სატვირთო ავტომანქანები


გიორგი ყურაშიძის ხსოვნას

დილით,
როდესაც ცხრას ათიოდე წუთი აკლია
იქ, საიდანაც დიდ ქალაქამდე
რჩება ათიოდე კილომეტრი,
დგანან მომლოდინე მანქანები
კარმოხურულ
და აბუზულ სასაუზმესთან.
დგანან მრავლისმომსწრე მანქანები,
დაორთქლილი ფანჯკრებისკენ იყურებიან
და ეტყობათ უგუნებობა,
დღე ნაადრევად რაკი დაიწყეს.
იგივეა მათი საგზალი;
იგივეა მათი გარეგნობაც _
მტვერი,
შემხმარი ტალახი და
ბენზინის სუნი;
კაბინებში კი _ საგზაო ფურცლები
და პიკანტური სურათები _ ჟურნალებიდან.
დგანან შოფრების მომლოდინე
მანქანები და შოფრებივით ლაპარაკობენ:
თავიანთ გზებსა და პატრონებზე;
თავიანთ ტვირთსა და დაღლილობაზე;
ხიფათებზე, ქალებსა და მოსალოდნელზე...
შოფრებივით იცინიან და
შოფრებივით იგინებიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი