰორიზონტისკენ მიმართულ თვალებს ვუახლოვდები და მათთან ერთად ვუჩინარდები შენს პრიალა კანზე…

მე ჰორიზონტი ვარ.
მოგონებებში ჩარჩენილი ბუნებრივი ჰორიზონტი,
რომელიც კანტად ჰყვება თავის ცხოვრებას.
ჰორიზონტი, რომლის ქვეშაც, ერთ დროს უკიდეგანო ზღვების და თვალწუვდენელი მთების პეიზაჟები ბინადრობდნენ…
აისის და დაისის მშობელი.

მე აისი ვარ.
სუსხიანი, გრილი ნიავით სავსე,
ჯადოსნური ფერებით, მზის პირველი სხივების მსტყორცნელი, გამეფებული ღამის სიბნელის მკვლელი.

მზის პირველი სხივი ვარ.
შენს გასათბობად მილიონობით კილომეტრს გამოვდივარ და შენი მუქი ლურჯი მანტიის ქვეშ ვიჭედები. ყოველთვის ვცდილობ, გავაღვიძო შენი მზის შუქის მიღმა ქვეცნობიერში დალექილი გრძნობები, რომელსაც შენი გული ძლიერად ინახავს.

მუქი ლურჯი მანტია ვარ
და ყველა შენს მოძრაობას ვერგები.
ბრძოლობ და გიცავ მომაკვდინებელი ტყვიებისგან.
ცეკვავ და რიტმულად ვტრიალებ შენს გარშემო.

დედამიწა ვარ.
და თითქოს, შენი ცეკვა იყოს ღერძი ჩემი,
რომლის გარშემოც ვტრიალებ.
იმედით სავსე გიყურებ უკანასკნელ მებრძოლ ნინძას.
*
ცისფერი ცა მთლიანად ჩამოიშალა
და ახლა ალისფერი ცა ბატონობს.
ნაფლეთებად ქცეული პლაზმა იქერცლება 
და დედამიწაზე ცეცხლის ზღვებად იწყებს გადაქცევას…
ჩემი ფიქრებიც პლანეტის ფერფლს უერთდება.

მე ღმერთი ვარ,
რომელიც ვტკბები შენი ყურებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი